სახელი მან, პირველ რიგში, მაშინ გაითქვა, როდესაც ყოფილი კლუბი "დორტმუნდი" საუცხოოდ აათამაშა და 2013 წელს ბორუსიელებმა ბუნდესლიგაც მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდნენ, სადაც ძალიან ცოტა დააკლდათ.
შეგვიძლია გერმანიის თასზე წარმატებებიც ვახსენოთ, მაგრამ სინამდვილეში კლოპმა ამხელა აღიარება და დაფასება მისი სტილისა და ქარიზმის გამო მოიპოვა. გერმანულ პრაგმატიზმს სულ ოდნავ ნარევ "ცოტათი შერეკილ პროფესორს" ახლა სერიოზული გამოცანის ამოხსნა მოუწევს, მან დიდი გამოწვევა მიიღო და "ლივერპული" ჩაიბარა. მერსისაიდელებმა "კლოპოსთან"
რამდენად შეეფერება კლოპი "ლივერპულს"?
ფრანც ბეკენბაუერი: "ვფიქრობ, კლოპი ამ კლუბისთვის საუკეთესო ვარიანტია. ეს ფანტასტიკური კომბინაციაა. იურგენს შეუძლია მალე მიაგნოს იმ პრობლემებს, რომლებიც "ლივერპულშია", გუნდი სიტუაციიდან გამოიყვანოს და მასთან ერთად ისეთივე წარმატებებს მიაღწიოს, როგორსაც "დორტმუნდში" აღწევდა. კლოპი და "ლივერპული" კარგი წყვილია"."ლივერპულში ერთ-ერთი საუკეთესო ფანები არიან, ისინი ყოველთვის მხარში უდგანან გუნდს და საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, ისევე, როგორც "დორტმუნდში". ზუსტად ეს არის, რაც კლოპს უნდა და სჭირდება" - თქვა შტეფან ეფენბერგმა.
"დორტმუნდის" აკადემიის ბრიტანელი მწვრთნელი გარი გორდონი: "მას დასჭირდება იმის ცოდნა, რომ კონკრეტული ადამიანები ენდობიან, გვერდში უდგანან და სჯერათ მისი. იგი შეისწავლის კლუბის ფილოსოფიასაც და მიდგომას იუნიორთა გუნდებიდან დაწყებული. დეტალურად დააკვირდება ვარჯიშის მეთოდებს. ასევე, ვფიქრობ, ისურვებს ტრანსფერებისას ბოლო სიტყვა სწორედ მან თქვას. გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას მერე მიიღებს, როდესაც სურათს მთლიანად შეისწავლის და გააანალიზებს, ფეხბურთელებს გაიცნობს და დაინახავს, ვისი მოყვანა სჭირდება და ვისი არა".
როგორი მოტივატორია ჰერ იურგენი?
მერსისაიდელთა ყოფილი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი, რომელმაც თვეების წინ დაიწყო საუბარი, კლოპი "ენფილდზე" უნდა მივიდესო: "ლივერპულის" ემოციებმა და მებრძოლმა სულმა უნდა გამოიღვიძოს. ქომაგებმა რწმენა დაკარგეს და მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდეს ისეთი ვინმე, ვინც ხალხს ისევ აიყოლიებს. იურგენ კლოპი ასეთია, მას სიგიჟემდე უყვარს ეს თამაში და საქმეს ვნებით აკეთებს. იგი "ლივერპულის" ხასიათსა და მენტალიტეტში შესანიშნავად ჩაჯდება. კლოპი იდეალური ვარიანტია".
"გუნდის სრული მხარდაჭერის ფონზე, მგონია, რომ ის ვითარებას მალე გამოასწორებს და სულ მინიმუმ, "ლივერპულის" თამაშს დაალაგებს, კლუბს იმ დონეზე აათამაშებს, რომელიც შეეფერება. კლოპი მისტერ მოტივატორია. ის მოთამაშეებს თვალებს გაახელინებს, მათ პოტენციალს გამოავლენს და პერსპექტივას დაანახვებს. იგი ახალგაზრდებთანაც ძალიან კარგად მუშაობს და მათი გაზრდა-განვითარება ძალუძს" - დაამატა გორდონმა.
"ლესტერის" ყოფილი ფეხბურთელი კოლინ ბელი, რომელსაც კლოპთან "მაინცში" აქვს ნამუშევარი: "ის ძალიან ქარიზმატულია და ხალხის გრძნობებზე თამაში და მათი აყოლიება შეუძლია. მას ბრწყინვალედ შეუძლია ნებისმიერი ტიპისა და ხასიათის ფეხბურთელთან გამკლავება.
დარწმუნებული ვარ, იურგენ კლოპი "ლივერპულისთვის" შესანიშნავი კანდიდატურაა. "კლოპოს" გერმანიაში მშვენიერი რეპუტაცია აქვს, ადამიანის, რომელთან მუშაობა ადვილი და სასიამოვნოა. ეს მართლაც ასეა, ის ძალიან უშუალოა და ყოველთვის ჩინებული ტაქტიკა აქვს მომზადებული. თუმცა, თუ ფეხბურთელები მის დავალებებს ბოლომდე და კარგად ვერ ასრულებენ, გაბრაზებაც იცის. ის ყოველთვის ზუსტად იმის შესრულებას ელის, რასაც ითხოვს".
"მთელი სისტემა მასზე მუშაობდა "დორტმუნდში" და ყველა ბოლომდე გვერდში ედგა. იგი კლუბს და ფანებს უყვარდათ და იურგენზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, იგი საკუთარ თავს აქცევდა წნეხის ქვეშ და ყოველთვის მაქსიმუმის მიღწევა სურდა" - ეს კი კვლავაც გორდონის სიტყვებია.
რთული კალენდარი
კლოპი ძალიან მძიმედ იწყებს, მის გუნდს რთული კალენდარი აქვს, ორკვირიან მონაკვეთში გერმანელს 5 მატჩის ჩატარება მოუწევს, აქედან 3 საშინაო შეხვედრა იქნება, ხოლო 2 ურთულესი საგარეო - "ტოტენჰემთან" და "ჩელსისთან". სწორედ "დეზების" წინააღმდეგ თამაშში შედგება "უაით ჰართ ლეინზე" იურგენის დებიუტი. "ენფილდზე" პირველ მატჩს ის ევროპალიგის ეგიდით გამართავს ყაზანის "რუბინის" წინააღმდეგ.
ამას ლივერპულში "საუთჰემპტონის" სტუმრობა მოჰყვება, მერე მიჯრით მესამე საშინაო მატჩია თასზე "ბორნმუთთან" და "ჩელსის" დროც დგება. ყველა აქედანვე ელოდება კლოპისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებას, თუ, რა თქმა უნდა, იმ დროისთვის პორტუგალიელი კიდევ იქნება "ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ეს ხუმრობით. მოკლედ, უახლოესი მატჩები კლოპისთვის სუპერმნიშვნელოვანია და ბევრ რამეს გამოაჩენს.
თან ნორმალური, თან ცოტა გიჟი
სხვათა შორის, კლოპი და მოურინიო ერთმანეთის კრიტიკით არასდროს გამოსულან და, თითქოს, სიმპათიებიც აქვთ ერთურთის მიმართ. როდესაც ჟოზე "ჩელსიში" მივიდა, პირდაპირ გამოაცხადა, "განსაკუთრებული" ვარო და ამას დღემდე არავინ ივიწყებს, ცხადია, არც გულშემატკივრები, რომლებმაც კლოპს ჰკითხეს - თქვენ რას იტყვით, თქვენ როგორი ხართო..."კლოპომ" უპასუხა, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ემოციურიც გახლავართ, მაგრამ აბსოლუტურად ნორმალური ადამიანი ვარ და ჩემს თავს "ნორმალურს" ვუწოდებდიო. თუმცა მისი ტემპერამენტი და საფეხბურთო ვნება, ქცევა და სხვა დანარჩენი კარგად გვახსოვს, ის მართლაც შეპყრობილია ფეხბურთით, რომელიც სიგიჟემდე უყვარს. "ლივერპულსაც" "გიჟურ სტილს" ჰპირდება და ბევრი ასე მშვიდად "ნორმალურს" კლოპს ვერ და არ შეარქმევს.
ორკესტრი, "ბითლზი" და მძიმე მეტალი
"ლივერპული" "ბითლზის" ქალაქია. კლუბის ფანების სათაყვანებელი სიმღერა რომელიც არის, ესეც მოგეხსენებათ, მაგრამ "ენფილდი" "მძიმე მეტალისთვის" უნდა მოემზადოს. ყველას გვახსოვს კლოპის ბოლო წლების ინგლისური თავგადასავლები, როდესაც "დორტმუნდთან" ერთად უწევდა პრემიერლიგის გუნდებთან პაექრობა. მათ შორის "ლივერპულიც" იყო და ისიც გვახსოვს, "ენფილდის" გვირაბში ჩავლისას, როგორ თბილად მოუტყაპუნა მან ხელი "ლივერპულის" ლოგოსა და წარწერას - "შენ არასოდეს იქნები მარტო".
თითქოს, ამით გერმანელმა ტერიტორია მონიშნა და მისი დამოკიდებულებაც გვაგრძნობინა ამ გუნდისადმი; აგერ, დაბრუნდა კიდეც... და ისიც გვახსოვს, ბორუსიელთა ხშირი მეტოქის, ლონდონის "არსენალის" წინააღმდეგ ერთ-ერთ შეხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას როგორი კომენტარი გააკეთა გერმანელმა.
"არსენ ვენგერი ამ გუნდს შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებს. "არსენალის" თამაში ორკესტრს მაგონებს, თუმცა ეს ჩუმი, მშვიდი სიმღერაა. მე კი ხმაურისა და აურზაურის მოყვარული ვარ, სულ ხმაური მინდა. ჩემი თამაში და მუსიკა "მძიმე მეტალია" - თქვა მაშინ კლოპმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"