პედრო როდრიგესი: მოურინიო ჩემი ლონდონში გადმოსვლის მთავარი მიზეზია

AutoSharing Option
"ჩელსის" ახალი შემტევი სჭირდებოდა და ლონდონელებმა არჩევანი 28 წლის პედრო როდრიგესზე შეაჩერეს.

როგორც ესპანელის დებიუტმა გამოაჩინა, არც შემცდარან... პედრომ "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" 3:2 მოგებულ თამაშში გოლს პლუს პასი მიითვალა და ფანების გული მაშინვე მოიგო. ჩვენ კი პედროს პირველ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც მას "ჩელსის" ფეხბურთელის რანგში ჩამოართვეს.

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილება ახალ გუნდზე?
- აქ დიდებული ატმოსფეროა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ: პირობებით, ახალი თანაგუნდელებით, რომლებიც ძალიან თბილად შემხვდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ "ჩელსიში" გადმოვედი.

- ვარჯიშზე რას გვეტყვით, რაიმე
სიახლე თუ შენიშნეთ?
- ძალიან დატვირთული ვარჯიშებია. ფიზიკურ მზადყოფნაზე დიდი აქცენტი კეთდება. კარგ ფორმაში ვარ და, როდესაც მწვრთნელი შანსს მომცემს, მზად ვარ, მინდორზე გავიდე და მისი დავალებები შევასრულო. მოგეხსენებათ, "ბარსელონას" რიგებში უკვე ვითამაშე, სანამ აქ გადმოვიდოდი.

- ჟოზე მოურინიო როგორ შეგხვდათ?
- იგი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ კარიერის "ჩელსიში" გაგრძელება გადავწყვიტე. მან რამდენჯერმე დამირეკა და მითხრა, რომ შემადგენლობისა და შეტევის გაძლიერება სურდა. მოურინიომ დაინტერესება გამოიჩინა და ამან ძალიან გამახარა. მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული და იმედი მაქვს, კიდევ მოიგებს, რაშიც მეც დავეხმარები.

- "ჩელსის" წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშიათ, მაგალითად, 2009 და 2012 წლებში. "სტემფორდ ბრიჯზე" სტუმრობას როგორ გაიხსენებთ?
- ეს ძალიან რთული მატჩები იყო, ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრები, რომლებიც კარგად მაგონდება. ფანები არ ჩერდებოდნენ და მხურვალედ გულშემატკივრობდნენ საყვარელ გუნდს. ისინი ყოველთვის "ჩელსის" გვერდით არიან და ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. ახლა ამას, როგორც "ლურჯების" მოთამაშე, ისე გამოვცდი და ვისიამოვნებ.

- ამიერიდან სესკ ფაბრეგასთან ერთად ითამაშებთ, რომელიც ასევე ექსბარსელონელი და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია. "ჩელსიში" გადასვლამდე თუ გაესაუბრეთ მას?
- დიახ, სესკს ველაპარაკე. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ვიცი, აქ თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სახლში და ამანაც მიბიძგა იმისკენ, რომ "ჩელსიში" გადმოსვლა გადამეწყვიტა. ფაბრეგასი დიდებული ფეხბურთელია, საუცხოო ხედვა აქვს და ნებისმიერ თავდამსხმელთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა. ვიცი, რომ მინდორზე ერთმანეთს მშვენივრად გავუგებთ და დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ხოლმე მასთან ერთად. ასევე, დიეგო კოშტასთან და სეზარ ასპილიკუეტასთან ერთად მაქვს ნაკრებში ნათამაშები და შესაბამისად, "ჩელსიში" თავს უკვე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- რა თვისებები გაქვთ ისეთი, რომლითაც გუნდს გააძლიერებთ?
- ძალიან სწრაფი ვარ. გავაკეთებ ყველაფერს, რომ ხშირად მოვიგოთ. მუდამ ბოლომდე ვიბრძვი. "ბარსელონას" ტიტულების მოგებაში ვეხმარებოდი და "ლურჯებშიც" იმავეს გაკეთებას ვაპირებ. გუნდის ყველა ფეხბურთელს იგივე მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი გამარჯვება და ტიტულების მოპოვება.

- მრავალმხრივი ფეხბურთელი ხართ, მაგრამ შეტევაში რომელიმე კონკრეტული პოზიცია თუ არის, სადაც თავს ყველაზე კარგად გრძნობთ?
- სადაც მწვრთნელს ვჭირდები, იქ. ზოგჯერ მარჯვნივ ვთამაშობ, ზოგჯერ მარცხნივ, მაგრამ სადაც უნდა ვიყო, ბოლომდე ვიხარჯები.

- თქვენ უკვე უამრავი ტიტული გაქვთ მოხვეჭილი, მაგრამ აღნიშნეთ, რომ კიდევ გწყურიათ გამარჯვება. წარმატებების განსხვავებულ საფეხბურთო ჩემპიონატში მიღწევისა და ახალი კულტურის შეცნობის სურვილიც ხომ არ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ჩელსი" აირჩიეთ?
- ნამდვილად. პრემიერლიგის ძალიან ბევრი თამაში მაქვს ნანახი და ის ესპანური ფეხბურთისგან განსხვავდება. ინგლისში გაცილებით მაღალი ტემპია, მთავარი სხვაობა ეს არის. მინდა, სიამოვნება მივიღო ამ შესანიშნავ ჩემპიონატსა და გუნდში თამაშით. ეს ჩემთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული