"არსენალი"-"ლივერპულის" გამოხმაურება: უგოლო, მაგრამ გემრიელი

AutoSharing Option
AUTO PLAY
იშვიათია, უგოლო მატჩი ისეთი კარგი სანახავი იყოს, როგორიც "არსენალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება გახლდათ. სხვაგვარადაც შეგვიძლია თქმა - ძალიან იშვიათია, გუნდებმა ამდენი მომენტი შექმნან და გოლები ვერ გაიტანონ.

"ემირატებზე" ტემპიანი და "გემრიელი" შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც რამდენიმე ნაწილად დაიყო. დასაწყისში "არსენალმა" იაქტიურა და გოლიც კი გაიტანა - სანტი კასორლას საუცხოო პასის მერე აარონ რემზიმ შეაგდო.

თუმცა რომელიმე ცნობილი ადამიანი გარდაცვალებას გადაურჩა (როგორც იცით, ადრე უელსელის გოლი მსოფლიოში ცნობილი პიროვნების სიკვდილს ემთხვეოდა), რადგან ლაინსმენმა უელსელის გოლი თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით გააუქმა. გამეორებაზე კი გამოჩნდა,
რომ ოფსაიდი არ იყო.

როგორც აღვნიშნეთ, უქმად არც "ლივერპული" გახლდათ და მხოლოდ ფილიპე კოუტინიო ორჯერ გახლდათ ახლოს მიზანთან, მან ჯერ ხარიხას გაარტყა, მერე კი ძელს. მეორე ეპიზოდი უფრო გამოსარჩევია, რადგან ბრაზილიელმა ისეთი რაღაც გაუკეთა ბელერინს, რომ ამნეზია დამართა - ესპანელს დაავიწყდა, ვინ იყო, სად იყო, რატომ იყო იქ და ბურთი საერთოდ ვერ დაინახა, სად წავიდა.

ბურთი კი შორეული კუთხისკენ იჭრებოდა, მაგრამ პეტრ ჩეხი მას თითის წვერებით შეეხო, სულ ოდნავ უცვალა მიმართულება და ეს საკმარისი გამოდგა, რომ გუნდი გადაერჩინა. ვეტერანმა გოლკიპერმა კიდევ ერთი არაამქვეყნიური "სეივი" გააკეთა, როდესაც რობერტო ფირმინოს გადაცემის მერე გოლი გარდაუვალი ჩანდა, თვით კრისტიან ბენტეკე ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ჩეხმა როგორღაც მოიგერია.

დაცვის ცენტრში ორი ძირითადი მცველის, ლორენ კოშელნისა და პერ მერტეზაკერის გარეშე მყოფმა "მეთოფეებმა" როგორღაც გამოასწორეს თამაში და მეორე ტაიმში ჩეხს იშვიათად თუ აწუხებდნენ. სამაგიეროდ, სიმონ მინოლეს მოემატა საქმე. ბელგიელმა ერთი-ორჯერ დამაჯერებლად ითამაშა, ერთხელ უყურადღებოდ, ერთხელაც ალექსის სანჩესმა ბურთი ძელს გაარტყა.

მომენტები ჰქონდა ოლივიე ჟირუსაც და ერთხელ მარტინ შკრტელმა კინაღამ მორიგი ავტოგოლი შემოგვთავაზა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ გუნდი გადაარჩინა. ასეა თუ ისე, კლუბები ფრეზე შეჯერდნენ. ეს შედეგი უფრო მაინც "ლივერპულს" აძლევდა ხელს. ბრენდან როჯერსმა უკვე 7 ქულას მოუყარა თავი.

არსენ ვენგერს კი ეს შეხვედრა, სულ ცოტა, არ უნდა დაეთმო, რადგან შინ ისედაც წაგებული ჰქონდა პირველი ტურის შეხვედრა და ტურნირი ისედაც მძიმედ დაიწყო. არც წააგო, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი ჩვენზე უკეთ ხვდება, რომ მოგება გაცილებით საჭირო და სასურველი გახლდათ, რადგან 3 ტურში 4 ქულა, ვენგერის "საყვარელი" "ჩელსის" თავკაცის თქმის არ იყოს, ბევრი არ არის, "არსენალისთვის" ცოტაა.

"პირველ ტაიმში დაცვაში ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში ესეც გამოვასწორეთ. მომენტები მრავლად შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ. შანსები მეტოქესაც ექმნებოდა, მაგრამ არის ერთი განსხვავება - ჩვენ ერთხელ გატანა შევძელით, გოლი წესების დაცვით გავიდა და ის მსაჯებმა გააუქმეს. მოსწონს ვინმეს ეს თუ არა, ფაქტია. ამასთან ვერაფერს გავხდებით" - თქვა ვენგერმა.

"ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში პეტრ ჩეხი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. მეორე ნახევარშიც, როდესაც წინ მივდიოდით, მუდამ ხიფათს ვქმნიდით. ბიჭებმა მშვენივრად იმუშავეს და კმაყოფილი ვარ" - ეს კი როჯერსის სიტყვებია.

მისტერ ბრენდანი მართალია, ჩეხი პირველი ტაიმის საუკეთესო ფეხბურთელიც გახლდათ და მთლიანად მატჩისაც, მიუხედავად "არსენალის" აქტიურობისა და უკაპიტნოდ, ჯორდან ჰენდერსონის გარეშე მოთამაშე "ლივერპულის" კონკრეტული ფეხბურთელების მცდელობებისა. საუკეთესოდ მაინც ჩეხი დასახელდა, ორი არაამქვეყნიური "სეივის" გამო. მას ასეთი მატჩი პირველ ტურში დაშვებული შეცდომების მერე ნამდვილად სჭირდებოდა.

პეტრ ჩეხი: "ძალიან მწყდება გული, რომ სამი ქულა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ თამაშით ვისიამოვნე, გიჟური მატჩი იყო. შეიძლებოდა მოგვეგო, შეიძლებოდა წაგვეგო. თუმცა გოლი გავიტანეთ, რომელიც უნდა ჩათვლილიყო და ეს ბევრ რამეს შეცვლიდა".

"ძალიან სოლიდურად გამოვიყურებოდით და კარი ისევ "მშრალად" შევინახეთ. ერთადერთი გოლის გატანა ვერ შევძელით, მაგრამ მომენტები გვქონდა. ჩვენი ფანები კი კვლავაც შეუდარებლები იყვნენ" - დაწერა ნათანიელ კლაინმა სოციალურ ქსელში.

სტატისტიკა
* ბოლოს ისეთი რამ, რომ "არსენალის" დაცვის ცენტრში არც კოშელნის ეთამაშოს და არც მერტეზაკერს, 2012 წლის აპრილში მოხდა.

* "ლივერპული" გახდა მეხუთე გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც 3 ან მეტი ბრაზილიელი მოხვდა - "მეთოფეებთან" მატჩის სასტარტოში ლუკასი, ფირმინო და კოუტინიო იყვნენ. აქამდე ასეთი რამ "ჩელსის", "არსენალს", "მიდლსბროსა" და "სიტის" აქვთ გაკეთებული.

* "ჩელსის" რიგებში "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში პეტრ ჩეხს კარი "მშრალად" სულ ერთხელ ჰქონდა შენახული.

* ჩეხი მალე დევიდ ჯეიმსის რეკორდს გააუმჯობესებს. პრემიერლიგაში მან კარი "მშრალად" 169 შეხვედრაში შეინახა. თანაც, ეს 335 მატჩიდან. აი, ჯეიმსმა კი 572 თამაშიდან 170-ში არ გაუშვა.

* "ლივერპულს" "არსენალთან" მატჩში ბურთის ფლობა სულ 34% ჰქონდა, რაც როჯერსის პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

* "მეთოფეებმა" პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 6 საშინაო შესვედრიდან 5-ში გოლი ვერ გაიტანეს.

* 1979 წლის აგვისტოს მერე პირველად მოხდა, რომ "არსენალმა" ჩემპიონატის პირველ ორ საშინაო შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული