ჯონ სტოუნსი - "ჩელსის" ოცნება და ინგლისური ფეხბურთის მომავალი

AutoSharing Option
2013 წლის ზამთრის სატრანსფერო პაუზის ბოლო დღე მაინცდამაინც, მხიარული არ იყო. მეტიც, ბევრი მას დღემდე ძალიან მოსაწყენად მიიჩნევს. ასე ნამდვილად არ ფიქრობს ჯონ სტოუნსი. მისთვის ეს დღე მართლაც რომ განსაკუთრებული და დაუვიწყარია.

წვრთნა მორჩა თუ არა, "ბარნსლის" ახალგაზრდა მცველი პარტნიორებს დაემშვიდობა და გასწია ადგილისაკენ, სადაც მანქანა ჰყავდა გაჩერებული. ეს დამშვიდობება იყო, თუმცა მაინცდამაინც მტკივნეული არ ყოფილა ბევრისათვის. ორმა განიცადა. მწვრთნელმა დევიდ ფლიტკროფტმა ფეხბურთელს ხელი მხარზე დაატყა, დენი როუზმა კი ერთი ძველი ანეგდოტი გაიხსენა.

ეს გასაკვირი არ ყოფილა. სტოუნსმა სულ ხუთი
თვე გაატარა "ბარნსლიში". მხოლოდ როუზს დაუმეგობრდა. ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. ისინი ერთად თამაშობენ გოლფს და ყოველდღე ეხმაურებიან ერთმანეთს. ფლიტკროფტმა კი მისი ფასი იცოდა.

იორკშირელი ბიჭის კარიერაში პირველი კლუბი მშობლიური "ბარნსლი" იყო. დასაწყისი მშვენიერი გამოდგა. ინგლისის თასზე სტოუნსმა თავით ულამაზესი გოლი შეუგდო "როჩდეილს", არადა, იმ შეხვედრაში ჯონი მისთვის უჩვეულო, მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

ეს იყო ჯონის პირველი მატჩი დიდ ფეხბურთში. დასაწყისი მართლაც ზღაპარს ჰგავდა. გოლის შემდეგ სტოუნსმა ხელები ჰაერში აღმართა და იმ ტრიბუნისაკენ გაექანა, სადაც მამამისი პიტერი და დედამისი ჯანეტი ისხდნენ.

რამდენიმე დღეში შეფილდში სტოუნსმა პირველად მოირგო ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მაისურა. მაშინ ამ გუნდის დამრიგებელი როი ჰოჯსონი გახლდათ. სათადარიგოები იყვნენ კეინი, ბერაჰინო, ბარკლი... სტოუნსმა კი თამაში სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო. სტერლინგმა, შელვიმ და სხვებმა შოტლანდიელებს გოლები არ დაამადლეს. ჯონი კვლავ მარჯვენა მცველად მოგვევლინა.

გადის ხუთი თვე და სტოუნსს "ბარნსლის" შეფობამ უთხრა: "ჩვენ მოვილაპარაკეთ "უიგანთან". უნდა წახვიდე". სტოუნსი წავიდა. გზაში მას ერთხელაც დაურეკეს "ბარნსლიდან". "გააჩერე და ჩამოდი. "ევერტონი" მეტს იხდის შენში და უკეთესი იქნება, თუ დაფიქრდები"...

ჯონი ჭკუას მშობლებს დაეკითხა. მათ ლივერპულურ კლუბში გადასვლა ურჩიეს. მაშინ იქ დევიდ მოიესი მუშაობდა. ახალგაზრდების დიდი მოამაგე. "უიგანის" მწვრთნელი რობერტო მარტინესი გაბრაზდა, მაგრამ რას იზამდა - არსებულ ვითარებას შეეგუა.

"ბარნსლის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ფლიტკროფტი დადარდიანდა. როცა სტოუნსი წავიდა, მას ჰკითხეს, რომელი ფეხბურთელით შეიძლებოდა პერსპექტიული მოთამაშის შეცვლა. ფლიტკროფტმა უპასუხა: "ჩემი აზრით, ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა მცველი უბრალოდ შეუცვლელია".

სტოუნსი ძალიან წყნარია. მას თავისუფლად შეგვიძლია, "ბოტანიკოსი" ვუწოდოთ. ამით ის არ ჰგავს სხვა ინგლისელ ვარსკვლავებს. სკოლაში ფეხბურთის გარდა თამაშობდა რაგბის და დარბოდა. ის შვებულებას ყოველთვის შინ ატარებს. ან გოლფით იქცევდა თავს ზემოთხსენებულ როუზთან.

სტოუნსი ბარნსლიში დაიბადა მაშინ, როცა "მანჩესტერის" ლეგენდარულმა კაპიტანმა სტივ ბრიუსმა ინგლისის თასი აღმართა. ჯონი 5 წლის იყო, როცა ფერგის "იუნაიტედმა" ორი დუბლი კიდევ მოასწრო და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

ახალგაზრდა უკანახაზელმა "ევერტონში" ეგრევე იგრძნო ნდობა. ტრანსფერიდან კვირანახევარში სტოუნსი უკვე პრემიერლიგური მატჩის განაცხადში მოხვდა, რაც მიღწევა იყო. აქვე ვთქვათ, რომ "ბარნსლიმ" ფეხბურთელის სანაცვლოდ 3 მილიონი გირვანქა მიიღო.

სხვათა შორის, ჩვენი წერილის გმირი პირველად განაცხადში "მანჩესტერთან" შეხვედრაში მოხვდა, თუმცა "ოლდ ტრფორდზე" 90 წუთის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ჯონს არ უდარდია - მას სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში.

სიტუაცია მალე შეიცვალა. ჯონი "ევერონის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს. ეს მის გეგმებში არ შედიოდა. სტოუნსი "ევერტონში" თავისი მონაცემების გასავითარებლად მივიდა და არა ახალგაზრდებში სათამაშოდ.

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფეხბურთელის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი რობერტო მარტინესი მივიდა "ევერტონში". წინასასეზონო პერიოდში "ევერტონი" ამხანაგურ შეხვედრაში "იუვენტუსს" დაუპირისპირდა. პენალტების სერია. ანგარიშია 4:4. ბურთთან მიდის სტოუნსი. ის მარტინესს უყურებს და იღიმება. მწვრთნელი ხვდება - ჯონს იმ ფოკუსის შესრულება მოუნდა, რომელიც ვარჯიშზე გამოიყენა. მარტინესმა საბოლოოდ განსაზღვრა ფეხბურთელის ამპლუა - ცენტრალური მცველი. მანამდე კი...

სტოუნსს ულამაზესი გოლი გააქვს. მარტინესს ახალგაზრდის სითამამე ძალიან მოსწონს. ჯონი ძირითად გუნდს დაუბრუნდა. მაშინ "ევერტონის" დაცვაში დიდი კონკურენცია იყო. სტოუნსი ჯერ ეპიზოდურად ჩნდებოდა ძირითადში, მერე კი გაუშინაურდა სასტარტო თერთმეტეულს.

"ის დიდი ფეხბურთელი იქნება. არ ველოდი, თუ ამ ასაკში ასეთ დონეზე გავიდოდა. ეს სასწაულია. ნებისმიერი შეცდომა ამ ბიჭს უფრო ბრძენსა და თავდაჯერებულს ხდის." - თქვა შეგირდზე მარტინესმა.

ძირითადი უკვე კანონზომიერება გახდა. სტოუნზმა ევროპალიგაზეც ითამაშა. მისი გარჯა დღითიდღე მიმზიდველი ხდება. ჩვენს გმირს არ უყვარს გრძელი გადაცემები.

"უნდა ვაღიარო, რომ მე არ მიყვარს ტრადიციული, გრძელი პასები. ბავშვობაში მაგარ გუნდში ვთამაშობდი. მას "ბარსელონას" ეძახდნენ იმის გამო, რომ სულ მოკლე პასებით და კომბინაციურად თამაშობდა. მე ასეთი ფეხბურთი მიყვარს." - ამბობს სტოუნსი.

ამ ზაფხულს ჯონი ლამის ყველაზე მსუყე სატრანსფერო ლუკმა იყო. "ჩელსი" მის სანაცვლოდ 35 მილიონ გირვანქას იხდიდა, "ევერტონმა" გაძლო. საკითხავია, როდემდე.

წლეულს იანვრის ბოლო დღე მოსაწყენი არ უნდა იყოს. დაველოდთ.

დოსიე
ჯონ სტოუნსი
დაიბადა: 1994 წ. ბარნსლი (ინგ)
პოზიცია: ცენტრალური მცველი
კარიერა: 2011-13 - ბარსნლი; 2013-დან ევერტონი
ინგლისის ნაკრები: 6 თამაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული