10:30 11-02-2016
ინგლისის თასი. 1/16-ფინალი: კლოპი თასიდან ჩახსნეს
AutoSharing Option
ორივე გუნდი, მეტ-ნაკლებად, გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. "ენფილდური" 0:0-ისგან განსხვავებით, მატჩი უფრო სანახაობრივი, დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ორივე გუნდმა გაარტყა ძელს; "ლივერპულს" შეიძლება ოდნავ უფრო მწვავე მომენტები ჰქონდა; რამდენიმე კარგი შანსი კრისტიან ბენტეკემ გაანიავა, მაგრამ "ჩაქუჩებს" ერთ საკამათო ეპიზოდში პენალტი არ დაუნიშნეს.
ანგარიში ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში მყოფმა მაიკლ ანტონიომ გახსნა ენერ ვალენსიას ჩაწოდების შემდეგ. ეს პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, ხოლო მეორე ნახევრის დებიუტში ტრავმამოშუშებულმა და მინდორზე დაბრუნებულმა ფილიპე კოუტინიომ ბენტეკეს მოპოვებული ჯარიმა შეაგდო ეშმაკური დაბალი დარტყმით, რომელიც ცოცხალ კედელს გაუძვრა, მეკარე დარენ რენდოლფი კი სიტუაციაში ვერ გაერკვა.
ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე, დამატებითი დროის დამატებულ წუთზე, ანუ 121-ე წუთზე დიმიტრი პაიეს ჩაწოდებულს იტალიელმა მცველმა ანჯელო ოგბონამ მძლავრი თავური შეაგება და ლონდონელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
"ჩაქუჩებს" ასოციაციის თასი 36 წელია, არ მოუგიათ, ხოლო "ლივერპული" ამ ტურნირზე არასდროს დაემარცხებინა. ამიტომაც ფანებმა ორმაგად გაიხარეს. შემდეგ ეტაპზე სლავენ ბილიჩის გუნდი ჩემპიონშიპის ბინადარ "ბლექბერნს" შეხვდება.
"ფეხბურთელებმა ფანებს სიამაყის საფუძველი და საშუალება მისცეს. ეს გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამარჯვებაა. ჩვენ გვსურს, რომ ამ ტურნირზე კიდევ უფრო შორს წავიდეთ და თუ თამაშსა და პროგრესს ასევე გავაგრძელებთ, ინგლისში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლება. რაც შეეხება პაიეს კონტრაქტს - ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მომავალზე ფიქრობს და წინსვლა აქვს დაგეგმილი, შესაბამისად, წამყვანი ფეხბურთელები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. დიმიტრი აქ ბედნიერია და იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა" - თქვა 47 წლის ბილიჩმა.
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი: "ამ მარცხის მიღება ძალიან ძნელია, რადგან უკეთესი გუნდი ვიყავით, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და მომენტები მრავლად შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ასევე, იყო საკამათო და უფრო სასაცილო გადაწყვეტილებები. თუმცა მსაჯობაზე საუბარი არ მსურს. ლონდონში მოსაგებად ვიყავით და თუნდაც საუკეთესო თამაში არ გვეჩვენებინა, შემდეგ ეტაპზე გვსურდა გასვლა. რა გაეწყობა, ახლა მომავალი თამაშებისთვის უნდა მოვემზადოთ და ბრძოლა გავაგრძელოთ".
10 თებერვალს გაიმართა მეორე 1/16-ფინალური საპასუხო მატჩი. "ვესტ ბრომვიჩი" "პიტერბოროს" ესტუმრა და ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 1:1. დამატებით ტაიმებშიც არ გასულა გოლი და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც სტუმრებმა 4:3 აჯობეს მეტოქეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ვესტ ჰემი-ლივერპული 2:1 (დ.დ.)
გოლები: 1:0 ანტონიო (45), 1:1 კოუტინიო (48), 2:1 ოგბონა (120+1)
პიტერბორო-ვესტ ბრომვიჩი 1:1 (პენ 3:4)
გოლები: 1:0 ტეილორი (55), 1:1 ფლეტჩერი (71)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული