პრემიერლიგის აუტსაიდერის ბოლო ცდა

AutoSharing Option
ბირმინგემის "ასტონ ვილას" ეშლი ვესტვუდს "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მუსა დემბელესთან ორთაბრძოლისას თავში მოხვდა.

ის სერიოზულ ტრავმას კი გადაურჩა, მაგრამ ამ ინციდენტს დიდი გარჩევა მოჰყვა, რადგან თამაში გაგრძელდა და ვესტვუდი დაახლოებით 1 წუთს ელოდებოდა ექიმების შემოსვლას. იქამდე არბიტრმა მაიკ დინმა ზომები არ მიიღო.

ამის გამო "ასტონ ვილას" სამწვრთნელო შტაბის წევრმა კევინ მაკდონალდმა, რომელიც დროებით ხელმძღვანელობდა გუნდს, მსაჯი გააკრიტიკა, კიდევ კარგი, გადავრჩით, მაგრამ ასე არ შეიძლებაო. მან ისიც დაამატა, "ვილას" დიდი პოტენციალი აქვს და რემი გარდს კარგი გუნდი ხვდებაო. ოღონდ ეს კარგი გუნდი
ამჟამად ბოლო ადგილზეა.

ბირმინგემელთა ახალმა თავკაცმა რემი გარდმა კი შეხვედრას ტრიბუნებიდან მიადევნა თვალყური და ხარვეზებსაც კარგად დაინახავდა. თუმცა იყო მონაკვეთი, როდესაც "ასტონ ვილამ" სიტუაცია დაძაბა და 2:1-ზე ერთი-ორი მომენტიც შექმნა, მაგრამ მაინც დამარცხდა. გარდი "ლიონის" ყოფილი თავკაცია და სახელი მან ამ კლუბის ახალგაზრდულ გუნდში კარგი მუშაობით გაითქვა.

მან არაერთი კარგი მოთამაშე გამოზარდა, ალექსანდრ ლაკაზეტის თამადობით. გარდა მისი ხელმისაწვდომობისა და ტაქტიკური განსწავლულობისა, არჩევანის გარდზე შეჩერების მიზეზთაგანი, ალბათ, ისიც იყო, რომ "ვილამ" ლიგა 1-დან არაერთი მოთამაშე გადაიყვანა და მათ "გახსნა" გაუჭირდათ. ეგებ სწორედ რემიმ მოახერხოს ეს.

იქამდე კი, ფაქტია, რომ ბირმინგემელების საქმე უკან და უკან მიდის და სასწრაფო მოქმედებაა საჭირო. "ასტონ ვილამ" ზედიზედ მე-7 მატჩი წააგო, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა. ასევე, გუნდმა მე-9 შეხვედრა დათმო საწყის 11 ტურში, რითაც პრემიერლიგის ისტორიაში მე-4 მსგავსი გუნდი გახდა, 9-ზე მეტჯერ საწყის 11 ტურში არავის წაუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული