საიდო ბერაჰინო: "ვესტ ბრომვიჩში" აღარ ვითამაშებ!

AutoSharing Option
საიდო ბერაჰინო გაცოფებულია. ბურუნდის დედაქალაქ ბუჟუმბურაში დაბადებულ ინგლისელს, რომელიც "ვესტ ბრომვიჩის" აღზრდილია, "ალბიონიდან" წასვლა უნდოდა, თუმცა იგი არ გაუშვეს. ნაწყენმა და გაბრაზებულმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პირდაპირ მიმართა კლუბის მმართველს, ჯერემი პისს და აღნიშნა - "ვესტ ბრომვიჩში" აღარასდროს ვითამაშებო.

როგორც იცით, საიდოს მთავარი მსურველი "ტოტენჰემი" გახლდათ, რომელმაც გავრცელებული ცნობებით, ბოლო მომენტში ორჯერ მიმართა "ვესტ ბრომვიჩს" და უარი მიიღო.

"ვწუხვარ, რომ ამაზე წერა მიწევს და გუნდმა ასეთი პირობები შემიქმნა. ჩემზე ზეწოლას ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ ახლა ოფიციალურად ვაცხადებ, რომ აღარასდროს ვითამაშებ" - დაწერა
ცხელ გულზე ბერაჰინომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ.

22 წლის თავდამსხმელი უკვე შეხვდა მწვრთნელ ტონი პულისსა და "ვესტ ბრომვიჩის" რამდენიმე ჩინოვნიკს. მხარეები, რასაკვირველია, მომავალსა და გამოსავალზე ისაუბრებდნენ. თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ მოუწევთ შეხვედრა. სანაკრებო პაუზის გამო მომავალ ტურამდე დროა და იქამდე "ალბიონს" ეიმედება, რომ ყველაფერი მოგვარდება. იქნებ ბერაჰინოც დაცხრეს, მაგრამ მისი განწყობა სერიოზულია.

სპეციალური განცხადება გააკეთა ჯერემი პისმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბერაჰინო შეცდომაშია შეყვანილი. მასზე მუდმივად ცდილობდნენ ზეგავლენის მოხდენას და რეალურად, "ალბიონს" ნორმალური შეთავაზება არც მიუღია. მისი თქმით, "ტოტენჰემის" მმართველს, დენიელ ლევის ჯერ კიდევ აგვისტოს შუაში განუცხადა, რომ "ვესტ ბრომვიჩის" გეგმებში ბერაჰინოს გაყიდვა არ შედიოდა:

"დეზები", იცოდნენ რა თავად ფეხბურთელის სურვილის შესახებ, ცდილობდნენ, სიტუაციით ესარგებლათ და ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, მცდელობებს მაინც აგრძელებდნენ და თანაც, ისეთი თანხა შემოგვთავაზეს, რომ ასე იაფად ბერაჰინოს გაყიდვა გამორიცხული იყო".

ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ამბობენ, რომ "ტოტენჰემის" უკანასკნელი წინადადება ასეთი იყო - 22,5 მილიონ გირვანქას გადავიხდით, ოღონდ ეტაპობრივად, 5 წლის განმავლობაშიო.

გასაგებია, რომ კლუბის უფროსობას და მთავარ მწვრთნელს, ტონი პულისს წამყვანი მოთამაშის გაშვება არ სურდათ და შეთავაზებული თანხაც ეცოტავებოდათ. თუმცა ახლა როგორმე ბერაჰინოს გული ისევ უნდა მოიგონ. ისინი ერთგვარ ჩიხში არიან შესულნი, რადგან მაქსიმუმ, ფეხბურთელი რაღაც პერიოდით მოკვეთონ გუნდიდან, მაშინ, როცა საიდოს თქმით, თავადაც არ აპირებს თამაშს.

ასევე, რამდენიმე კვირის ხელფასი დაუქვითონ უდისციპლინობისა და ინფორმაციის გასაჯაროების გამო. თუმცა ამით ბერაჰინო შესაძლოა, კიდევ უფრო გააბრაზონ და მერე უარესად იზარალონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული