"არსენალი": მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ლიდერ "ლესტერ სიტის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ლესტერშირელებს ერთადერთი წაგება ამ სეზონში სწორედ "მეთოფეებთან" აქვთ. ლონდონურ გუნდს ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და ეიმედება, რომ მალე "მელიებსაც" გადაასწრებს.

2004 წლის შემდეგ "არსენალს" ჩემპიონობისთვის ბრძოლის პირველი რეალური შანსი აქვს. ამის ერთ-ერთი მთავარი "მიზეზი" პეტრ ჩეხია, რომელიც ხშირად ინახავს კარს "მშრალად" და ამ კუთხით მალე პრემიერლიგის რეკორდსმენიც გახდება, ერთი "შათაუთიღა" დარჩა. 33 წლის გოლკიპერი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს პირველობისთვის ბრძოლა მართლაც ძალუძს.

"სიტისთან" არცთუ უმნიშვნელო დანაკლისის მიუხედავად, მოგების
მერე "არსენალის" ფეხბურთელებსაც და ფანებსაც თავდაჯერება შეემატათ.

"ჩვენ ახლაც კარგად ვთამაშობთ, არადა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია. როდესაც ისინი დაბრუნდებიან და მწვრთნელს შეეძლება ყველას სურვილისამებრ გამოყენება, ჩვენი თამაში კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდება. ეს ბონუსი ნამდვილად გვაქვს და ვფიქრობ, რესურსი ბრძოლის ბოლომდე გასაგრძელებლად გვეყოფა" - თქვა ჩეხმა.

წინა სეზონში "არსენალი" მესამე ადგილზე გავიდა. ლონდონელები 12 ქულით ჩამორჩნენ ჩემპიონ "ჩელსის". სამაგიეროდ, ვენგერმა კრიზისული პერიოდის დაძლევა შეძლო, პოსტი შეინარჩუნა და ასოციაციის თასიც მოიგო, რასაც მერე ინგლისის სუპერთასი დაამატა.

მძიმე პერიოდი ფრანგმა უკვე ამ სეზონშიც გადალახა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თავი რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო, მაგრამ ბოლოს თავისას მაინც მიაღწია. მართალია, მერვედფინალის მეტოქეში "მეთოფეებს" არ გაუმართლათ ("არსენალს" "ბარსელონა" დაეჯახა), მაგრამ ამაზე თებერვალში ვილაპარაკოთ. იქამდე კი "არსენალის" საქმე საკმაოდ კარგად მიდის.

"საკმაოდ ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვსურდა და ვისურვებდით. ვერ ავცდით ტრავმებს და ამის გაკონტროლება ძნელია - ხან უფრო მეტი ფეხბურთელი გაკლია, ხან შედარებით ნაკლები. თუმცა ჩვენ გამოვაჩინეთ, რომ ამის მიუხედავადაც შეგვიძლია მატჩების მოგება.

მჯერა, სხვების დაბრუნების მერე კიდევ უფრო უკეთ ავთამაშდებით. სეზონი გრძელია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა თუ მარტი-აპრილისთვის ისევ მსგავს სიტუაციაში ვიქნებით, ტიტულის მოგების რეალური შანსი გვექნება" - აღნიშნა ჩეხმა, რომელიც ზაფხულში "არსენალის" ერთადერთი შენაძენი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული