რიად მაჰრეზი - ძველი ბიჭის ცეკვა მგლებთან

AutoSharing Option
პრემიერლიგის მთავარ აღმოჩენა "ლესტერში" ორი გამორჩეული ფეხბურთელი ბრწყინავს - ჯეიმი ვარდი უამრავი გოლითა და რიად მაჰრეზი, გოლებითა და პასებით. რომ არა ამ ორი პრიმას დიდებული თამაში, დღეს "მელიები" იქ არ იქნებოდნენ, სადაც არიან - პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში.

ბევრი მიიჩნევს, რომ ალჟირის ნაკრების ლიდერი რიად მაჰრეზი პრემიერლიგის ყველაზე ეფექტური მოთამაშეა მიმდინარე სეზონის მიხედვით. ეს, ალბათ, ასეცაა. თუ არა და ჟოზე მოურინიოს ვკითხოთ. მაჰრეზმა თავბრუ არაერთხელ დაახვია მთელ "ჩელსის" და ულამაზესი გოლიც გაუტანა.

მაინც ვინ არის ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის უბადლო მცოდნეებსაც
კი გაოცებისაგან პირი დააღებინა? უპრიანია, მაჰრეზი ახლოს გავიცნოთ. მითუმეტეს, ჩვენი გმირი ძალიან საინტერესო წარსულის კაცია.

მაჰრეზის წარმომავლობა ასეთია - მამამისი ალჟირელია, დედა კი რიადს მაროკოდან ჰყავს. აჰმედ მაჰრეზი თავადაც ფეხბურთელი იყო, თუმცა სამოყვარულო ფეხბურთს ვერ გასცდა. ცნობილი ხდება, რომ რიადის მამა "მარსელის" დიდი ფანი იყო. მას ოდითგანვე უნდოდა, რომ რიადს "ოლიმპიკის" ღირსება დაეცვა, მაგრამ ჯერ ეს საქმე არ გამოდის და ჩვენი გმირის სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ვეჭვობთ, მომავალში გამოვიდეს.

პარიზის გარეუბან სარსელში მცხოვრები ოჯახი ხშირად შიმშილობდა. მშობლები დღიურ სარჩოს პარიზში ეძებდნენ, მაჰრეზი კი ვიწრო ქუჩებში დილიდან საღამომდე ბურთს დასდევდა. იყო შემთხვევები, როცა ის დღეში ორჯერ, სრულიად მშიერი მიდიოდა ვარჯიშზე.

იყო ქუჩა, არაბული კვარტლისათვის დამახასიათებელი ხმაურიანი გარჩევები. მაჰრეზის მეგობრები იგონებენ, რომ ბიჭი ქუჩაში მაგრად იდგა და მის სიტყვას ყველა პატივს სცემდა, აფასებდა.

მერე რიადის ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, მას მამა გარდაეცვალა. რიადს მამა ძალიან უყვარდა. მაჰრეზმა პირობა დადო, რომ მამის ოცნებას აასრულებდა და პროფესიონალი ფეხბურთელი გახდებოდა.

მეგობრები იხსენებენ, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ რიადი ძალიან ბევრს ლოცულობდა მეჩეთში და დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში არ გამოდიოდა სატრენაჟორო დარბაზიდან. თავიდან ჩვენი გმირი ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ სისტემატური ვარჯიშის შემდეგ მშვენიერ ჯანზე მოვიდა.

ეს იყო და რიადმა რამდენიმე შეთავაზება მიიღო. მსურველთა შორის იყვნენ რუმინელები, შოტლანდიელები და ინგლისელები. ინგლისური წინადადება სამოყვარულო ლიგიდან იყო. ფეხბურთელს სქოთმა სკაუტებმა ჩააკითხეს კიდეც მშობლიურ ქალაქში, მაგრამ მათი შეთავაზება ღარიბი რიადისათვის მისაღები არ იყო - გზის ფული მას თავად უნდა ეშოვა.

ადგილობრივი საფეხბურთო კლუბიდან, რომელიც რატომღაც ნელსონ მანდელას სახელს ატარებდა, მაჰრეზი "ლე ავრის" მეორე შემადგენლობაში გადავიდა სათამაშოდ. ეს უკვე სერიოზული ნახტომი იყო.

ის მალევე დაწინაურდა ძირითად გუნდში. "სწორედ აქ მივხვდი პირველად, რომ ფეხბურთი სამუშაო იყო და არა მხოლოდ თამაში. იქამდე მე ფეხბურთს მხოლოდ ერთადერთი მიზნით ვთამაშობდი - სიამოვნება რომ მიმეღო მისგან, ახლა კი სულ სხვანაირად წავიდა საქმე და მე მუშაობს დავიწყე." - ამბობ რიადი.

მაჰრეზს თვალი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარმა "ლესტერმა" დაადგა და ეს ტრანსფერიც შედგა. არადა, ოჯახის წევრები რიადს ესპანეთში გადასვლას ურჩევდნენ. "არ მჯერა, რომ ეს ნაბიჯი გადადგი. შენ ინგლისში შეიძლება მოგკლან. იქ უხეში ფეხბურთია, ესპანეთში უნდა წასულიყავი, შენი ტექნიკით ფონს გახვიდოდი" - უთხრა დედამ მაჰრეზს. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ტექნიკა ნისლიან ალბიონზეც ჭრის.

"ლესტერმა" ფეხბურთელში 450 ათასი ევრო გადაიხადა. ახლა ის მილიონებად გაიყიდება, თუმცა თავად ალჟირელი გუნდიდან წასვლას ჯერ არ ჩქარობს. "ჩვენ დიდებული სეზონი გვაქვს და უმაღლესი მიზნებისათვის ვიბრძვით. აქედან გამომდინარე, ახლავე ვამბობ, რომ იანვარში არსად არ მივდივარ და არანაირ შეთავაზებას არ განვიხილავ. მე მიყვარს "ლესტერი". მსოფლიომ ამ გუნდში გამიცნო და ახლა, როცა ჩვენ შანსი გვაქვს, ისტორია დავწეროთ, ვერ გავეცლები." - ამბობს რიადი, ვისაც პრემიერლიგაში ქომაგები უკვე გამოუჩდნენ სხვადასხვა გუნდის გულშემატკივრებს შორის.

"ლესტერის" გამოცდილმა დამრიგებელმა კლაუდიო რანიერიმ მაჰრეზზე შემდეგი თქვა: "ხანდახან მგონია, რომ ის ამ ქვეყნიდან არ არის და უცხო პლანეტიდან ჩამოვიდა, რათა ეს დიდებული სეზონი შექმნას ჩვენთვის, დაუვიწყარი გახადოს".
მაჰრეზი ალჟირის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გეხსომებათ, გასულ, ბრაზილიურ მუნდიალზე ჩემპიონი გერმანია არგენტინასთან დრამატულ ფინალამდე ყველაზე მეტად სწორედ ალჟირმა ანერვიულა.

ვინ იცის, მომავალ, რუსულ მუნდიალზე მაჰრეზი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავის სტატუსითაც კი ჩავიდეს. მანამდე კიდევ არის დრო. მანამდე მაჰრეზი აუცილებლად მოუმატებს.

დღეს ის არაერთ საქველმოქმედო პროექტს წარმართავს ალჟირსა და საფრანგეთში. დღეს მაჰრეზების ოჯახს აღარ უჭირს და აღარც რიადის ძმა ვაჰიდი დგას გამუდმებით პარიზის გარეუბანში, ბირჟაზე.

ცუდია, რომ აჰმედ მაჰრეზი შვილის ტრიუმფს ვერ მოესწრო და ამაზე ოცნება საფლავში წაიღო, შვილს კი მამა ახსოვს. ახსოვს და იქნებ, ოდესღაც, მისი სურვილი შეასრულოს - ფრანგულ გრანდ "მარსელში" ითამაშოს.

ჯერ ალჟირელი ძველი ბიჭი დიდებულად ცეკვავს პრემიერლიგის გამოცდილ მგლებთან.

დოსიე
რიად მაჰრეზი

დაიბადა: 1991 წ. სარსელი (საფრანგეთი)
პოზიცია: გარემარბი
კარიერა: 2009-10 - ქუიმპერი; 2010-14 - ლე ავრი; 2014-დან - ლესტერი
ალჟირის ნაკრები: 22 თამაში, 4 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული