* კევინ დე ბრუინმა ლიგის თასზე ჩატარებულ 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
* "სიტის" ბოლო 28 საშინაო შეხვედრიდან 27-ში მინიმუმ, გოლი გააქვს. საინტერესოა, რომ ის ერთი უგოლო მატჩი (0:0) მანჩესტერელებმა სწორედ "ევერტონთან" ჩაატარეს 13 იანვარს, პრემიერლიგის ეგიდით.
"მანჩესტერ სიტის" "გუდისონ პარკზე" 1:2 ჰქონდა წაგებული და "ევერტონმა" ფინალისკენ მყარი ნაბიჯი გადადგა, როდესაც "კანფეტები" როს ბარკლიმ დააწინაურა. "ქალაქელებს" გაუმართლათ იმაში, რომ გათანაბრება მალევე შეძლეს. ეს ფერნანდინიომ გააკეთა.
მერე კი
რობერტო მარტინესი მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. საქმე ისაა, რომ "სიტის" მეორე გოლისას ბურთი გადასული ჩანდა, სანამ პასი გაკეთდებოდა. ასეა თუ ისე, რაჰიმ სტერლინგმა დე ბრუინს გადააწოდა და ბელგიელმაც გაიტანა, ხოლო მოგვიანებით ბელგიელმა აგუეროს გაატანინა და შეცვლაზე შემოსულმა თამაში შემოაბრუნა, მაგრამ... დე ბრუინი გასაყვანი გახდა. ისე ჩანდა, თითქოს, მან მუხლი სერიოზულად დაიშავა.
ერთადერთი, რაც კარგია, ჯვარედინი მყესები გაწყვეტილი არ ყოფილა, მაგრამ არ არის გამორიცხული, 24 წლის შემტევს მაინც გაუცდეს არცთუ ცოტა დრო. მანუელ პელეგრინიმ თქვა, რომ დე ბრუინის დახმარების იმედი კიდევ აქვს - ვფიქრობ, მისთვის სეზონი არ დასრულებულაო. ჩილელს მართლაც ესღა დარჩენია, რომ ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, თორემ ნიჭიერი შემტევის გამოკლება "სიტის" ამბიციებსა და შანსებზე დიდი დარტყმა იქნება. სხვათა შორის, ლივერპულელთა მეკარეს, ხოელ რობლესს ეგონა, რომ დე ბრუინი სიმულანტობდა და დრო გაჰყავდა, ამიტომაც ტრავმირებული კევინის წამოყენება სცადა. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში მოიბოდიშა.
"ძალიან მიხარია, რომ ფინალში ვართ და "უემბლიზე" ვითამაშებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ წარმატებას ვიმსახურებდით, მხოლოდ ერთი მატჩი წავაგეთ, პირველი შეხვედრა "ევერტონთან" და იქაც სუფთა პენალტი არ დაგვინიშნეს. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, სტერლინგის პასთან ერთად, იმაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ მეტოქის გოლისას, წესით, ჯარიმა უნდა დანიშნულიყო. მოვიგეთ იმიტომ, რომ სამი გოლი გავიტანეთ, ხოლო "ევერტონს" სულ ერთი შანსი ჰქონდა" - აი, ასეთი კატეგორიული იყო მატჩის შემდგომ პელეგრინი.
"ყველას შეუძლია ნახოს, რომ ბურთი აშკარად გადასული იყო. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და ასე წაგება გულსატკენია. უაღრესად რთულია, მსგავსი მარცხი მიიღო და ემოციებს არ აჰყვე. გულდაწყვეტილები ვართ. "სიტი" ძალიან კარგი გუნდია ბრწყინვალე შემადგენლობით და ჩვეულებრივად რომ გაიტანოს სამი გოლი, არაფერია, ეს უბრალოდ უნდა მიიღო. უბრალოდ, პირველი ბურთი რიკოშეტით გავუშვით, მეორე კი საერთოდ არ უნდა ჩათვლილიყო. ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალიან კარგი ჯგუფი გვყავს და იმედია, ეს კარგ გაკვეთილად გამოგვადგება და უფრო გაგვამხნევებს, ვიდრე პირიქით" - აღნიშნა მარტინესმა.
ფინალი 28 თებერვალს, "უემბლიზე" გაიმართება და "სიტის" მეტოქე "ლივერპული" იქნება, რომელმაც ნახევარფინალში გაჭირვებით და ცოტა იღბლის დახმარებით, პენალტების სერიით გაიარა "სტოკის" ბარიერი. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ქალაქელები" უკანასკნელად ამ ტურნირის ფინალში 2014 წელს იყვნენ და "სანდერლენდს" 3:1 მოუგეს.
სიტი-ევერტონი 3:1 (1:2)
გოლები: 0:1 ბარკლი (18), 1:1 ფერნანდინიო (24), 2:1 დე ბრუინი (70), 3:1 აგუერო (76)
ფინალი
28 თებერვალი
ლივერპული-სიტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"