"ექსეტერთან" შეხვედრაც "ლაითის" ბინადრების პრობლემებზე მეტყველებს - მეორელიგელი გუნდისგან 3 გოლის გაშვება სახუმარო ამბავი არ არის. ამას ჩემპიონატის სამ შეხვერაში გაშვებული 8 ბურთიც ემატება და... სწორედ ამიტომ ამბობს დიკ ადვოკაატი, შემადგენლობის გაძლიერება გვჭირდება, განსაკუთრებით, დაცვის და ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებლად უნდა მოვასწროთო.
სწორედ დეფომ გაიბრწყინა "ექსეტერთანაც", მან ჰეთ თრიკი შეასრულა. პრემიერლიგაში კი უელსური გუნდის კარში გატანილი გოლი მისთვის 130-ე გახლდათ. დუბლი გაახერხა ჯეკ როდუელმა, რომელიც შემართული ჩანს.
ერთი ბურთიც ექსეტერელებს 21 წლის დანკან უოტომორმა გაუტანა, რომელმაც უკვე პრემიერლიგაშიც მოასწრო თავის გამოჩენა და ადვოკაატი, ალბათ, კიდევ მისცემს შანსს.
აქტიურია ჯერმეინ ლენსი, არის სტივენ ფლეტჩერი... მოკლედ, თავდასხმას რამე ეშველება. აი, დაცვა კი... "ექსეტერს" "სანდერლენდი" ჯერ 2:0-ს უგებდა, მერე 3:2-ს, ხოლო 4:3 ანგარიში 78-ე წუთამდე გახლდათ და ფანებმაც გვარიანად ინერვიულეს. ერთი სიტყვით, ადვოკაატის ულტიმატუმი ძალაში რჩება - ან შემადგენლობა გამიძლიერეთ, ან წავალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"