სადიო მანე - "წმინდანი" და დიდი ფული

AutoSharing Option
შესაძლოა, სენეგალის ნაკრებისა და "საუთჰემპტონის" ლიდერი სადიო მანე ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში" აღმოჩნდეს. სწორედ ამ სავარაუდო ტრანსფერს ეძღვნება ჩვენი წერილი, რომელიც daily mail-ის პუბლიკაციის მიხედვითაა მომზადებული.

ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედი" სენეგალის ნაკრებისა და "საუთჰემპტონის" წამყვანი შემტევის, სადიო მანეს გადაბირებას ეცდება. "საუთჰემპტონი" ბოლო წლებში იოლად და კარგ ფასად ელევა ლიდერებს. ეს საკლუბო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც "წმინდანების" არსებობას მომგებიანს ხდის.

"საუთჰემპტონმა" ამ სეზონის წინაც გაყიდა ლიდერები, თუმცა ისინი ისე მაგრად ჩაანაცვლა, რომ გუნდი იმაზე უკეთ და მიმზიდველადაც კი თამაშობს, ვიდრე ადრე. იმ ლიდერებიდან ერთი
"იუნაიტედსაც" ერგო - ფრანგი საყრდენი მორგან შნეიდერლინი. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.

მორგანი დღეს "იუნაიტედის" ძირითადში ხშირად ჩნდება, "საუთჰემპტონმა" კი კარგად გამოიმუშავა.

ახლა საქმე ასეა: "მანჩესტერს" ზამთარშივე უნდა აფრიკელის ხელში ჩაგდება. ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "იუნაიტედის" ჰოლანდიელი დამრიგებელი ლუი ვან გაალია. მანემ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

მაინც რად უნდა "იუნაიტედს" სენეგალელი? საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელი მწვრთნელი გუნდის შეტევაში თამაშით უკმაყოფილოა. ის მიიჩნევს, რომ ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი თავდასხმაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს.

ძალიან ხშირად "მანჩესტერი" თამაშებს მინიმალური ანგარიშით იგებს (თუ იგებს) და ქომაგს ეს არ მოსწონს. "იუნაიტედი" მოწინააღმდეგის კართან შეტევების ქარიშხალს უნდა აყენებდეს. ეს ჯერ არ გამოდის და ვერავინ იტყვის, რომ მაინცდამაინც მანეს ტრანსფერის შემდეგ გამოვა, რადგან "წითელმა ეშმაკებმა" და ლუი ვან გაალმა მანეზე კლასიანი ფეხბურთელები ისე მოინელეს, რომ მათგან შედეგი ვერ ნახეს. ყოველ შემთხვევაში, ვან გაალს მანესი სჯერა.

"საუთჰემპტონში" სხვანაირად ფიქრობენ. გუნდს საამსეზონო მიზნები აქვს და მანე სჭირდება. "წმინდანები" ტრანსფერს არ უარობენ, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სეზონი დასრულდება.

გუნდის ჰოლანდიელმა დამრიგებელმა რონალდ კუმანმა არაორაზროვნად მოახსენა შეფობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სენეგალელი ზამთარშივე გაიყიდება, "საუთჰემპტონს" ყველა საამსეზონო გეგმა აერევა, რადგან მანე გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია და ბევრი რამ "საუთჰემპტონის" მექანიზმში სწორედაც რომ აფრიკელზეა აწყობილი.

სხვათა შორის, "იუნაიტედს" ზაფხულშიც უნდოდა მანეს ყიდვა, მაგრამ მაშინ "საუთჰემპტონმა" არ იჩქარა ფეხბურთელთან გამოთხოვება. "წმინდანების" რიგები ისედაც არაერთმა ლიდერმა დატოვა და რონალდ კუმანს ახალი გუნდი ვინმეს გარშემო უნდა აეშენებინა.

ორი ლიდერის, სადიო მანესა და იტალიელი ფორვარდის, გრაციანო პელეს დამსახურებაა, რომ "საუთჰემპტონმა" სახე არ დაკარგა და კვლავ ერთგულობს იმ შემტევ, სანახაობრივ სტილს, რომელიც ბოლო დროს რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდის საფირმო ნიშნად იქცა.

ბოლოს საქმე ასე იყო: მანეს სანაცვლოდ "იუნაიტედი" 20 მილიონ გირვანქას ჩამოდიოდა, "საუთჰემპტონი" კი ორჯერ მეტს ითხოვდა. საქმეში კარგად ჩახედულები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 40 მილიონ გირვანქას შეუძლია, რქები მოსტეხოს "საუთჰემპტონს".

სხვა საკითხია, რამდენად გადაიხდის "იუნაიტედი" ამხელა თანხას ნიჭიერ, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელში, რომელსაც ძალიან ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი. "იუნაიტედი" ვან გაალის შეფობით არაერთმნიშვნელოვან ტრანსფერებს ახორციელებს.

მაგალითად, ვან გაალმა "რეალიდან" ანხელ დი მარია იყიდა, თუმცა ვერ გამოიყენა და "სენ ჟერმენში" გაყიდა. ჯერჯერობით ვერც ის მოთამაშეები ბრწყინავენ, ჰოლანდიელმა, დი მარიას გარდა, კიდევ რომ მიიყვანა "ოლდ ტრაფორდზე". ასე რომ, ვან გაალი ფრთხილად უნდა იყოს.

იმასაც ამბობენ, რომ მანეს წასვლა უნდა "საუთჰემპტონიდან", ოღონდ ის წინააღმდეგი არაა, ზაფხულამდე მოიცადოს და მერე შეუერთდეს "იუნაიტედს". ეს ბუნებრივია - როცა "ოლდ ტრაფორდზე" გეძახიან, იოლად თავს ვერ შეიკავებ.

სადიო მანეს უფრო ახლოს გაცნობა ურიგო საქმე არ უნდა იყოს. ის სენეგალის ქალაქ სედიუში დაიბადა. საფეხბურთო ანბანი ფრანგულ მეცში ისწავლა, მერე კი გადავიდა ავსტრიულ "ზალცბურგში", სადაც ის საზოგადოებამ გაიცნო კიდეც.

ის "ზალცბურგი" შეტევების ქარიშხალს ატრიალებდა მოწინააღმდეგეების კართან და მანე ლიდერი იყო, გამოკვეთილი ლიდერი ესპანელ შემტევ სორიანოსთან ერთად. ავსტრიაში "ზალცბურგი" ყველას უგებდა.

2011 წელს ის "საუთჰემპტონში" 11,8 მილიონ ევროდ მივიდა და მას შემდეგ ერთ-ერთი მთავარი "წმინდანია". გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ გარემარბი, რომელსაც დიდი ტექნიკური არსენალი აქვს.

მანე პირველი კაცია ვარსკვლავებით არცთუ ღარიბ სენეგალის ნაკრებში. სენეგალის პირველ გუნდში ხშირია სკანდალები და ჩვენს გმირსაც ერთი-ორჯერ დააბრალეს, რომ ტყუილად გააცდინა სანაკრებო მატჩები.

მანე ირწმუნება, რომ ეს მის ხასიათში არ ზის და რომ მას ტყუილი არ უყვარს. ძალიანაც კარგი. ვარსკვლავებს არ უხდებათ სიცრუე. ჩვენ თვალწინ დიდი ომი მიდის, თავისი წმინდანითა და დიდი ფულით.

როგორც წესი, გრანდები საწადელს აღწევენ ხოლმე.
ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული