"ლივერპული": პირველი ტრანსფერი და გერმანული დესანტის მოლოდინში

AutoSharing Option
იურგენ კლოპის "ლივერპულს" ახალი სისხლი სჭირდება. იურგენ კლოპს სჭირდება ახალი ფეხბურთელები, რათა ინგლისური გრანდი თავის ნებაზე მოჭრას. ეს "ლივერპული" ბრენდან როჯერსის ფორმაციისაა, მისი აწყობილია.

ყველამ ვიცით, რომ როჯერსისა და კლოპის გემოვნება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ საფეხბურთო გემოვნებაზე ვამბობთ და ზოგადად, გემოვნებაც სხვაა. კლოპს სპორტულები უყვარს, როჯერსს - კოსტიუმი.

ფეხბურთელებშიც ასეა. ის, რაც დამაკმაყოფილებელი იყო როჯერსისათვის, კლოპისათვის მისაღები ვერაფრით იქნება. იურგენმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი ახალი "ლივერპულის" მშენებლობის რთულ და ეკლიან გზაზე.

"ლივერპულმა" სერბული "ცრვენა ზვეზდადან" 5,1 მილიონად იყიდა ნიჭიერი ნახევარმცველი
მარკო გრუიჩი. ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი განათხოვრების წესით მშობლიურ კლუბში ჩაამთავრებს სეზონს და მერე შეუერთდება "ლივერპულს".

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, მხოლოდ ჟურნალია და კინო აუცილებლად დაიწყება. არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კლოპი "ენფილდზე" მისთვის კარგად ნაცნობ ფეხბურთელებს მიიყვანს.

მაინც ვინ შეიძლება გააძლიეროს "ლივერპული" და რომელ პოზიციაზე სჭირდება ახალწვეულები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბს, რომელმაც თვით კლოპის ხელშიც კი ვერ მიაღწია ბოლომდე სტაბილურობას? 

ცხადია, თუ ასე გაგრძელდა, მაღალი მიზნებისათვის ბრძოლა რთული იქნება, საშუალო დონეზე თამასას კი როჯერსიც ინარჩუნებდა და ამისათვის კლოპის მიყვანა გუნდში სულაც არ იყო საჭირო.

რა თქმა უნდა, "ლივერპულს" ყველაზე მეტად გაძლიერება ნახევარდაცვის ხაზში სჭირდება. ნახევარდაცვა ყველა გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ასეა "ლივერპულშიც".

ფაქტია, კლოპის გუნდის შუა ხაზში ძალიან ბევრი რამ ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიელი ფელიპე კოუტინიო ვერ ან არ თამაშობს (ის ახლაც ტრავმირებულია), "ლივერპულს", პრაქტიკულად, არ აქვს ფანტაზია.

გუნდის მიერ განხორციელებული იერიშების გაშიფვრა იოლად ხდება.

თანამედროვე ფეხბურთში ცუდია, როცა არათუ გრანდი, არამედ რიგითი გუნდიც კი ერთ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება მთლად არ უნდა მოისპოს, მაგრამ მნიშვნელოვნად კი უნდა შემცირდეს.

ცხადია, ამ ზამთარს "ლივერპულში" დიდი ცვლილებები არ იქნება, მაგრამ გარკვეულ სიახლეებს კი უნდა ველოდოთ. კლოპისათვის იდეალური იქნება "ენფილდზე" იმ ფეხბურთელების მიყვანა, რომლებსაც ის კარგად იცნობს.

კლოპისათვის ყველაზე კარგი და დროული შენაძენი გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მარკო როისი იქნებოდა. როისს შეუძლია, სულ სხვანაირი გახადოს "ლივერპული" და გრანდებისათვის საშინელ სეზონში საჩემპიონო მარულაშიც ჩააბას, მაგრამ აქ არის ორი მნიშვნელოვანი "მაგრამ".

ჯერ ერთი, "დორტმუნდი" სეზონთაშორის პერიოდში ძნელად თუ შეელევა გამოკვეთილ ლიდერს. როისის სატრანსფერო ფასი ძალიან დიდია და იქნებ 80 მილიონ ევროსაც გასცდეს.

მეორეც - მარკო ძალიან ხშირად ტრავმიანობს. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი გარემოებაა, რადგან ინგლისური პრემიერლიგა ძალიან კონტაქტური შეჯიბრებაა და იქ ტრავმის მიღების საფრთხეც დიდია.

სამაგიეროდ, "ლივერპულს" შეუძლია იფიქროს ილქაი გიუნდოგანის, შინჯი კაგავასა და ნური შაჰინის ტრანსფერების თაობაზე. აქ მთავარი ისაა, რომ კაგავასა და შაჰინს პრემიერლიგური გამოცდილება აქვთ.

ნური სულაც "ლივერპულში" იყო, თუმცა მაშინ ინგლისში კლოპი არ მუშაობდა, "ენფილდზე" სხვა ხალხი იყო და შაჰინი ჩაიკარგა. კიდევ კარგი, მისი დიდი ნიჭი მაინც არ დაიკარგა და თურქმა ფეხბურთელმა "დორტმუნდში" ხელახლა შეძლო საკუთარი თავის პოვნა.

კაგავა "მანჩესტერში" იყო. მაშინაც და ახლაც "იუნაიტედი" შიგნიდან ირყეოდა და ირყევა. პატარა იაპონელმა ამ რყევებს ვერ გაუძლო. არადა, მან ძალიან მაგრად იცის ფეხბურთის თამაში.

ამბობენ, კლოპს "ლივერპულში" დაცვის გაძლიერებაც უნდაო. წერენ, რომ ის კვალიფიციურ ცენტრალურ მცველს ეძებს და უარს არც ფლანგის მცველებზე იტყვის. სახელდება მარსელ შმელცერის კანდიდატურა.

არავინ იცის, როგორი იქნება "ლივერპული" ზამთრის სატრანსფერო პაუზის შემდეგ, მაგრამ ყველა ერთხმად კი თანხმდება იმაზე, რომ გუნდი შედარებით მსუბუქი უნდა იყოს და მეტს უნდა უტევდეს. კლოპის სხვანაირი გუნდი წარმოუდგენელია.

ამას "ენფილდზე" გერმანული დესანტი სჭირდება და ვინძლო, ის ფეხბურთელები, რომელთა თაობაზე ზემოთ დავწერეთ, ოდინდელ დამრიგებელთან შეყრის სურვილით იწვოდნენ.

დიდი ალბათობით, ჩვენ სხვანაირ, უკეთეს "ლივერპულს" ვნახავთ და ეს უკვე საინტერესოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული