ვისგან (არ) მიიღებს შენიშვნებს ჯონ ტერი

AutoSharing Option
რობი სევიჯისა და ჯონ ტერის გადაძახილ-გადმოძახილმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და საქმეში გარი ნევილიც ჩაერთო, რომელიც თავის ყოფილ და ამჟამინდელ კოლეგას, სევიჯს გამოექომაგა. მოგეხსენებათ, ახლა ორივე ჟურნალისტ-ექსპერტად მუშაობს.

საქმე ის არის, რომ რობი სევიჯი ექსცენტრიკულობითა და პირდაპირობით გამოირჩევა. მან "ჩელსის" ცუდ თამაშებზე ღიად ისაუბრა და ლონდონელები გააკრიტიკა, ხოლო მათ კაპიტან ჯონ ტერის კბილი მწარედ გაჰკრა - ასაკი თავისას შვრებაო.

ტერი ის კაცი არ არის, ვინმე უპასუხოდ დატოვოს და თავი დააჩაგვრინოს. ასე რომ, მან სევიჯს პასუხი გასცა და აღნიშნა, კარაგერისგან, ფერდინანდისგან, ნევილისგან
შენიშვნებს მივიღებ, მაგრამ იმისგან, ვისაც კოშმარული კარიერა ჰქონდა, დაბალ დონეზე თამაშობდა და სუსტი ფეხბურთელი იყო, არაო.

სევიჯი შეიძლება ყველაზე დახვეწილი, წარმატებული და ტიტულებით განებივრებული ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ არც ასე ერთი ხელის მოსმით ჩამოსაწერი გახლდათ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უელსელს პრემიერლიგაში 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, რაც სახუმარო საქმე არ არის. თავად სევიჯმაც ამას გაუსვა ხაზი, არაფერი ისეთი, პრემიერლიგაში სულ რაღაც 300-ზე მეტი შეხვედრა მაქვს ნათამაშები, მაგრამ ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ "ჩელსიზე" ვსაუბრობთო.

რობიმ ასევე ცინიკურად მადლობა გადაუხადა ჯონს - ესე იგი, ჩემს გადაცემას უყურებ და ეს კარგია, მატჩის მერეც უყურე, "ჩელსის" თამაში უნდა შევაფასო და გავარჩიოო. "სტოკთან" "ლურჯების" მორიგმა მარცხმა რობის ახალი სახუმარო და ტერის ნერვებზე სათამაშო მასალა მისცა.

რაც შეეხება ნევილს, იგი სევიჯს კარგად იცნობს, რადგან უელსელიც "მანჩესტერის" ცნობილი 92-იანების კლასის წევრი გახლდათ, მაგრამ "წითელ ეშმაკებში" "ვეღარ გაქაჩა" და ამას "ქრიუ", "ლესტერი", "ბირმინგემი", "ბლექბერნი", "დერბი" და "ბრაიტონი" მოჰყვა.

"ჩემი აზრით, სევიჯი თავის საქმეში კარგია. მას თავისებური მიდგომა აქვს და ზოგჯერ ისეთი განცხადებები და დამოკიდებულება აქვს, როგორიც მაგალითად, მე არ მექნებოდა, მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მან საკუთარ თავზე მშვენივრად იმუშავა იმისთვის, რომ ვინც დღეს არის, ის გამხდარიყო.

ეს დაფასებას იმსახურებს, რადგან მსგავს რამეზე ბევრი არ წავიდოდა და ვერ შეძლებდა. სევიჯმა მაქსიმუმი გამოწურა თავისი კარიერიდან და ცხოვრებიდან. ეს იმ აღზრდისა და გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" ნობი სტაილზის, სერ ალექს ფერგიუსონისა და ერიკ ჰარისონის ხელში მივიღეთ" - განაცხადა გარი ნევილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული