პრემიერლიგა. XXIV ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ფორსტერის მშრალი სერია

AutoSharing Option
* "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ტაიმში გოლი 2015 წლის სექტემბრის მერე არ გაეტანა (11 მატჩი). მაშინ ხუან მატამ "ვოლფსბურგს" პენალტით გაუტანა. ახლა კი ეს სერია ჯესი ლინგარდმა შეწყვიტა, თანაც კემერონ ბორტვიკ-ჯექსონის პასით.

* 2015 წლის აპრილის მერე კი პირველად მოხდა ისე, რომ "წითელმა ეშმაკებმა" საშინაო შეხვედრის პირველ ნახევარში ერთ ბურთზე მეტი შეაგდეს.

* უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" თავისი 99-ე პრემიერლიგური გოლი გაიტანა. ხოლო თან გატანა და თან საგოლე პასის გაკეთება "ოცნებების თეატრზე" რუნიმ 2014 წლის 26 დეკემბრის მერე პირველად
მოახერხა.

* 2016 წელს პირველად მოხდა ისე, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგის მატჩში მეტოქის პირველივე ზუსტი დარტყმისას არ გაუშვა.

* მაჰრეზმა და ვარდიმ ჯამში ერთმანეთს 7 გოლი შეუქმნეს მიმდინარე სეზონში, რაც საუკეთესო შედეგია ჟირუ-იოზილისა და იგალო-დინის წყვილთან ერთად.

* "ლესტერს" უკვე 50 ქულა აქვს, ხუთიც და "მელიები" პრემიერლიგის ისტორიაში თავიანთ საუკეთესო მაჩვენებელს გააუმჯობესებენ. 1999/2000 წლების სეზონში გუნდმა 55 ქულა დააგროვა.

* "ლივერპულს" ჩემპიონატის ბოლო 6 საგარეო შეხვედრაში 13 გოლი აქვს გაშვებული.

* გილფი სიგურდსონმა გამოიღვიძა. "სუონსის" ისლანდიელს ზედიზედ სამი საგარეო მატჩია, გააქვს. არადა სტუმრად ჩატარებულ წინა 13 მატჩში მას სულ 3 ბურთი ჰქონდა.

* სალომონ რონდონმა შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით "ვესტ ბრომვიჩს" ქულა გადაურჩინა "სუონსისთან" შეხვედრაში. ეს მისი პირველი პრემიერლიგური გოლი გახლდათ 2015 წლის ოქტომბრის მერე.

* "სუონსიმ" მატჩების ბოლო 15 წუთში მხოლოდ მე-4 გოლი გაუშვა მიმდინარე პრემიერლიგაში, რაც "სიტისთან" და "ვესტ ჰემთან" ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

* "ვესტ ბრომი" და "სუონსი" მეათედ შეხვდნენ ერთმანეთს პრემიერლიგაში და პირველად დაუზავდნენ ერთურთს.

* იმაზე, რომ ტონი პულისსა და ფრანჩესკო გვიდოლინს შორის საოცრად საინტერესო და ჩახლ-რთული ტაქტიკური დუელი გაიმართა შემდეგიც მეტყველებს - დარენ ფლეტჩერს მეტოქის საჯარიმოში 5 საგოლე შანსი ჰქონდა და ვერც ერთი გამოიყენა.

* "სუონსის" რიგებში ალბერტო პალოსკის დებიუტი შედგა. იტალიელი მეორე ტაიმში შევიდა მინდორზე, მაგრამ იმდენად აქტიური გახლდათ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

* "კრისტალ პალასს" შეტევაში რომ პრობლემები აქვს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 25 გოლიდან 7 მცველებზე მოდის და ეს პრემიერლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* მარკ პიუს გოლი "ბორნმუთისთვის" პირველი იყო, რომელიც გუნდმა ამ სეზონში 30-45 წუთიან პერიოდში გაიტანა.

* პირველი 6 საგარეო თამაშიდან 5-ის წაგების შემდეგ, "ბორნმუთმა" ბოლო 7-დან მხოლოდ 1 დათმო (3 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი).

* "ვესტ ჰემის" მონაწილეობით შეხვედრებში მიმდინარე პრემიერლიგაში უკვე 9 წითელი ბარათი ვიხილეთ - 4 თავად "ჩაქუჩებმა" "დაიმსახურეს", ხოლო 5 მეტოქეებმა.

* "ასტონ ვილას" პრემიერლიგის უკანასკნელი 23 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.

* 24 ტურის მერე 13 ან უფრო ნაკლები ქულით მყოფი გუნდი (მას მერე, რაც მოგებაზე 3 ქულა იწერება) ინგლისის უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არასოდეს გადარჩენილა.

* მანუელ პელეგრინიმ პრემიერლიგაში თავისი მე-100 მატჩი ჩაატარა და 65-ე მოიგო, მხოლოდ ჟოზე მოურინიოს ჰქონდა უკეთესი მაჩვენებელი თავის პირველ 100 თამაშში - 73 გამარჯვება.

* სერხიო აგუეროს თავის ბოლო 10 პრემიერლიგურ თამაშში 12 ბურთი აქვს გატანილი.

* "სიტიმ" "სანდერლენდთან" შეხვედრაში სულ 6-ჯერ დაარტყა, მეორე ტაიმში ერთადერთხელ. მხოლოდ 6 დარტყმა მიმდინარე პრემიერლიგაში გუნდის ანტი-რეკორდის გამეორებაა.

* "ტოტენჰემს" ჩემიონატის 11 საგარეო მატჩია, არ წაუგია. ასეთი სერია "დეზებს" 1985 წლის მერე არ ჰქონიათ, როდესაც სტუმრად 16 შეხვედრა გამართეს ისე, რომ არც ერთი არ დათმეს.

* "ნორვიჩმა" ბოლო 12 საშინაო თამაშიდან მხოლოდ მეორეში ვერ შეძლო გოლის გატანა.

* "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში "არსენალმა" 11-ჯერ დაარტყა ზუსტად მეტოქის კარში (აქედან 10-ჯერ საჯარიმოს შიგნიდან), მაგრამ მაინც ვერ გაიტანა, რაც მიმდინარე სეზონის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* "ემირატებზე" გამართული მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "საუთჰემპტონის" მეკარე ფრეიზერ ფორსტერი დასახელდა, რომელმაც ურთულესი ბურთები აიღო. მინდორზე დაბრუნების მერე ანუ 4 ტურია, მას გოლი არ გაუშვია. ზედიზედ 4-ჯერ "წმინდანებს" კარი მშრალად 2014 წლის ნოემბრის მერე არ შეუნახავთ.

* "არსენალის" მონაწილეობით ბოლო სამ პრემიერლიგურ მატჩში ოდენ 1 გოლი გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული