ვარდი და სხვები - საფეხბურთო "ოსკარები" Daily Mail-ისგან

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ ლოს ანჯელესის "დოლბის" თეატრში დასრულდა 2016 წლის "ოსკარის" საზეიმო ცერემონიალი. საფეხბურთო ინგლისს თავისი "ოსკარები" აქვს...

საუკეთესო როლისთვის
ჯეიმი ვარდი (ლესტერი)

ჯეიმი ვარდი ისეთი ტიპაჟია, რომ კარგი ჰოლივუდური "ბლოკბასტერის" პერსონაჟიც მშვენივრად იქნებოდა. ითამაშებდა გატანჯულ და მრავალჭირნანახ გმირს, რომელიც ეკლიან გზაზე ყველა პრობლემას და ბარიერს დაძლევდა და საბოლოოდ ფეხზე მყარად დადგებოდა - სულაც, მსოფლიოს იხსნიდა. კარგი სცენარისტი მასზე მშვენიერ ისტორიას შექმნიდა.

ვარდიმ დაამხო რუდ ვან ნისტელროის რეკორდი, გაიტანა რა ზედიზედ 11 ტურში და 1 ბურთი აკლია იქამდე, რომ გარი
ლინეკერის შემდეგ (1985 წ.) გახდეს "ლესტერის" პირველი ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 20 გოლს მიითვლის.

ვარდი "მელიებს", სულ მცირე, 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი სენსაციისა და ზღაპრული ტრიუმფისკენ მიუძღვება.

მეორეხარისხოვანი როლისთვის
რიად მაჰრეზი (ლესტერი)

ძირითად ჯილდოსაც იმსახურებს, მაგრამ მეორეხარისხოვანი როლისთვის აღებული "ოსკარიც" არანაკლებ პრესტიჟულია და თან იგრძნობა, რომ თუ ალჟირელი ასე გააგრძელებს, ის მომავალი წლების განმავლობაში სწორედ მთავარი როლის შემსრულებელი იქნება. ამაზე მაჰრეზის ტექნიკური, რეაქტიული სტილი და 14 გოლს პლუს 10 საგოლე გადაცემა მეტყველებს.

საუკეთესო რეჟისორი
კლაუდიო რანიერი (ლესტერი)

მთლად იტალიურ-ფრანგული "ახალი ტალღისა" და კლასიკური კინოს ოსტატი თუ არა, თავისი ჟანრის უბადლო სპეციალისტი, რომლის ნამუშევარიც ყოველთვის პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნის და სასიამოვნო გრძნობებს აღგიძრავს. ახლა კი, აქამდე ბოლომდე დაუფასებელმა მაესტრომ, კლაუდიო რანიერიმ ჯილდოზეც გაიწია და მერე როგორზე... ტიტულები აქამდეც ჰქონია, მაგრამ ასეთი? ისევე, როგორც მის თანამემამულეს და მასავით რომში დაბადებულ ენიო მორიკონეს 87 წლის ასაკში აღირსეს "ოსკარი". ფეხბურთის კომპოზიტორი და უბრალოდ, მხიარული კაცი, რანიერიც დიდი აღიარების მოლოდინშია.

Cinematography
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

მაურისიო პოჩეტინოს კოჭებში ეტყობა ემანუელ ლუბეცკობის ამაღელვებელ-შემაშფოთებელი ნიშნები. მას აქვს უნარი, სულ სხვანაირად დაგვანახვოს და განგვაცდევინოს ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ისტორია, კადრი, გუნდი, ფეხბურთელი... წლებია, "ტოტენჰემს" ვუყურებთ, დიდ ეკრანზე თუ პატარაზე ყველაფერი ერთნაირად და ერთფეროვნად ჩანდა - სიმპათიური გუნდი, რომელსაც ცოტ-ცოტა ყველაფერი აქვს, მაგრამ ბევრი აკლია.

არგენტინელმა აიღო და ყველაფერი სხვა რაკურსით დაგვანახვა. მან თავის პროექტში უცნობი მსახიობები დაასაქმა, არა მაგალითად, ორსონ უელსის "მოქალაქე კეინი", არამედ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ვინმე ჰარი კეინი; არა მუჰამედ ალი, არამედ დელე ალი; არა ომარ შარიფი, არამედ ნასერ შადლი; არა ბენედიქტ ქამბერბაჩი, არამედ ტობი ალდერვეირელდი... პოჩეტინომ იცის, როგორ გააკეთოს უკეთესი. "დეზების" მეთვალყურე დენიელ ლევი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუობას თუ ითავებს და ცოტათი დამატებითი მსახიობების მოსაწვევად ჯიბეზე გაიკრავს ხელს, პოჩეტინო, ლუბეცკისა არ იყოს, არაერთ "ოსკარს" "დადებს".

Editing
სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი)

სლავენ ბილიჩი ისევე მოუხერხებელად და არაკომფორტულად, ცოტა სასაცილოდაც გამოიყურება კოსტიუმში, როგორც ასე გამოწკეპილი ემირ კუსტურიცას რომელიმე ფილმში იქნებოდა. სამაგიეროდ, მისმა ენერგიულობამ, მისმა ჭკუამხიარულობამ და, თითქოს, მუდმივმა ნასვამობამ ან უბრალოდ, საქმის სიყვარულმა და ფეხბურთით თრობამ "ვესტ ჰემი" მართლაც ისე შეცვალა, რომ ამ ნომინაციაში გიჟმაჟ სლავენს ვერავინ შეეცილება.

ახალწვეული
ნ’გოლო კანტე (ლესტერი)

როდესაც ქვედა ლიგაში, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ადამიანს 5,6 მილიონ გირვანქად შეაფასებენ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. თანაც, ისე ჩანს, კანტეს შემთხვევაში "გავარდნასთან" არ გვაქვს საქმე და ერთხელ გაისროლაო, ამის თქმის საბაბის მიცემას ნ’გოლო არავისთვის აპირებს. კანტე არც დენზელ ვაშინგტონია და არც სამუელ ელ ჯექსონი, მაგრამ სულ ცოტა, ჩივეტელ ეჯიოფორი ნამდვილად არის.

საუკეთესო ახალბედა
დელე ალი (ტოტენჰემი)

ის კასიუს კლეივით შემოიჭრა სპორტულ სამყაროში. ყოველმხრივ ისეთივე უცნაური ტიპაჟია და ისევე დაფარფატებს მინდორზე, როგორც ამას მუჰამედ ალი აკეთებდა. სადებიუტო სეზონში ასეთი შთამბეჭდავი და პროდუქტიული ფეხბურთელი, თანაც, ამ დონეზე, ძალიან ძნელი გასახსენებელია.

აი, ვნახოთ, "მანჩესტერის" 18 წლის მარკუს რაშფორდი როგორ გააგრძელებს, გაუჭირდება ისეთივე სტაბილური და შთამბეჭდავი იყოს, როგორიც დელეა, რომელსაც დიდი ალისავით შეუძლია 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე ტრიუმფის დარი რამ შემოგვთავაზოს და "ტოტენჰემს" პრემიერლიგა მოაგებინოს, მერე კი ევრო 2016-ზე გაემგზავროს ინგლისის ნაკრებთან ერთად. ოღონდ, კასიუს კლეისთან ერთი მსგავსებაცაა... რთული ხასიათი.

დელე ალის კოჭებში ეტყობა, რომ "წაუხულიგნებს". ასე რომ, მისთვისვე აჯობებს, მალევე დაჭკვიანდეს და მხოლოდ სპორტულად აგრესიული დარჩეს, ისიც, ზომიერად.

უცხოენოვანი ფილმი
ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი (ყველა - ბარსელონა)

ამ ნომინაციის გამარჯვებული ისევე ნათელია, როგორი მშვენიერიც გახლდათ ცოტახნისწინანდელი ოსკაროსანი ფილმი "დიდებული სილამაზე". პაოლო სორენტინოს ფილმზე ყველაზე უკეთ მისი სახელი მეტყველებს. შესაბამისად, MSN-ზე საუბარიც ფუჭი იქნება - ეს უნდა ნახოთ, დიდ ეკრანზე.

სიმულაცია
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი)

ის, რაც ლუი ვან გაალმა "არსენალთან" მატჩის მიმდინარეობისას გააკეთა, ახალი მიმდინარეობის დასაბამია. ჰოლანდიელი სპეციალისტი ბევრის შთაგონების წყაროდ იქცა და მისმა "ვარდნამ", რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში იყო ჩასმული, ინტერნეტი წალეკა. შეგვიძლია კომიქსების მთელი სერიაც გამოვუშვათ. ვან გაალისგან შესანიშნავი ანიმაციური პერსონაჟი გამოვიდოდა, სახელსაც ადვილად მოვიფიქრებდით: "ბრაზიანი ლუი".

ვიზუალური ეფექტები
ჯეიმი ვარდი (ლესტერი)

მეორე "ოსკარს" ვარდი "ლივერპულთან" გატანილი გოლისთვის ისაკუთრებს. მისი ჭექა-ქუხილივით დარტყმა და მეხივით გოლი დიდხანს არ წაიშლება მოგონებებიდან, ვინმე განგებ თუ არ წაშლის, როგორც ამას ქეით უინსლეთსა და ჯიმ ქერის უკეთებენ Eternal Sunshine of the Spotless Mind-ში.

კოსტიუმების დიზაინი
ის, ვინც "ჩელსის" დამცავ ნიღბებს უკეთებს

ამ სეზონში ნემანია მატიჩს, სეზარ ასპილიუეტასა და დიეგო კოშტას დამცავი ნიღბებით მოუხდათ თამაში და ეს ნიღბები ისეთი მოდური დიზაინისა გახლდათ, რომ მატიჩი და ასპილიკუეტა, ვგონებ, რაღაც პერიოდი ისე, უბრალოდაც იკეთებდნენ, როცა აღარ სჭირდებოდათ; დიეგო კოშტა კი იმიტომ იკეთებდა, რომ ჰანიბალ ლექტერის იერისთვის გაესვა ხაზი.

საუკეთესო სიმღერა
ბალადა ჯოლეონ ლესკოტზე

მაშინ, როდესაც "ხალხს შია", ხოლო ბირმინგემის "ასტონ ვილა" პრემიერლიგიდან ვარდება, ჯოლეონ ლესკოტი ადგა და... "ტვიტერზე" თავისი ახალი 121-ათასფუნტიანი მანქანის სურათი გამოამზეურა. კომენტარებში უწმაწური სიტყვების წვიმა და კრიტიკის ქარცეცხლი წამოვიდა. აი, ასე შეიქმნა ახალი ხალხური ბალადა ბირმინგემულ მოტივებზე.

საუნდტრეკი
მანჩესტერის ფანების სიმღერა "ენფილდზე"

სიმღერა 20-ჯერ ჩემპიონობასა და "ლივერპულის" პრემიერლიგის ხანის უსუსურობაზე კარგად ადევს ფონად მიმდინარე სეზონში მერსისაიდელების უსუსურ თამაშს და ამ ტრეკს უფრო დიდი სიამოვნებითა და გრძნობით "წითელი ეშმაკების" ფანები ასრულებენ.

საუკეთესო ორიგინალი სცენარი
ჟოზე მოურინიო (ექს-ჩელსი)

პორტუგალიელის "ჩელსიში" მეორედ მისვლა ტრაგედიაში გადაიზარდა. "განსაკუთრებულმა" საკუთარი ფეხბურთელები "ღალატშიც" კი დაადანაშაულა და ისეთი დამაინტრიგებელი სიუჟეტი შექმნა, საფრანგეთის სამეფო კარზეც შეშურდებოდათ, ხოლო ნიკოლო მაკიაველი, ამის შემხედვარე, ერთით მეტ ნაწარმოებს დაგვიტოვებდა.

ამ ნომინაციაში მოუს გამარჯვება ისეთივე ცხადი გახლდათ, როგორც რამდენიმე წლის წინათ კრისტოფ ვოლცის. "ორევუარ შოშანაო" კი ითქვა, მაგრამ ახლა თავად ჟოზეს რომანი დაასრულა რომანმა ორევუარით და მის სცენაზე დაბრუნებას ყველა დიდი ინტერესით ველოდებით. იქამდე კი, სანამ ფარდა დაშვებულია, ჟოზე კულისებში, სიბნელეში ახალ სცენარს წერს.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
იურგენ კლოპი (ლივერპული)

იურგენ კლოპსა და "ლივერპულს", ერთი შეხედვით, ისევე ჰარმონიულად შეუძლიათ მუშაობა, როგორც ძმებ კოენებს ან, როგორც სილვესტერ სტალონე უხდება როკი ბალბოას როლს. დანარჩენი გიჟმაჟ გერმანელზეა, მან კვენტინ ტარანტინოს "სისხლები" უნდა შემოგვთავაზოს, მძიმე მეტალის ფონზე, როგორც თავად იტყოდა.

თავად მოსვლისთანავე ისიც თქვა, მე განსაკუთრებული არ ვარ, მე ნორმალური ვარო. რა-რა და, კლოპს სიტყვა ნორმალური ალბათ ყველაზე ნაკლებად შეეფერება. ის ფეხბურთით შეპყრობილი ფსიქოპათია, კრისტიან ბეილივით შეპყრობილი და არანორმალური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორს კარგი ფანტაზიის უნარი აქვს, მაგრამ მშობლიური ენის გრამატიკაში მოიკოჭლებს-- დაგვანახვა კი არა, დაგვანახა...ვ ზედმეტია...
status quo
16:47 02-03-2016
0
ასეთი სტატიები ხშირი რომ იყოს, კარგი იქნება....

თუმცა, ვიცი რომ მსგავს წერილებს(რომელიც სახალისოდ იკითხება და კარგი ენითაა დაწერილი) დიდი შრომა ჭირდება, ამიტომაც მსგავსი ნაშრომები იშვიათია..

მადლობა ავტორს!
ლევანი
14:06 02-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული