ვინ ვერ დარჩება ლონდონურ კლუბში - აზარი, ტერი, კოშტა და სხვები...

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილი ამბავია - სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ანტონიო კონტე გაწვრთნის. ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ გუნდში იტალიელი სპეციალისტის მისვლით ლონდონელთა ცხოვრებაში ახალი ხანა უნდა დაიწყოს და გარდამავალი პერიოდი დასრულდეს.

კონტე წმენდას დაიწყებს
ინგლისული "დეილი ექსპრესი" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ლონდონური კლუბის მომავლის თაობაზე. ის წერს იმ ფეხბურთელების თაობაზე, რომლებიც იტალიელი სპეციალისტის მიერ შედგენილ "შავ სიაში" მოხვდნენ.

ყველაზე დიდი მოულოდნელობა ამ სიაში ედენ აზარის ყოფნაა. როგორც ჩანს, "ჩელსის" მომავალ მთავარ მწვრთნელს ბელგიელი ფეხბურთელი არ სჭირდება. აზარს საშინელი სეზონი აქვს. არადა, სულ ცოტა
ხნის წინათ იგი ლონდონელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო.

როგორც ჩანს, აზარმა მართლაც ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები ლონდონურ კლუბში. ამბობენ, რომ მას "რეალში" გადასვლა სურს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ედენი ზინედინ ზიდანის საყვარელი ფეხბურთელია. ზიდანს სჭირდება "რეალში" " ახალი სისხლი" და ვინ იცის, აზარი მართლაც ვიხილოთ "ბერნაბეუზე".

"შავ სიაში" მეორე კაცი სერბი ნემანია მატიჩია. ბალკანელი საყრდენი ნახევარმცველი დიდი ავანსებით მივიდა "სტემფორდ ბრიჯზე". მას ჰქონდა კარგი თამაშები, თუმცა ბოლომდე ვერ გაამართლა და ბოლო დროს მას იშვიათად ვხედავთ გუნდის ძირითად შემადგენლობაში.

არავის უნდა გაუკვირდეს ამ სიაში ბრაზილიელი ნახევარმცველის, ოსკარის ყოფნა. სამხრეთამერიკელი ბოლო დროს ნამდვილ ბალასტად იქცა. მისი პროგრესი კარგა ხანია, შეჩერდა.

აქვეა ფრანგი ფორვარდი ლოიკ რემი. მას არც ჟოზე მოურინიო ენდობოდა და არც გუს ჰიდინკი ენდობა. რემისათვის თავმოყვარეობის საკითხიც კი არის ლონდონური კლუბის დატოვება, რადგან ის იქ აშკარად ზედმეტია.

ჯონ ტერი - მის ამ სიაში ყოფნას ბევრი ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ თუ ინგლისურ წყაროს დავუჯერებთ, ეს სწორედ ასეა. პრინციპში, ეს აღარც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაღა შორს წავიდეთ, ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ მოექცა "ჩელსი" მის ლეგენდას, ფრენკ ლამპარდს.

სიის მორიგი წევრი დიეგო კოშტაა. პრინციპში, ბრაზილიელ-ესპანელი ლონდონში ცუდად არ თამაშობს, მაგრამ როგორც ჩანს, კონტეს მისი ხასიათი არ მოსწონს.

იტალიელი მკაცრი მწვრთნელია, ის წინა პლანზე ყოველთვის გუნდურ პრინციპებს აყენებს, კოშტას კი შეუძლია, თავისი უადგილო გამოხდომებით გუნდი ნებისმიერ წამს დააღალატოს.

რადამელ ფალკაო - ერთ დროს მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდი ახლა ღრმა კრიზისშია. "ჩელსის" ძალიან უნდა მისი თავიდან მოშორება. რადამელი გატანჯა ტრავმებმა. ძალიან საეჭვოა, ის ძველებურ დონეს დაუბრუნდეს.

ალეშანდრუ პატო - ბრაზილიელი ახლახან მივიდა "სტემფორდ ბრიჯზე", თუმცა, როგორც ჩანს, მის იქ ყოფნას დიდი დღე არ უწერია. ყოველ შემთხვევაში, "დეილი ექსპრესი" სამხრეთამერიკელს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებს.

ამავე სიაშია პედრო როდრიგესი. "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი ვერაფრით გახდა "ჩელსის" ლიდერი. არადა, მისი ხელფასი განსაკუთრებულია. ამ ფულით "არისტოკრატები" სხვა, უკეთესი ტრანსფერის განხორციელებას შეძლებენ.

ჯერ მხოლოდ ბონუჩი
ინგლისური წყაროს ინფორმაციით, კონტეს სურს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი მიიყვანოს. ამ ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ კონტე თანამემამულეს შესანიშნავად იცნობს.

სწორედ კონტე წვრთნიდა ბონუჩის "იუვენტუსში" და მის ხელში ჩამოყალიბდა ლეონარდო მსოფლიო კლასის მცველად. "ჩელსის" აუცილებლად სჭირდება გაძლიერება დაცვის ცენტრში და ვინ იცის, მხოლოდ იტალიელმა უკანახაზელმაც არ იკმაროს...

ტერის კონტრაქტი
კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდეთ ჯონ ტერის თემას. ინგლისური ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ჯერაც აქვს იმედი, რომ კარიერას მისთვის მშობლიურ კლუბში დაასრულებს, მაგრამ როგორც ჩანს, კონტე სხვანაირად ფიქრობს.

ტერის კონტრაქტი სეზონის ბოლოს სრულდება "ჩელსისთან" და წესით, ის აღარ უნდა გაგრძელდეს. ჯონი ჯერ არ აპირებს აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას. მისთვის ახალი გუნდის მონახვა რთული არ უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, აგერ არიან ვარსკვლავებს დახარბებული ჩინელები და ამერიკელები.

მიზნები
რა თქმა უნდა, კონტეს ექნება სრული კარტ-ბლანში ახალი გუნდის დაკომპლექტებისას, თუმცა მოთხოვნაც მაქსიმალური იქნება. "ჩელსიმ" უნდა დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები როგორც ინგლისურ პრემიერლიგაში, ისე ევროპულ ფეხბურთში.

ამის ძალა ლონდონელებს ნამდვილად შესწევთ. ცუდია, როცა "ჩელსისთვის" სეზონი მარტში სრულდება. ახლა სწორედ ასეა. ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული