მისწრებასავით გამოვიდა - "ლივერპულთან" ერთად სტივენ ჯერარდი ვარჯიშობს, ვინც ამერიკიდან წამოვიდა და პაუზას მშობლიურ "ენფილდზე" ყოფნით ივსებს. ჯერარდს ყველაფერი უნახავს ფეხბურთში. ფეხბურთში ჯერარდისათვის საიდუმლო აღარაა.
"ლივერპულის" ბოსი, იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ სტივი ჯი მშობლიურ გუნდს ძალიან დაეხმარება. პრემიერლიგაში ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პერიოდი დგას და "კოპების" გმირიც იქაა, სადაც უნდა იყოს.
"ჯერარდი ჩვენთან მოვიდა. ეს ჩემთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც ძალიან
ამ ეტაპზე საქმე ასეა - სტივი არ ითამაშებს, მაგრამ ის მაინც ჩვენი გუნდის წევრია. წევრი, რომელიც სულ "ენფილდზეა" და გვამხნევებს. პირველი პოზიტივი ჯერარდისაგან უკვე მივიღეთ. ეს მისი გამოჩენაა.
მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და რომ "ენფილდის" კარი ნებისმიერისათვის შეიძლება ჩაიკეტოს, ოღონდ არა - ჯერარდისათვის", - თქვა გერმანელმა.
პირველად ჯერარდმა "ლივერპულთან" ერთად ორშაბათს ივარჯიშა. როგორც ძველ, კარგ დროს, სტივი ჯი წინ მიუძღვოდა პარტნიორებს. კლოპი ახლად მოვლენილ შეგირდს ძალიან თბილად ექცეოდა.
"ლივერპულს" ქომაგი არასოდეს აკლდა, უახლოეს საშინაო შეხვედრაში კი იმაზე მეტ გულშემატკივარს ელიან, აქამდე რომ იყო "ენფილდზე". ლეგენდა ბრუნდება და მას საკადრისი დახვედრა სჭირდება. ლეგენდები მიდიან და იშვიათად ბრუნდებიან. ჯერარდი ამითაც გამორჩეულია.
"სტივენ ჯერარდმა ჩვენში რწმენა უნდა ჩასახოს გადამწყვეტი მატჩების წინ. სეზონი ძალიან რთულია. მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც ჩვენგან ელიან. მე ვიცი, რომ ეს "ლივერპულია" და ისიც ვიცი, რომ თამასა ძალიან მაღლაა. ყველაფერი დალაგდება. ცოტა დროც და "ლივერპული" ისეთი იქნება, როგორიც უნდა იყოს", - ამბობს კლოპი.
ხვალ, გვიან საღამოს "ლივერპული" ინგლისის თასზე "საუთჰემპტონს" შეხვდება. კლოპის თქმით, გუნდში ატმოსფერო კარგია ამ თამაშის წინ და ამაში დიდი წვლილი ჯერარდს მიუძღვის.
"ის მოვიდა და ეგრევე ღიმილი მოიტანა. სტივი ისე დაგვეხმარება, რომ ოფიციალურ შეხვედრაში მისი ბუცი არც კი გაისვრება. ვარჯიშზე სპეციალურად ვაკვირდებოდი ფეხბურთელების სახეებს და მე ყველა სახეზე ღიმილი ვნახე", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.
კლოპმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ "ლივერპული" თანდათან გააუმჯობესებს თამაშს, რადგან გუნდს დაუბრუნდნენ ლიდერები: დანიელ სტარიჯი და ჯორდან ჰენდერსონი. ეს ორი ფეხბურთელი გუნდისათვის დიდი ძალაა.
"ჯორდანისა და დანიელის დაბრუნება ჩვენ გუნდისათვის მორიგი პოზიტიური სიახლეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღავსებს მომავლის იმედით.
შემადგენლობის სიღრმე "ლივერპულს" აუცილებლად გამოადგება.
ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველა შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებას. კარგად ვიცით, რომ თითოეულ შეხვედრაში ეს არ გამოვა, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას და როცა "ლივერპულის" წევრი ხარ, სხვაზე არაფერზე უნდა იფიქრო", - ამბობს გერმანელი სპეციალისტი.
კლოპს პირველად უახლოვდება ინგლისური საშობაო ორომტრიალი. პრემიერლიგას ბევრი დიდი მწვრთნელი უნახავს და ამ დროს ბევრი დაუბნევია. რას იზამს იურგენი? გერმანელის საუკეთესო შემფასებელი "ლივერპულის" ადგილი იქნება სატურნირო ცხრილში ამ პერიოდის დასრულების შემდეგ. მანამდე კი გერმანელი ამბობს:
"ვიცით, ამ პერიოდს თან ყოველთვის ახლავს გარკვეული სირთულეები, მაგრამ ამავე დროს, ეს ფეხბურთის ზეიმია და მოხარულები ვართ, რომ ამ ზეიმის ნაწილი ვიქნებით. ეს შესანიშნავია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"