პირველად მოხდა პრემიერლიგის ისტორიაში, რომ ერთმა ფეხბურთელმა ზედიზედ 10 შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ლიდერი "ლესტერია", სეზონის გმირი კი - ჯეიმი ვარდი. ეს უკვე საინტერესოა. ეს უკვე სასწაულია!
რაშია "მელიების" წარმატების საიდუმლო?
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კლაუდიო რანიერიმ "ლესტერში" ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი. აქამდე იტალიელ სპეციალისტს ბევრი საყვედურობდა დაცვითი ფეხბურთის მიმდევრობის გამო. რანიერიმ გვიჩვენა, რომ სოლიდურ სამწვრთნელო ასაკშიც კი არ რანიერი შეიცვალა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, "ლესტერი" ყოველთვის არ იყო პრემიერლიგის ცხრილის სათავეში და მუდმივად ვერ დარჩება იქ, მაგრამ გუნდის დევიზი არსებობის მთელ ისტორიაში მუდამ შეტევა იყო.
მიმდინარე პრემიერლიგაში არცთუ ხშირია თვალსასეირო მატჩები. ამ მატჩებს გრანდებიც კი იშვიათად გვთავაზობენ. "ლესტერი" სწორედ ასეთია. გუნდი ნებისმიერ მატჩში და ნებისმიერ სიტუაციაში უტევს.
კლაუდიო რანიერის გამორჩეული სეზონი აქვს. ის თავის საქმეს აკეთებს და ჟურნალისტებს აღარ უწყრება. აღარც თავისი გუნდის გულშემატკივრებს ლანძღავს. რანიერი, უბრალოდ, მუშაობს გუნდში, რომელმაც უკვე გადაჭრა თავისი მთავარი ამოცანა - შეინარჩუნა ადგილი პრემიერლიგაში. ახლა ეს გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება. ლიდერობაც ამის დასტურია.
"ჩელსიმ" ჩაყვინთა. "არსენალს" ერთხელაც შეეპარა ტრავმების ეპიდემია. "მანჩესტერი" საკმარისად სტაბილური ვერ არის. "სიტიც" ხშირად კოჭლობს და "ლივერპული" ახლა სწავლობს ახალ ფეხბურთს იურგენ კლოპთან ერთად.
მოცემულ სიტუაციაში "ლესტერი" ყველაზე კარგია პრემიერლიგაში და ენა არავის მოუბრუნდება იმის სათქმელად, რომ ეს გუნდი გათამაშებას დაუმსახურებლად ლიდერობს. ფაქტია - როცა გოლიათებს სძინავთ, პატარა გუნდი ფხიზლობს.
გუნდური ატმოსფერო
"ლესტერში" იდეალური ვითარებაა. ამას ამბობენ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგები თუ ფეხბურთელები, არამედ "მელიების" მოწინააღმდეგეები და ყოვლისმცოდნე ინგლისელი ჟურნალისტებიც კი. არადა, ინგლისურ პრესას ვერაფერს გამოაპარებ.ამის თვალსაჩინო მაგალითია "უოტფორდთან" გამართული შეხვედრა.
"ლესტერის" მოწინააღმდეგის კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან რიად მაჰრეზი მიდიოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და თერთმეტმეტრიანის შესრულების პატივი ჯეიმი ვარდის დაუთმო. ამ გოლმა სეზონის აღმოჩენას საშუალება მისცა, შედეგიანი სერია გაეგრძელებინა.
ტაქტიკა
აქამდე "ლესტერში" ტაქტიკისათვის ამხელა ყურადღება არასოდეს მიუქცევიათ. გუნდი სუფთა ბრიტანულად, პრიმიტიულ სტილში უტევდა. მივიდა რანიერი და ამ საკითხის მიმართ მიდგომა შეიცვალა. იტალიელ ტაქტიკოსს ტაქტიკური ნიუანსები ძალიან უყვარს.თავი დავანებოთ რანიერის ტაქტიკურ სქემას, ეს ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცის. კლაუდიომ, "ლესტერის" მწვრთნელთაგან პირველად, ყველა მოწინააღმდეგის თამაშის ცოცხლად ნახვა დაიწყო. თუ იგი ამას ვერ ახერხებს, მაშინ ამ საქმით მისი ასისტენტები ან სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი.
"მე კარგა ხანია, აღარ მიმუშავია პრემერლიგაში და ამ დროის განმავლობაში აქ არაერთი ცვლილება მოხდა, თუნდაც - ტაქტიკის მხრივ. მათ მე თანდათანობით ვეცნობი", - ამბობს იტალიელი.
ფაქტია - დიდ გუნდებში ნამუშევარი რანიერის ქარიზმა "ლესტერს" ძალიან უხდება. გუნდი მას მიჰყვება და ეს უცნაური ლიდერობაც ამ ნდობის შედეგია...
ორნი ძმანი...
ჯეიმი ვარდი და რიად მაჰრეზი, რიად მაჰრეზი და ჯეიმი ვარდი - ეს ორი ფეხბურთელი "ლესტერის" გამოკვეთილი ლიდერია. სტატისტიკაში რომ არ ჩავიძიროთ, ეს ისედაც ნათლად ჩანს. ვარდის ამბავი სულაც სასწაულია - ის მინდვრიდან უგოლოდ არ გადის. ცოტა ხნის წინათ ინგლისის ნახევრად პროფესიონალურ ლიგებში წვალობდა, ახლა კი ინგლისის ნაკრების ფორვარდია.
ფაქტი ჯიუტია - ორივე ეს მოთამაშე კლაუდიო რანიერის ხელში გავიდა თვისობრივად ახალ დონეზე და რომ არა იტალიელი მწვრთნელი, არავინ იცის, დღეს საერთოდ დავწერდით თუ არა ინგლისელ და ალჟირელ შემტევებზე.
დანარჩენები
"ლესტერის" წარმატება მხოლოდ ამ ორი ფეხბურთელის დამსახურება არ არის. დენი დრინკვოტერი, მარკ ოლბრაიტონი და ნგოლო კანტე რეგულარულად ბრწყინავენ. თამასას არასოდეს სწევენ დაბლა ჯოზეფ შლუპი და შინჯი ოკაზაკი.და მაინც, "ლესტერს" ზამთარში აუცილებლად დასჭირდება რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება. ვფიქრობთ, კლუბის ხელმძღვანელობამ საამისოდ თანხები არ უნდა დაინანოს.
ცხენები რბოლის ფინიშზე
"ყოველთვის, როცა ცხენების რბოლას ვუყურებ, ვიცი, რომ მთავარია, რომელ ადგილზე მივა ჩემ მიერ შერჩეული ცხენი. ახლა ჩვენ ჯერ რბოლის დასაწყისში ვართ. ამიტომ პირველ ადგილს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. 28 ქულა კი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან 12-იც და მიზანი მიღწეულია - პრემიერლიგაში დარჩენა. აი, ამის მერე სხვა მიზნებზე ვიფიქრებთ, მანამდე კი, უბრალოდ, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ", - თქვა რანიერიმ "ნიუკასლთან" 3:0 მოგებული შეხვედრის მერე.
კლაუდიო რანიერი
დაიბადა: 1951 წ. რომი (იტ)
სამწვრთნელო ტიტულები: კოპა იტალია (ფიორენტინა), იტალიის სუპერთასი (ფიორენტინა), ინტერნეტოტოს თასი (ვალენსია), კოპა დელ რეი (ვალენსია), უეფას სუპერთასი (ვალენსია).
რიად მაჰრეზი
დაიბადა: 1991 წ. სარსელი (საფრ)
პოზიცია: გარემარბი
კარიერა: 2009-10 - კიმპერი, 2010-14 - ლე ავრი, 2014-დან ლესტერი
ალჟირის ნაკრები: 22 თამაში, 4 გოლი
ჯეიმი რიჩარდ ვარდი
დაიბადა: 1987 წ. შეფილდი (ინგ)
პოზიცია: ფორვარდი
კარიერა: 2007-10 - სტოკსბრიჯი, 2010-11 - ჰალიფაქსი, 2011-12 - ფლიტვუდი, 2012-დან - ლესტერი
ინგლისის ნაკრები: 4 თამაში
ლესტერ სიტი
დაარსდა: 1884 წ.
სტადიონი: კინგ პაუერ სტედიუმი
ტევადობა: 32 262
ყველაზე მაღალი შედეგი: მე-2 ადგილი (1928/29)
ტიტულები: ინგლისის ლიგის თასი (3-ჯერ), ჩერითი შილდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"