რატომ აგებს იურგენ კლოპის "ლივერპული"? პიკნიკის დროა!

AutoSharing Option
წლევანდელი პრემიერლიგა ისე მიმდინარეობს, რომ ამ სცენარს თვით ყველაზე გაბედული პროგნოზისტიც კი ვერ წარმოიდგენდა. სხვა გრანდებს მხარი "ლივერპულმაც" აუბა, რომელიც ძალიან ხშირად მარცხდება.

"ლივერპულის" გერმანელი დამრიგებელი იურგენ კლოპი წაგებებს შეჩვეული არ არის. 2 დეკემბერს მან განაცხადა, რომ ვერასოდეს დაივიწყებს "კრისტალ პალასთან" მარცხს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი ყოფილა.

მას შემდეგ ინგლისის ჩემპიონატში "ლივერპულმა" 3 შეხვედრა ჩაატარა და გასვლაზე ორჯერ დამარცხდა. გუნდმა ქულა მხოლოდ მშობლიურ "ენფილდზე" იხსნა და ისიც კომპენსირებულ დროში, "ვესტ ბრომვიჩთან".

გუნდის ასეთმა თამაშმა კლოპს სტატისტიკა გაუფუჭა. ის
სტატისტიკურად ნაკლებწარმატებულია "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვიდრე გუნდის ყოფილი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი. ცუდ დღეშია თავად "ლივერპულიც", რომელიც შობას მოკრძალებულ, მეცხრე ადგილზე ხვდება.

თავად კლოპი იმედიანადაა. "უოტფორდთან" გასვლაზე უიმედოდ (0:3) წაგებული მატჩის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა შემდეგი თქვა:

"იოლ მატჩებს ყველა იგებს. ჩვენ რთული შეხვედრების მოგება უნდა ვისწავლთ. ფაქტია, ჯერ ეს არ გამოგვდის. ვიცით, რომ პრობლემების წინაშე ვართ, მაგრამ ეს არ გვაშინებს. მთავარია, ზუსტად მივაგნოთ მიზეზს, რის გამოც გვემართება ასე".

მაინც, რა კომპონენტებზე უნდა იმუშაოს კლოპმა?

სტილი
ჯერჯერობით "ლივერპულსა" და მწვრთნელს ბოლომდე არ ესმით ერთმანეთის. ერთადერთი, რაც კლოპმა შეცვალა გუნდში, ისაა, რომ მერსისაიდელები ცოტა ზემოდან იწყებენ პროგრესს, მაგრამ ეს საქმის გამოსწორებისათვის საკმარისი არ არის.

ამ დროისათვის გუნდი მაინც ვერ შეეჩვია დომინანტობას. "ლივერპული", ძირითადად, მაშინ ქმნის სახიფათო მომენტებს მოწინააღმდეგის კართან, როცა ის კონტრშეტევებზე თამაშობს. იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე არ ტოვებს სივრცეს კონტრშეტევისათვის, "ლივერპულს" ძალიან უჭირს.

ეს არ არის კლოპის სტილი. გერმანელი აუცილებლად შეეცდება, "ლივერპული" დომინანტი გუნდი გახადოს და საამისოდ ის არც ტრანსფერებს მოერიდება, თუნდაც - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში.

უფანტაზიობა შეტევაში
პრემიერლიგის ბოლო მატჩში "ლივერპულმა" საკლუბო რეკორდი დაამყარა, ოღონდ დადებითი კუთხით არა: გუნდის ფეხბურთელები ათჯერ მოხვდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ვფიქრობთ, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

ფაქტია, რომ მერსისაიდელთა ნელი, უფანტაზიო შეტევები იოლად გასაშიფრია მოწინააღმდეგეებისათვის. ბოლო მატჩებში "წითლების" მიერ გათამაშებული სულ რამდენიმე კომბინაცია ვიხილეთ.

რატომ დადგა ეს შედეგი? შესაძლოა, მიზეზი ისიცაა, რომ "ლივერპულის" შემტევები კარგ ფორმაში არ არიან. არის ტრავმების პრობლემაც. მაგალითად დანიელ სტარიჯი გამოდგება. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე დაბრუნდა და ისევ დაიმტვრა.

შეიძლება ითქვას, რომ კლოპსა და სტარიჯს შორის პირველმა "შავმა კატამ" უკვე გაირბინა. იურგენმა მოუწოდა ფეხბურთელს, მეტი თავდადება გამოავლინოს და მან თქვა, რომ სტარიჯმა უნდა ისწავლოს ტკივილების გარჩევა - არის ტკივილი, რომელსაც შეიძლება გაუძლო და ისე ითამაშო.

სტანდარტები
მეტოქის მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობები "ლივერპულისათვის" "აქილევსის ქუსლად" იქცა. ბოლო ორ მატჩში "ლივერპულის" მოწინააღმდეგეებმა სულ 7 სტანდარტი შეასრულეს და აქედან 3 გაიტანეს.

ჩანს, რომ სტანდარტებისას გუნდმა, უბრალოდ, არ იცის, როგორ უნდა დაიცვას თავი. დავამატოთ ამას ისიც, რომ სტანდარტების დროს საშინლად თამაშობს გუნდის ორივე მეკარე - სიმონ მინოლე და ადამ ბოგდანი.

ფსიქოლოგია
ვეჭვობთ, იურგენ კლოპის ყველაზე დიდი პრობლემა ფსიქოლოგიური თვალსაზრისისაა. "ლივერპული" გადაეჩვია მოგებას. ფეხბურთელებს, თითქოს, აღარ სჯერათ, რომ ისინი ნამდვილი გრანდის ღირსებას იცავენ.

რა თქმა უნდა, კლოპმა იცის, როგორ იმუშაოს. მას "დორტმუნდში" მუშაობისას ერთი საინტერესო მეთოდი ჰქონდა - წარუმატებლობის სერია თუ გაგრძელდებოდა, შეგირდები პიკნიკზე მიჰყავდა.

ინგლისურ ფეხბურთში ახლა საშობაო სიგიჟეების ჟამი დგას, მაგრამ ვფიქრობთ, პიკნიკისათვის რამდენიმე საათის გამონახვა მაინც უპრიანი იქნება. კლოპი "ლივერპულის" მმართველია და მან გადატვირთვის ღილაკს უნდა დააჭიროს ხელი, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს...

სხვა საქმეა, რომ ამ ფეხბურთელებით სოლიდური შედეგის ჩვენება ძალიან გაჭირდება. უკვე ცხადია, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი მონადირე სწორედ მერსისაიდული კლუბი იქნება და ისიც არ უნდა იყოს დაუჯერებელი, რომ კლოპი აქცენტს მის ოდინდელ შეგირდებზე გააკეთებს.

ეს შეგირდები კი იურგენთან კვლავ შეყრის სურვილით იწვიან. მოკლედ, ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული