ადვოკაატის ულტიმატუმი: გუნდი გააძლიერეთ, თორემ წავალ

AutoSharing Option
"სანდერლენდმა" ლიგის თასის მეორე ეტაპზე "მეორე ლიგის" ბინადარ "ექსეტერს" 6:3 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც "შავი კატებისთვის" სამწუხაროდ, მათი მეტოქე "მანჩესტერ სიტი" იქნება. "სიტი" ინგლისის მასშტაბით ჯერჯერობით, ყველაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, აი, "სანდერლენდი" კი - პირიქით.

"ექსეტერთან" შეხვედრაც "ლაითის" ბინადრების პრობლემებზე მეტყველებს - მეორელიგელი გუნდისგან 3 გოლის გაშვება სახუმარო ამბავი არ არის. ამას ჩემპიონატის სამ შეხვერაში გაშვებული 8 ბურთიც ემატება და... სწორედ ამიტომ ამბობს დიკ ადვოკაატი, შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება, განსაკუთრებით, დაცვის და ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებლად უნდა მოვასწროთო.

"სუონსისთან" მატჩს კიდევ არა უშავდა და "სანდერლენდმა" ჯერმინ დეფოს წყალობით ქულაც აიღო, მაგრამ იქ რომ "თეთრ გედებს" თავიანთი მომენტები გამოეყენებინათ და 0:1-ზე ერთი გოლი მაინც მიემატებინათ, ალბათ, ყველაფერი დამთავრდებოდა.

სწორედ დეფომ გაიბრწყინა "ექსეტერთანაც", მან ჰეთ თრიკი შეასრულა. პრემიერლიგაში კი უელსური გუნდის კარში გატანილი გოლი მისთვის 130-ე გახლდათ. დუბლი გაახერხა ჯეკ როდუელმა, რომელიც შემართული ჩანს.

ერთი ბურთიც ექსეტერელებს 21 წლის დანკან უოტომორმა გაუტანა, რომელმაც უკვე პრემიერლიგაშიც მოასწრო თავის გამოჩენა და ადვოკაატი, ალბათ, კიდევ მისცემს შანსს.

აქტიურია ჯერმეინ ლენსი, არის სტივენ ფლეტჩერი... მოკლედ, თავდასხმას რამე ეშველება. აი, დაცვა კი... "ექსეტერს" "სანდერლენდი" ჯერ 2:0-ს უგებდა, მერე 3:2-ს, ხოლო 4:3 ანგარიში 78-ე წუთამდე გახლდათ და ფანებმაც გვარიანად ინერვიულეს. ერთი სიტყვით, ადვოკაატის ულტიმატუმი ძალაში რჩება - ან შემადგენლობა გამიძლიერეთ, ან წავალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული