გიოტცე, ზელინსკი, ჯაკა და სხვები - "ლივერპული" იურგენ კლოპის გემოზე მოეწყობა

AutoSharing Option
იურგენ კლოპი "ლივერპულის" შემადგენლობის გადახალისებასა და თავის გემოზე გადაწყობა-მორგებას რომ აპირებს, არახალია.

მერსისაიდელთა მფლობელებს სატრანსფერო პოლიტიკის თაობაზე თავიანთი ხედვა აქვთ, მაგრამ გერმანელ სპეციალისტთან, ალბათ, საერთო ენას როგორღაც გამონახავენ და მხარეები შეჯერდებიან. "კლოპო" გარკვეულ თანხას მიიღებს, რომელსაც თავის გემოზე განკარგავს.

"ენფილდზე" გადაბარგებას ძალიან ბევრს უკავშირებენ და ჩვენც მივყვეთ ბოლო კანდიდატებს. გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი მარიო გიოტცე ერთ-ერთი პირველია, ვინც შეიძლება "ლივერპულში" გადაბარგდეს, 23 წლის შემტევს რეკორდმაისტერში დიდი სათამაშო დრო არ აქვს. "უდინეზეს" პლეიმეიკერი, 21 წლის პიოტრ ზელინსკი ასევე ვარიანტებს
შორისაა.

"ლივერპული" აკვირდება "ლესტერის" იუნიორ მარცხენა მცველსაც, 18 წლის ბენ ჩილველს. გასაკვირი არ არის, რომ კლოპი, ალბათ, განსაკუთრებით ბუნდესლიგურ ბაზარზე ინადირებს და შესაძლოა, ყოფილი კლუბიდან, "დორტმუნდიდანაც" სცადოს ერთი-ორი მოთამაშის მოწვევა.

გარდა ამისა, ვიცით, რომ იგი დაინტერესებულია "ლევერკუზენის" 25 წლის შემტევი ნახევარმცველით, ქარიმ ბელარაბით და ასევე, "გლადბახის" შუახაზელ გრანიტ ჯაკათი. 23 წლის ჯაკას თავად აქვს ნათქვამი, რომ მისი ბავშვობის ოცნება პრემიერლიგაში თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული