- იურგენ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ლივერპულში"...
- დიდი მადლობა.
- როგორ გრძნობთ თავს?
- დიდებულად! სხვა სიტყვა არ მაქვს. გიჟური დღე იყო, გერმანიაშიც და ინგლისში ჩამოფრენისასაც. ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვარ, შესანიშნავი შეგრძნებაა. ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. აქ ოჯახთან ერთად ვარ, ერთი შვილის
- რამ მიგიზიდათ "ლივერპულში"?
- ყველაფერმა, რაც წაკითხული და მოსმენილი მქონდა. ბევრი თამაში არ მინახავს, მაგრამ რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ნანახი მაქვს და ამ კლუბმა მალევე მიმიზიდა. ფეხბურთი მიყვარს და ინგლისში მუშაობაზე მუდამ ვფიქრობდი, რადგან აქაური ტემპი და ინტენსიურობა მხიბლავდა.
"ლივერპული" კი თავისი სტილითა და ისტორიით ყოველთვის ჩემი პირველი არჩევანი გახლდათ. ახლა ოცნება ამიხდა და "ენფილდზე" მუშაობის შესაძლებლობა მაქვს. ამაზე უკეთეს სიტუაციას ვერ წარმოვიდგენდი.
- გადაწყვეტილება მარტივად მიიღეთ?
- ეს არ იყო ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება. "დორტმუნდთან" კონტრაქტი 4 თვის წინ დამიმთავრდა და მინდოდა, ყველაფერი შემეფასებინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში მოხდა. 4 თვე საკმარისი დრო იყო დასვენებისა და სიტუაციის გაანალიზებისთვის. "ლივერპულის" უფროსობას თავისი გეგმები და ოცნებები აქვს, მე კი - ჩემი და ჩვენი აზრები ერთმანეთისგან შორს არ გახლავთ. ასე რომ, აქ მოსვლისკენ ნაბიჯის გადადგმა არ გამჭირვებია.
- ყველამ ვიცოდით, რომ პაუზას გეგმავდით. რა ისწავლეთ ამ პერიოდში?
- ძალიან ბევრი რამ. პირველი 4 კვირა, უბრალოდ, ვისვენებდი და ეს მჭირდებოდა, რადგან იქამდე, როგორც მწვრთნელი, 15 წელიწადი გადაბმულად ვმუშაობდი. საქმე ყოველთვის ბევრი იყო, სეზონის დაწყებიდან ბოლომდე და მეც ბოლომდე ვიხარჯებოდი ხოლმე.
დასვენების პერიოდში კი საკმაოდ დიდი თავისუფალი დრო მქონდა და ფეხბურთზე მშვიდად შემეძლო ლაპარაკი ბევრ ჭკვიან და სასიამოვნო ადამიანთან; ასევე - სხვა თემებზეც. მოვდუნდი და ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ საქმეში დასაბრუნებლად ბოლომდე მზად ვიყავი.
ამ 15 წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე და უშუალოდ "დორტმუნდში" 6 ჩინებული სეზონი გავატარე. მართალია, ბოლო სეზონი რთული გამოვიდა, მაგრამ მთლიანობაში ეს დაუვიწყარი წლები გახლდათ. უბრალოდ, მივხვდი და გადავწყვიტე, რომ რაღაც ახლის დრო იყო, და აი, აქ ვარ.
- "ენფილდზე" ვისაუბროთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეს სტადიონი თქვენს სახლად უნდა იქცეს და აქაურ ფანებს თავი უნდა შეაყვაროთ?
- ჩემი ინგლისური იმდენად კარგი არ არის, რომ ყველაფერი ზუსტად და კარგად გადმოვცე, რასაც ახლა ვფიქრობ.
ეს კითხვა რამდენიმე თვეში უნდა დამისვათ. თუმცა ცხადია, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აღელვებული და შემართული ვარ. ერთი სული მაქვს, პირველ მატჩებს როდის ჩავატარებთ, რომ ეს ატმოსფერო შევიგრძნო და გემო გავუსინჯო. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რომ საუკეთესო შედეგები გვქონდეს. მახსოვს, როდესაც ერთი წლის წინათ აქ "დორტმუნდთან" ერთად ჩამოვედი და სტუმარი გუნდის გასახდელში აღმოვჩნდი, საოცარი შეგრძნება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
აქ დიდებული, განსაკუთრებული ატმოსფეროა. "დორტმუნდის" "სიგნალ იდუნა პარკი" ასევე უნიკალური ადგილია და "მაინცის" სტადიონზეც დიდებულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ "ენფილდი" ყველაზე ისტორიული ადგილია. არ ვიცი ზუსტად, რას ვიგრძნობ პირველი თამაშისას, მაგრამ ვიცი, რომ შესანიშნავი შეგრძნება იქნება.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფანებთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბება?
- მე ფეხბურთი მესმის და ხალხისაც მესმის. თუ ვინმესთვის ფეხბურთი დიდად მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვითამაშოთ, მაგრამ ეს თამაში სწორედ იმიტომაა განსაკუთრებული, რომ ფანებს მეტი უნდათ. მე ეს ვიცი, ამას ვგრძნობ და ამიტომ, მთავარია, გულშემატკივრებმა თავი უკეთ იგრძნონ და ბედნიერები იყვნენ.
ფეხბურთი არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ექიმები არ ვართ და სიკვდილისგან ვერავის ვიხსნით, მაგრამ 90 წუთით ყველა პრობლემას ვავიწყებთ, ჩვენი მიზანი ეს უნდა იყოს.
გარდა ამისა, ისე უნდა ვითამაშოთ, რომ ქომაგები შემდეგი დღეები მატჩზე ლაპარაკობდნენ და მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ელოდნენ. მწვრთნელი რომ არ ვიყო, სწორედ ასეთ ცხოვრებას ვისურვებდი, ერთ-ერთი გულშემატკივრის რანგში.
ეს თამაში ძალიან მიყვარს და სწორედ ამიტომაა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფანებთან ახლოს ყოფნა. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ გამოდის, რადგან მწვრთნელს თავისი საქმე აქვს და ამის დრო და საშუალება ყოველთვის არ არის.
- ანუ თქვენ გესმით, რას ნიშნავს, იყო ფანი?
- დიახ, მესმის და ყოველთვის მესმოდა. დიდი სიამოვნებით შემოვივლი "ენფილდს" და მოვისმენდი ისტორიებსაც იმის შესახებ, თუ საიდან და როგორ გაიტანა გოლი სტივი ჯიმ, რობი ფაულერმა ან ვინმე სხვამ.
- ახლა თქვენ ნებისმიერ დროს და ადგილას შეგიძლიათ მოხვედრა, რადგან "ლივერპულის" მწვრთნელი ხართ...
- დიახ, მაგრამ არა მატჩის დროს. ეს 90 წუთი ძალიან რთული და განსხვავებულია. თანაც, გერმანიისა არ იყოს, გუნდების სათადარიგო სკამები აქაც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, იმდენად ახლოს, რომ შემთხვევით შესაძლოა, მოწინააღმდეგის მწვრთნელსაც კი შეეხო. მოგეხსენებათ, მატჩების დროს ცოტა უფრო ემოციური ვარ!
- როგორ ფიქრობთ, ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია დაგჭირდებათ? და რა დროს წაიღებს ეს?
- შესაძლოა, დამჭირდეს და ადაპტაციას აუცილებლად გავივლი. თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ეს ფეხბურთია და მე ვიცი ინგლისური ფეხბურთი. ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი და ინგლისურ კლუბებთანაც ხშირად მითამაშია. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს თამაშია და ჩვენ ერთნაირი წესები გვაქვს, ერთნაირ სტადიონზე ვთამაშობთ და ყველაფერი არც ისე რთულია. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ უნდა მოისმინო, ნახო და შეიგრძნო. შემდეგ შეიძლება იფიქრო იმაზე, თუ რისი შეცვლაა საჭირო.
სიტუაციის ზედმეტად გამუქება და დამძიმება საჭირო არ არის, რადგან ძალიან დიდი ხანია, ფეხბურთში ვარ, ფეხბურთელიც ვიყავი და ახლა მწვრთნელი ვარ, ბევრი რამ მინახავს და გამოცდილება დამიგროვდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფეხბურთელებს შენი მარტივად ესმოდეთ. ქულებისთვის კი გულით უნდა ითამაშო და არა თავით. ეს შესანიშნავია და ასეთ დროს შენც ბოლომდე ჩართული ხარ თამაშში.
- რა გამოწვევებს ელოდებით "ლივერპულში"?
- შესაძლოა, ახლა ეს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდი გამოწვევაა (იცინის). თუმცა მე არასდროს ვყოფილვარ ადამიანი, რომელიც იოლ გზას ეძებს. ეს ძალიან საინტერესო სამუშაოა, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ყველაზე საინტერესო, რომელიც შეიძლება ფეხბურთში ნახო. მე გერმანიიდან მოვედი და ჩემთვის ბევრი რამ ახალია, ხოლო სხვების მიდგომა ასეთია: "რა უნდა ამ გერმანელ ტიპს? რაღაცებს ილაპარაკებს და მე უნდა ვუსმინო".
მე ვიცი, რაც მინდა, მაგრამ ამახ ახლა თქვენ არ გეტყვით, ჯერ მოთამაშეებს უნდა გავესაუბრო. რა თქმა უნდა, საერთო ენის გამონახვაა საჭირო. ვინც მოინდომებს, ის შეძლებს, რადგან ეს ძნელი არ არის. ვინც ჩემს დავალებებს შეასრულებს, ჩემი მეგობარიც გახდება, ხოლო ჩემი მეგობრობა არც ისე ცუდია, საკმაოდ ლოიალური ვარ.
- როგორ მოგწონთ "ლივერპულის" ამჟამინდელი შემადგენლობა და რამდენად უკავშირებთ მას საკუთარ თავს?
- მომწონს, მომწონს... აქ იმიტომ ვარ, რომ გუნდის პოტენციალის მჯერა. შემადგენლობა რომ არ მომწონებოდა, ამ კლუბისადმი სიმპათიის მიუხედავად, შემოთავაზებაზე უარს ვიტყოდი. ახლა კი კარგი შემადგენლობაა. შესაძლოა, ამ წუთას მსოფლიოს საუკეთესო გუნდი არ ვართ.
რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს ტემპი, ტექნიკური მონაცემები, ტაქტიკური განსწავლულობა... გვყავს კარგი მცველები, ნახევარმცველები, თავდამსხმელები, გარემარბები... ახლა უნდა შევხედოთ, ვინ იქნება მწყობრში "ტოტენჰემთან" შეხვედრისთვის. არ ვარ მეოცნებე, არ მსურს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი, თანაც ორივე ერთად ერთ გუნდში. ის შემადგენლობა მომწონს, რომელიც ახლა მყავს და მე ამ მოთამაშეებთან ერთად ყოფნა გადავწყვიტე. ახლა ჩვენ ერთად მუშაობა უნდა დავიწყოთ.
- შეგიძლიათ გვითხრათ, დაახლოებით, რას, როგორ სტილს უნდა ველოდოთ?
- გიჟურს (იცინის). მაღალ დონეზე გუნდები ყოველთვის ბურთის ფლობაზე აკეთებენ აქცენტს. მე მომწონს ამის ყურება, ასე თამაშობს მიუნხენის "ბაიერნი", "ბარსელონა", მადრიდის "რეალი".... შესაძლოა, ზოგჯერ "მანჩესტერ სიტი", მაგრამ ვერც ერთი გუნდი ვერ იწყებს ბურთის ფლობით, თავიდანვე ვერ იტყვი, რომ ბურთი მე მაქვს და ამით მეტოქეს უკვე ვჯობივარო.
ყველაფერი იწყება დაცვით, ეს ყოველთვის უპირველესია, დაცვაში სტაბილურად უნდა გამოიყურებოდე. ჯერ უნდა იცოდე, რომ მეტოქის ყველა შეტევა გოლით არ დასრულდება. რამდენიმე გუნდის გარდა, არავინ იწყებს განვითარებას თავიდან, ჯერ ძირია მნიშვნელოვანი. თავიდან დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ ახლა ნორმალური სიტუაცია გვაქვს და განვითარება შეგვიძლია ახლავე დავიწყოთ, შემდეგი მატჩიდანვე.
როგორც მწვრთნელი, ემოციური ვარ და ეს მომწონს. ფეხბურთში კაციც და ქალიც ემოციური უნდა იყოს, ეს თამაშს უხდება. მიყვარს მაღალი ტემპი და, როდესაც აგრესიაზე ვსაუბრობ, საკუთარ თავსა და ენერგიულობას ვგულისხმობ და არა მეტოქისთვის ტრავმის მიყენებას ან რამე მსგავსს. ახლა უნდა გადავწყვიტოთ, რითი და როგორ დავიწყოთ და საქმეს შევუდგეთ.
წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და ბევრი რამ გამოჩნდება, ცვლილებებზეც შემდეგ ვიფიქრებთ. ვფიქრობ, გუნდი შორს არ არის იმისგან, რომ სტაბილურად მოგება დაიწყოს. ასევე, აუცილებლად უნდა გავესაუბროთ "ლივერპულის" ფანებს და გავიგოთ, თუ რა მოლოდინი აქვთ გულშემატკივრებს, რადგან მოლოდინი ძალიან მნიშვნელოვანია და წნეხთან არის დაკავშირებული.
- როგორ ფიქრობთ, ბევრი დრო დაგჭირდებათ საკუთარი სტილისა და ფილოსოფიის დასანერგად?
- რასაკვირველია, ყველაფრის დამკვიდრებას და სასურველ შედეგამდე მიყვანას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ დაწევას დრო არ უნდა, ეს მომენტალურად ხდება და გპირდებით, რომ "ტოტენჰემთან" სრულიად ახალ "ლივერპულს" იხილავთ. სიახლის ელემენტები იქნება, დანარჩენი კი ნელ-ნელა დაემატება. რომ გაიზარდო და სრულწლოვანი გახდე, ამას დრო სჭირდება, ისევე, როგორც ფეხბურთელად ქცევას, ყველაფერს დრო სჭირდება.
- პრესაში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით სრულ თავისუფლებას ითხოვდით. მართლაც შედგა თუ არა ამ თემაზე თქვენსა და უფროსობას შორის საუბარი და მიაღწიეთ თუ არა შეთანხმებას?
- ეს მართლაც სახალისო აურზაურია. სინამდვილეში არანაირი პრობლემა და სირთულე არ გვქონია. თუ ორი ჭკვიანი, ინტელიგენტი, აზრიანი ადამიანი ზის მაგიდასთან, რა პრობლემა უნდა შეიქმნას? მე, უბრალოდ, მინდა ის, რომ ტრანსფერებთან დაკავშირებით პირველი და ბოლო სიტყვა ვთქვა.
არ მსურს დავხარჯო ისეთი თანხა, რომლის დახარჯვის საშუალებაც გუნდს რეალურად არ აქვს. არ მინდა ძალით შევინარჩუნო ფეხბურთელი, რომელსაც წასვლა უნდა ან არასაჭირო ტრანსფერი გავაკეთო. ამ ბიჭებთან ერთად ყოველდღიურად უნდა ვიმუშაო და არავინ გაყიდის მოთამაშეს, რომელიც მჭირდება, რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს შეთავაზება. ჩემი "კი"-ს ან "არა"-ს გარეშე არაფერი მოხდება. მეტი არაფერი მინდა.
- სამწვრთნელო შტაბში თქვენი კადრები თუ მოგყავთ?
- ცხადია. ჩემი იდეური ძმები - ძელკო და პეტერი. ორივე დიდებული ადამიანია. ამაში მალევე თავადაც დარწმუნდებით, ისინი ფეხბურთის მანიაკები არიან. ძალიან ბევრს მუშაობენ და მეხმარებიან. ჩვენ მშვენიერი პარტნიორები ვართ და საქმის ერთად კეთება კარგად გამოგვდის. რასაკვირველია, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, მაგრამ გარშემო საიმედო ხალხი მჭირდება, რომლებიც კარგ რჩევებს მომცემენ.
- რის მიღწევას გეგმავთ "ლივერპულთან" ერთად უახლოეს პერიოდში და შორეულ პერსპექტივაში?
- წარმატების. გერმანიაში მუშაობისას, ბრიტანულ ფეხბურთს თვალს ვადევნებდი, მაგრამ ჯერჯერობით, შინაური მაინც არ ვარ და შიდა სამზარეულოს არ ვიცნობ. ვიცი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს", "სიტის", "ჩელსის", "არსენალს", "ტოტენჰემს"... წარმატების მიღწევა უნდათ და რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს ჩვენ? სიტუაცია ერთად უნდა შევცვალოთ. ამ წუთას "ლივერპულის" ოჯახი ცოტა ნერვიული და პესიმისტურია.
ბუნებრივია, "ენფილდზე" ისევ საუცხოო ატმოსფეროა, ყველა აღნიშნავს გოლსა და გამარჯვებას, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი სიხარული. ჩვენი მიზანიც ნამდვილი ბედნიერების დაბრუნებაა. იხსენებენ 5, 10, 20 წლის წინანდელ ამბებს, რაც კარგია. ისტორია საამაყოა და დასაფასებელი, მაგრამ ეს მოგონებისთვისაა და არა ამჟამად ამით ცხოვრებისთვის.
ახლა ჩვენ გვაქვს შანსი, დავწეროთ ახალი ისტორია და პირველი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში შევეცდებით. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იქნება კლუბის ისტორიაში საუკეთესო წელი და უმალვე დიდ წარმატებას მივაღწევთ. თუ ასე მოხდება, გავიხარებთ და აღვნიშნავთ, მაგრამ თუ არა, მუშაობას გავაგრძელებთ.
- დაბოლოს, როგორი იქნება თქვენი მესიჯი "ლივერპულის" ფანებისთვის?
- თუკი ვინმეს ეჭვები აქვს ან პესიმისტური განწყობითაა, ამიერიდან რწმენა უნდა დაიბრუნოს და გამარჯვებების სჯეროდეს.
დოსიე
იურგენ ნორბერტ კლოპი
დაიბადა: 1967 წ. შტუტგარტი
საფეხბურთო კარიერა: მაინცი - 1989-2001
სამწვრთნელო კარიერა: მაინცი - 2001-08; დორტმუნდი - 2008-15; ლივერპული - 2015-დან
ტიტულები: გერმანიის ჩემპიონობა (2), გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი (3)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"