ვინც ინგლისურ პრემიერლიგას ყურადღებით ადევნებს თვალს, დაგვეთანხმება - ორივე ეს მოთამაშე დიდებულ ფორმაშია და მათ გარეშე "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი ვერაფრით იქნებოდა.
"ლესტერი", თუ სასწაული არ მოხდა, აუცილებლად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა უსათუოდ გაზრდის დაფინანსებას, მაგრამ თვით ასეთ შემთხვევაშიც კი გაჭირდება ლიდერების შენარჩუნება.
"ბარსელონა" და მაჰრეზი
მიმდინარე სეზონში ალჟირის მაჰრეზი დაფრინავს. ის ერთმანეთის მიყოლებით ატყუებს მეურვეებს და ამ უძლიერესი ინდივიდუალისტის შემჩერებელი არ ჩანს. ამ ზაფხულს მაჰრეზის შეძენა რამდენიმე გრანდმა მოიწადინა, მაგრამ ფეხბურთელმა და "ლესტერმა" ცდუნებას გაუძლეს.
"არ წავალ გუნდიდან. ეს გადაწყვეტილ ამბად შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან ჩვენ პრემიერლიგის ტიტულის მოსაპობებლად ვიბრძვით და ბიჭებმა ერთმანეთს სიტყვა მივეცით, რომ ბოლომდე ერთად დავრჩებით. ამ სეზონს "ლესტერში" ჩავამთავრებ." - თქვა მაჰრეზმა.
ალჟირელი სიტყვის კაცი აღმოჩნდა, რადგან მაცდურზე მაცდური შეთავაზებების მიუხედავად, მან "ლესტერი" არ მიატოვა. ეს კარგია, მაგრამ, რა იქნება სეზონის ბოლოს? თითქმის წარმოუდგენელია, რომ რიადი "ლესტერში" დარჩეს. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში კარგია, მაგრამ ლიგა კეთილი ზღაპარია, რომელიც მალე მორჩება. და რა იქნება ამის შემდეგ? ცხადია, ალჟირელი ვარსკვლავი ამის თაობაზე ძალიან ბევრს ფიქრობს.
უფრო და უფრო ხშირად ისმის ხმები იმის თაობაზე, რომ მაჰრეზის გადაბირებით "ბარსელონაა" დაინტერესებული. ერთი შეხედვით, ეს გასაკვირი ამბავია, მაგრამ მეორე მხრივ, ალჟირელი იმ დონის მოთამაშეა, რომ ნებისმიერ გუნდში დამკვიდრებაზე შეუძლია გააკეთოს განაცხადი.
და რად უნდა "ბარსას" მაჰრეზი? კატალონიური კლუბი შესაძლოა, გარკვეული ფინანსური სირთულეებისა თუ სხვა არასაფეხბურთი მიზეზების გამო ნეიმარს დაშორდეს. შექმნილ სიტუაციაში ბრაზილიელს ალჟირელზე უკეთესად ვერავინ შეცვლის.
აქვე გასათვალისწინებელია ფეხბურთელის სათამაშო სტილი. რიად მაჰრეზი უაღრესად ტექნიკური ფეხბურთელია, მას არ უნდა გაუჭირდეს კატალონიურ ტიკი-ტაკასთან შეგუება.
ასე სასურველი ვარდი
არ დარჩენილა პრემიერლიგის არც ერთი გრანდი, რომელსაც ჯეიმი ვარდის გადაბირება არ სურდეს. რა გასაკვირია, რომ ამ კუთხით ყველაზე მეტად "ჩელსი" და "მანჩესტერი" აქტიურობენ. ამ ორ გუნდს ახლა საუკეთესო დროება არ უდგას. ორივე გუნდი კრიზისშია და ორივეს სჭირდება ნაღდი მეგოლეები.ფეხბურთმა იცის არაერთი პროგრესი, მაგრამ ძალიან იშვიათად იცის იმხელა წინსვლა, რამხელაც ინგლისის ეროვნული გუნდის ახალგამომცხვარმა ფორვარდმა განიცადა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც დავწერთ - სულ ცოტა ხნის წინათ, ვარდი ინგლისის დაბალ ლიგებში წვალობდა.
"ბიჭი მკვლელის ინსტინქტით" - ასე ეძახიან ვარდის ინგლისში და არ შეიძლება, ამ თიკუნს არ დაეთანხმო. ზოგადად, ინგლისს მოენატრა სუპერგამტანი ცენტრფორვარდი. გასაგებია, რომ არის უეინ რუნი, მაგრამ რუნი არ არის გამოკვეთილი თავდამსხმელი.
სხვა თუ არაფერი, სულ ცოტა ხნის წინათ ინგლისს ჰყავდა ალან შირერი. ერთგული მეგოლე, რომელიც გატანისათვის იყო დაბადებული და რომ არა საკლუბო ერთგულება, უამრავ ტიტულსაც მოიგებდა.
ვარდიმ ის ძველი, კარგი დრო უნდა დააბრუნოს პრემიერლიგაში. მისი ნაღდი გამოცდა ნაღდ გრანდში დაიწყება და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელსაც სურს, რომ ძალები თვისობრივად ახალ დონეზე მოსინჯოს.
შექმნილი სიტუაცია ვარდის წისქვილზე ასხამს წყალს. დღეს ბევრი საყვედურობს ლუი ვან გაალს იმის გამო, რომ იგი გამოკვეთილი ცენტრალური თავდამსხმელის გარეშე თამაშობს."ჩელსიში" ბოლომდე ბედნიერი ვერ არის ბრაზილიელ-ესპანელი დიეგო კოშტა, ვისაც გული მშობლიური "ატლეტიკოსაკენ" მიუწევს...
დანარჩენები
და მაინც, "ლესტერი" არ არის ორი კაცის გუნდი. მიმდინარე სეზონში უბრალოდ შეუდარებელია ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ნგოლო კანტე. კანტეს მაგალითზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება საშუალო ფეხბურთელმა მოუმატოს იმ შემთხვევაში, თუ ის საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოჩნდება.პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ყალიბდება და დიდი ნახტომისათვის ემზადება დანიელი კასპერ შმეიხელი, ლეგენდარული პეტერ შმეიხელის ვაჟი, ვის გარეშეც ახლა "ლესტერის" წარმოდგენა შეუძლებელია.
"მელიებს" ისეთი გუნდი ჰყავთ, მისი დაშლა საცოდაობაა, მაგრამ, რას ვიზამთ - დღევანდელ ფეხბურთში მუსიკას ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"