შავი კატა კრისტიან ბენტეკესა და იურგენ კლოპს შორის

AutoSharing Option
კრისტიან ბენტეკე ივლისში "ლივერპულმა" "ასტონ ვილადან" 32,5 მილიონ გირვანქად შეიძინა და ბრენდან როჯერსი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. აი, იურგენ კლოპი კი ბელგიელ ფორვარდს, რატომაღაც, ალმაცერად უყურებს. "კლოპოს" მოსვლის მერე 16 შეხვედრაში, კრისტიანი მხოლოდ 5-ჯერ იყო ძირითადში.

ბენტეკე არ მალავს, რომ ამჟამინდელი სიტუაციით ძალიან უკმაყოფილოა, იგი ცოტათი ფანებზეცაა გაბუტული და კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი კონკრეტულს არაფერს ამბობს, მაგრამ ბენტეკეს სიტყვებიდან ადვილად მივხვდებით, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ შეეგუება და თუ რამე არ შეიცვალა, მომავალ ზაფხულს დიდი
ალბათობით, აუცილებლად დატოვებს "ენფილდს" და "ვესტ ჰემში" გადავა.

- ბევრისთვის და, ალბათ, თქვენთვისაც მოულოდნელია, რომ "ლივეპრულში" თამაში იშვიათად გიწევთ...
- ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ წინასწარ რომ მცდოდნოდა მწვრთნელის ნომერ პირველი არჩევანი არ ვიქნებოდი, "ლივერპულში" არ გადავიდოდი. არადა, ჩანაფიქრში ყველაფერი კარგად იყო. კარგი სეზონი უნდა ჩამეტარებინა დიდ გუნდში და ეს თავგადასავალი მშვენივრად დაიწყო, მაგრამ...

- თქვენი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ იურგენ კლოპი სათანადო ნდობას არ გიცხადებთ?
- მე პირველი ვარ, ვინც აღნიშნავს, რომ ისე ვერ ვიხარჯები და იმ თამაშს ვერ ვაჩვენებ, რომელსაც "ლივერპულის" დარი გუნდი იმსახურებს და რომელსაც ფანები ელოდნენ. თუმცა ბრენდან როჯერსის დროს, ზუსტად ვიცოდი, რომ მწვრთნელი კიდევ მომცემდა შანსს და მექნებოდა დრო ადაპტაციისთვის.

მივიღებდი პოტენციალის გამოვლენის ახალ შესაძლებლობას და შევძლებდი იმის ჩვენებას, რომ ჩემში დიდი თანხა ტყუილად არ გადაიხადეს და ამ კლუბის მაისურის ტარებას ვიმსახურებდი.

ახლა კი... არადა, იურგენ კლოპის მოსვლას ზოგიერთი თანაგუნდელი მილოცავდა - მის გუნდში შენი ადგილი ნამდვილად იქნება და შემადგენლობაში მოხვდებიო. გარდა ამისა, იგი ამბობდა, რომ ჩემი გუნდში ყოლა ჯერ კიდევ "დორტმუნდში" სურდა. ახლა კი სათადარიგოთა სკამზე ვარ და არც მამჩნევს, ეს ცოტა რთული გასაგებია.

- ასეთ მდგომარეობაში ყოფნა თქვენთვის, ალბათ, ფსიქოლოგიურადაც რთულია, არა?
- ბოლო კვირებში ფსიქლოგიურად და მენტალურად თავს ნორმალურად ვგრძნობ, გაწონასწორებული ვარ. ინგლისში 2012 წელს გადმოვბარგდი და მას მერე სათადარიგოთა სკამზე ამდენი ხნით არასოდეს ვყოფილვარ.

ეს მტკივნეულია, თანაც ასე ჯანმრთელი და ფიზიკურად მზადმყოფი აქამდე არასდროს ვყოფილვარ. ამიტომაც ვცდილობ ახლა, რომ ჩემი ყოველი შანსი გამოვიყენო და ის ხუთი თუ ათი წუთი, სათამაშო დრო, რომელსაც მივიღებ, მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატარო, რადგან არ მინდა ვინმემ არაპროფესიონალიზმი დამაბრალოს.

- სხვა მხრივ, რის გაკეთებას აპირებთ, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს?
- მამაჩემმაც კი, ვისაც ჩემი მდგომარეობა ძალიან აღელვებს, მითხრა, რომ ასეთ სიტუაციაში ბევრს ვერაფერს ვიზამ. ვარჯიში და მუშაობა უნდა გავაგრძელო და დაველოდო როდის შეიცვლება ჩემი სტატუსი. ვესაუბრე თანამემამულეებს ედენ აზარსა და მარუან ფელაინის, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონიათ და მათაც იგივე მითხრეს - თუ მწვრთნელი არ გეყრდნობა, შენ ვერაფერს იზამ.

- თითქოს, ფანებთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, რატომ ხდება ეს?
- მაგალითად ერთი არაზუსტი პასი რომ გავაკეთო, ყველაზე მეტად სწორედ ამაზე და ჩემზე ილაპარაკებენ. ძალიან დიდ წნეხს ვგრძნობ და ასეთი მიდგომისას ადვილი არ არის მოეშვა და თავისუფლად ითამაშო. გსურს გრძნობდე, რომ გენდობიან და შენი იმედი აქვთ.

- თქვენი სიტუაციის გამო ძალიან უკმაყოფილო ჩანხართ...
- მიუხედავად იმ რთული მდგომარეობის, რომელშიც ახლა ვიმყოფები, გუნდის მეორე ბომბარდირი ვარ, რობერტო ფირმინოს შემდეგ. ეს ცუდი არ არის. თუმცა ცხადია, პირველ რიგში, თავად მე ველოდი და ველი მეტს. ბევრს ასევე ავიწყდება ისიც, რომ მაინც ახალწვეული ვარ და ასეთ გაურკვევლობაში ადაპტაციას დრო სჭირდება. უფრო ძველ მოთამაშეებს კი გაცილებით ლმობიერად ეკიდებიან.

- ამ ყველაფრის გამო, გუნდიდან წასვლაზე ხომ არ ფიქრობთ?
- იანვარში წასვლა არ მსურდა. ამის შანსი მქონდა, მაგრამ ჩემი სურვილი დარჩენა გახლდათ. მინდოდა და მინდა წარმატებას "ლივერპულში" მივაღწიო. ვნახოთ, რა სიტუაცია იქნება სეზონის ბოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული