პრემიერლიგაში სხვა ხალხის დრო მოდის

AutoSharing Option
ჟორჟინიო ვეინალდუმის პოკერი, რაჰიმ სტერლინგის ჰეთ თრიკი, ჯეიმი ვარდისა და უილფრიდ ბონის დუბლები, მუსა სისოკოს სამი საგოლე გადაცემა, "ვესტ ჰემი" სტუმრად ისევ წაუგებელია, იურგენ კლოპის დებიუტიც შედგა და "სანდერლენდს" ვერც სემ ელარდაისმა მოაგებინა... ეს და სხვა მრავალი ამბავი პრემიერლიგის მე-10 ტურის გამოხმაურებაში.

გამორჩეული ფეხბურთელები
წლეულს არც ერთ მეკარეს არ აქვს კარი იმდენჯერ "მშრალად" შენახული, რამდენჯერაც სიმონ მინოლეს (13). "ლივერპულის" კარის დარაჯმა "ტოტენჰემისგანაც" არ გაუშვა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იურგენ კლოპის დებიუტი წაგებით არ დასრულდა, სწორედ იგია. მართალია, მას გამოსვლებზე თამაში
ისევ უჭირს, მაგრამ ბელგიელი მაინც ძალიან საიმედოდ გამოიყურება.

კარლ ჯენკინსონი ძალიან ცოტა ხანია, "ვესტ ჰემშია" და უკვე მოასწრო შეცდომების დაშვება, წითელი ბარათის მიღება, სათადარიგოთა სკამზე დარჩენა... "კრისტალ პალასთან" კი მან პენალტიც "აიკიდა", მაგრამ მთელი თამაში არ გაჩერებულა და მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო. სხვათა შორის, ზედიზედ მეორე ტურში. არადა, იქამდე 74 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაეტანა. იგი ძალიან შემართულია.

ლორან კოშელნიმ "უოტფორდთან" შეხვედრაში ყველაზე მეტი (4) ვარდნა შემოგვთავაზა და ყველაზე მეტჯერ (8) გამოიტანა ბურთი.

"არსენალის" ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი მისი თანამემამულის მომჯობინებას ტყუილად არ ელოდა.

მამადუ სახო ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც შექებასა და კომპლიმენტებს ხშირად იმსახურებს, მაგრამ ყოველთვის არ იღებს ხოლმე.

ამჯერად, იგი ნამდვილად უნდა გამოვარჩიოთ: "ლივერპულის" ფრანგმა მცველმა "დეზებთან" შეხვედრაში 9-ჯერ განმუხტა დაძაბულობა, რაც მერსისაიდელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

საინტერესოა, შეძლებს თუ არა იგი იურგენ კლოპის დარწმუნებას იმაში, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობისა და ნდობის ღირსია. ამბობენ, გერმანელს ძვირად ღირებული მცველის შეძენა უნდა, თანაც, თავისი ყოფილი კლუბიდან, "დორტმუნდიდანო", მაგრამ სახო თავისას შეეცდება.

მარკოს როხომ "მანჩესტერის" ბანაკში "ევერტონთან" შეხვედრისას ყველაზე მეტი ვარდნა შემოგვთავაზა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო "იუნაიტედის" პირველ საგოლე კომბინაციაში და მეორე ბურთი მისი პასით გაიტანა ანდერ ერერამ.

ლუი ვან გაალი მას დიდ ნდობას იშვიათად უცხადებდა და ხშირად თადარიგში ტოვებდა ხოლმე, მაგრამ ასეთი თამაშის გათვალისწინებით, არგენტინელი, ალბათ, მეტს დაიმსახურებს.

ერერას თამაშიც ცალკე აღნიშვნის ღირსია: როდესაც მას თამაში მისდის, ანდერის ცქერა ერთ სიამოვნებად ღირს. "ევერტონთან" მან მე-8 ბურთი გაიტანა პრემიერლიგაში, სულ რაღაც მე-10 ზუსტი დარტყმიდან.

მორგან შნეიდერლენი კიდევ ერთი მოთამაშეა, რომელმაც "წითელი ეშმაკების" რიგებიდან განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა. ფრანგმა საყრდენმა თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა ახალი გუნდის მაისურით და გარდა ამისა, ყველაზე მეტი, 71 პასი გააკეთა, თანაც ამ გადაცემების 97% წარმატებული იყო.

ჯეიმი ვარდი კვლავ შეუჩერებელია. მას ბოლო 9 შეხვედრაში ამდენივე გოლი დაუგროვდა და უკვე მიჯრით 6 პრემიერლიგური მატჩია, გააქვს.

ვარდიმ ერთი ბურთი მალევე გაქვითა, ხოლო მეორე ბოლო წამებზე გაიტანა და ლესტერშირელებს ქულა გადაურჩინა. თითქოს, იტალიელი სპეციალისტი და მისი ბიჭები იმას ელოდებიან ხოლმე, როდის გახდის მეტოქე ანგარიშს 2:0-ს და თამაშს მეორე ტაიმში იწყებენ. ვარდი კი, ამავდროულად, გახდა მხოლოდ მე-4 ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში მიყოლებით 6 ტურში გაიტანა გოლი.

პოკერი
ჟორჟინიო ვეინალდუმი გახდა "ნიუკასლის" ისტორიაში მხოლოდ მეორე ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის მატჩში 4 ან მეტი გოლი გაიტანა. აქამდე ეს 1999 წელს ალან შირერმა გააკეთა.

ჰოლანდიელი "კაჭკაჭების" მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ და მისმა ოთხმა გოლმა ჯორდების სეზონში პირველი მოგება განაპირობა ("ნორვიჩთან" 6:2).

ჰოლანდიელი ახალწვეულის კარგად ათამაშება "ნიუკასლისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ისე, ამ შეხვედრაში არც მუსა სისოკოს დაეწუნებოდა რამე, რომელმაც 3 საგოლე პასი შემოგვთავაზა.

ჰეთ თრიკი
რაჰიმ სტერლინგმა კარიერაში პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა. იგი "ბორნმუთთან" შეხვედრაში დაფრინავდა და ეს ცოტა ჭირვეული ხასიათის ახალგაზრდა ტალანტი ნელ-ნელა უმატებს. იგი გადახდილი მილიონების გამართლებას იწყებს. "სიტის" მეორე ძვირად ღირებული შენაძენი კევინ დე ბრუინიც მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამ მატჩში ის რაჰიმმა მაინც დაჩრდილა.

სამაგიეროდ, სტერლინგმა ბოლომდე ვერ გადაფარა უილფრიდ ბონის კარგი თამაში. კოტდივუარელმა "სიტის" მაისურით ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და სერხიო აგუეროს არყოფნით მშვენივრად ისარგებლა. იგი მანუელ პელეგრინისგან მეტ სათამაშო დროს ელოდება.

სტატისტიკა და საინტერესო ფაქტები
* "ევერტონის" ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ ძირითად შემადგენლობაში 550-ე მატჩი ჩაატარა. მხოლოდ დევიდ ჯეიმსი მოხვდა პრემიერლიგის შეხვედრებში უფრო მეტჯერ სასტარტოში - 571-ჯერ.

* უეინ რუნიმ "გუდისონ პარკზე" 2007 წლის აპრილის მერე პირველი გოლი გაიტანა. "კანფეტებთან" ბოლო სამი სტუმრობისას "მანჩესტერი" ისე აგებდა, რომ გოლსაც ვერ იტანდა.

* კევინ დე ბრუინმა "სიტის" მაისურით პრემიერლიგაში 4 მატჩი ჩაატარა ძირითადში და ამ შეხვედრებში 3 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, ბელგიელს უკანასკნელ 6 შეხვედრაში 4 გოლი და 4 საგოლე პასი უგროვდება.

* რაჰიმ სტერლინგი გახდა მე-11 21-წლამდელი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

* ამ სეზონში სტერლინგის ოთხივე გოლი ახალამოსული გუნდების კარში გავიდა.

* "ვესტ ბრომვიჩი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე პრემიერლიგაში პირველ 30 წუთში გოლი არ გაუტანია.

* "სანდერლენდს" "ალბიონთან" ბოლო 7 სტუმრობიდან 5-ში ბურთი არ გაუტანია.

* 2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ყველა ტურნირის ჩათვლით, საიდო ბერაჰინომ 26 გოლი გაიტანა, რაც სულ ცოტა, 16-ით მეტია "ვესტ ბრომის" ნებისმიერ სხვა ფეხბურთელთან შედარებით.

* "სანდერლენდის" ისტორიაში მესამედ ხდება, რომ უმაღლესი ლიგის პირველ 9 ტურში "შავმა კატებმა" თამაში ვერ მოიგეს. წინა შემთხვევები 1969-70 და 1976-77 წლების სეზონში დაფიქსირდა.

* 3 ავტოგოლით მიმდინარე ჩემპიონატში "ჩელსის" საუკეთესო ბომბარდირია. დიეგო კოშტასა და ვილიანს 2-2 ბურთი აქვთ გატანილი. პრემიერლიგაში ჯერჯერობით, 9 ავტოგოლია გასული და აქედან 3 სწორედ "ლურჯების" სასარგებლოდ.

* ჟოზე მოურინიოს ზედიზედ ორი საშინაო მატჩი არასოდეს წაუგია.

* ამ მატჩამდე მინდვრის მოთამაშეებს შორის ბრანისლავ ივანოვიჩსა (63) და ედენ აზარს (47), ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მოხვედრის მხრივ, ყველაზე გრძელი სერიები ჰქონდათ, მაგრამ მოურინიომ ორივე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. აზარის უგოლო სერია 1045 წუთს შეადგენს.

პრემიერლიგაში გადმობარგების მერე მას ამხელა "მშრალი" სერია არ ჰქონია.

* "ასტონ ვილას" "სტემფორდ ბრიჯზე" კარი "მშრალად" 1998 წლის შემდეგ არ შეუნახავს. მას მერე ბირმინგემელები იქაურობას 9-ჯერ ესტუმრნენ და 32 ბურთი გაუშვეს.

* "ჩელსის" უკანასკნელ 24 საშინაო შეხვედრაში გოლი აქვს გატანილი, რაც ამჟამად ამ სახის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

* "ლივერპულმა" "ტოტენჰემთან" შეხვედრაში 116 კილომეტრი დაფარა, რაც ჯერჯერობით, სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. იურგენ კლოპის გუნდმა სწორედ "დეზებს" გადაასწრო, რომელთა მაჩვენებელიც 114,8 იყო. თავად მერსისაიდელებს კი კლოპის მოსვლამდე ყველაზე მეტი ნარბენი "ნორვიჩთან" ჰქონდათ - 111,9.

* პირველ ტურში "მანჩესტერთან" მარცხის მერე "ტოტენჰემს" არ წაუგია და ეს ამ წუთას ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა პრემიერლიგაში - 3 მოგება, 5 ფრე.

* ჟერარ ულიე რჩება ერთადერთ მწვრთნელად, რომელმაც "ლივერპულში" მისვლისას პირველივე პრემიერლიგური მატჩი მოიგო. ეს 1998 წელს "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში მოხდა. მაშინ ულიეს "თანამწვრთნელიც" ჰყავდა - როი ევანსი.

* "ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონატის უკანასკნელი 10 საგარეო თამაშიდან მარტოდენ ერთი აქვს მოგებული - 5 ფრე, 4 წაგება.

* კარლ ჯენკინსონს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი დაუგროვდა. იქამდე კი მას უმაღლეს ლიგაში 69 თამაში ჰქონდა გამართული და მხოლოდ ერთხელ შეძლო გატანა.

* იოან კაბაი გახდა მე-4 მოთამაშე პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში პენალტი გაიტანა. აქამდე ეს გააკეთეს - იან რაიტმა (1994), რუუდ ვან ნისტელროიმ (2003) და მაიკლ ოუენმა (2003).

* "ვესტ ჰემმა" მიმდინარე სეზონში სტუმრად ჩატარებულ 5 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა. "ჩაქუჩებს" თითოეულ საგარეო თამაშში 2 ბურთი მაინც გააქვთ.

* ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში დიმიტრი პაიემ 15 გოლი შექმნა - 6 გაიტანა, 9 თანაგუნდელებს გაატანინა.

* "საუთჰემპტონს" უმაღლეს ლიგაში "ლესტერთან" ჩატარებული უკანასკნელი 19 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვს წაგებული, 2000 წლის აპრილში (10 მოგება, 8 ფრე).

* ჯეიმი ვარდის პრემიერლიგაში ზედიზედ ორჯერაც არ გაეტანა, ახლა კი მიჯრით 6 ტურია, გააქვს. უშუალოდ პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში ვარდის ამდენივე გოლი უგროვდება.

* "უოტფორდის" თავდამსხმელი და კაპიტანი ტროი დინი ის ფეხბურთელია, რომელსაც უგოლო მოთამაშეებს შორის მეტოქის კარში ყველაზე მეტჯერ აქვს დარტყმული - 23-ჯერ.

* დენის ბერგკამპის, მარკ ოვერმარსის, ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკის, რუუდ ვან ნისტელროის, რობინ ვან პერსისა და დირკ კეიტის შემდგომ ჟორჟინიო ვეინალდუმი გახდა მე-7 ჰოლანდიელი პრემიერლიგაში, ვინც ერთ მატჩში 3 ან მეტი გოლი გაიტანა.

* მუსა სისოკო შეიქნა "კაჭკაჭების" მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 საგოლე პასი გააკეთა. იქამდე მსგავსი რამ 1994 წელს ენდი კოულმა მოახერხა.

* "ნიუკალი"-"ნორვიჩი" (6:2) ჯერჯერობით მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული