დენი დრინკვოტერი - ორი ოცნების ასრულების ზღვარზე

AutoSharing Option
თუ გერმანიასთან შეხვედრაში დენი დრინვოტერის ადგილი ვერ მოიძებნა, წესით, "ლესტერის" ნახევარმცველის დებიუტი ინგლისის ნაკრების მაისურით დღეს ჰოლანდიის წინააღმდეგ უნდა შედგეს.

როი ჰოჯსონი მისდამი კომპლიმენტებს არ იშურებს და ბოლომდე ტყუილად "მელიების" შუახაზელს არ დაუძახებდა. დრინკვოტერს მართლაც შესაშური სეზონი აქვს და ნაკრებში უბრალო გამოძახებაც მისთვის წარმატებაა, მაგრამ სულ ცოტა, რამდენიმე წუთით მინდორზე გასვლასაც იმსახურებს.

დანიელ ნოელ დრინკვოტერი ქალაქ მანჩესტერში 1990 წლის 5 მარტს დაიბადა. მისი ბავშვობის სიყვარული "მანჩესტერ იუნაიტედია", სადაც გაატარა კიდეც პატარაობის წლები - იგი "წითელი ეშმაკების" ცნობილი აკადემიის პროდუქტია. თუმცა
დრინკვოტერი დაიწუნეს და ძირითად გუნდში თამაშის საშუალება არ მიეცა.

მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, 2007 წელს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თასის ფინალში გავიდა, იმ გუნდში დენი უელბეკიც თამაშობდა. დრინკვოტერი ჯერ "ჰადერსფილდში" გახლდათ განათხოვრებული, მერე "კარდიფში", რასაც "უოტფორდი" და "ბარნსლი" მოჰყვა. 2012 წელს კი იგი "ლესტერში" გაუშვეს. სხვათა შორის, თავიდან იგი ვერც "მელიების" მაისურით ბრწყინავდა, მაგრამ ახლა...

"ეს ცოტათი სიგიჟე იყო. როდესაც შემადგენლობა გამოაცხადეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ემოციური დღე გახლდათ ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და გელფრენდისთვის. არც ვიცოდი, რა მეფიქრა, რა მექნა, როგორ ამეღნიშნა. ახლა კი მსურს მინდორზე გავიდე და კარგად ვითამაშო, ამისთვის მზად ვარ. ნაკრებთან ერთად ვარჯიშებით უკვე დიდი სიამოვნება მივიღე.

ყველა პატარა ოცნებობს საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვაზე და ძალიან ამაყი ვარ. "მანჩესტერში" ჩემი საქმე კარგად არ მიდიოდა, ხშირად განათხოვრებული ვიყავი. ასეთ სიტუაციაში ნაკრებში თამაშზე სერიოზულად ვერ იფიქრებ.

"იუნაიტედიდან" წამოსვლის მერე ოცნების ახდენას თითქოს კიდევ უფრო დავშორდი, მაგრამ ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ მიზნისთვის ადრე თუ გვიან მიმეღწია. სიგიჟეა ისიც, რომ "ლესტერი" ხუთქულიანი უპირატესობით ლიდერობს და თუ ჩემპიონები გავხდებით, ეს განსაკუთრებული, გამორჩეული მიღწევა იქნება" - ამბობს დრინკვოტერი.

მან ისიც თქვა, რომ თუ ეს ზღაპრული თავგადასავალი საბოლოოდ ევრო 2016-ზე გამგზავრებით დასრულდება, ჩემზე ამაყი ადამიანი არავინ იქნება და ეს ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება ჩემს ცხოვრებაშიო.

დრინკვოტერმა მიმდინარე პრემიერლიგაში 29 მატჩი ჩაატარა. სულ 2502 წუთი იყო მინდორზე. გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 1596 პასი და 83 ვარდნა. "ლესტერის" საყრდენი ნ’გოლო კანტეს ფონზეც არ იჩაგრება, რომელსაც ასევე სუპერსეზონი აქვს და რამდენიმე დღის წინ უკვე საფრანგეთის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი. 1596 პასი პრემიერლიგაში ინგლისელ ფებხურთელებს შორის მე-4 შედეგია - "ბორნმუთის" ენდრიუ სურმენის, "ევერტონის" გარეთ ბერისა და "ტოტენჰემის" ერიკ დაიერის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ნაიჯელ პირსონის დროს, მაშინ, როდესაც "ლესტერი" ჩემპიონშიპში იყო, ანუ 2013 წელს, "მელიების" რიგებში ერთად თამაშობდნენ - დრინკვოტერი, ჯეიმი ვარდი და "ტოტენჰემიდან" განათხოვრებული ჰარი კეინი. დენი მაშინ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ, კეინისა და განსაკუთრებით, ვარდის არსებობის შესახებ კი ნახევარზე მეტმა ქვეყანამ არ იცოდა, ესეც სულ ცოტა. გავიდა სამი წელი და...

კეინსა და ვარდიზე კი ცალკე თუ ვიტყვით, როგორც იცით, გერმანელებთან ორივემ ლამაზი გოლი გაიტანა. ვარდის პირველი სანაკრებო მაინც უფრო ეფექტური გახლდათ და მას ჰკითხეს, პრემიერლიგის ბომბარდირობაზე თუ საუბრობთ და ფიქრობთ სანაკრებო შეკრების დროსო.

მოგეხსენებათ, ჯეიმი თითქმის მთელი სეზონი ლიდერობდა ბომბარდირთა დავაში, ახლა კი მას კეინმა გადაასწრო, ვისაც უკვე 21 ბურთი აქვს გატანილი. ვარდის 19 რჩება.

"არაფერ მსგავსზე არ ვსაუბრობთ, როდესაც სანაკრებო შეკრებაზე ვართ, რადგან მხოლოდ ინგლისზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ასეც უნდა იყოს. მხოლოდ ნაკრების წარმატებასა და მომავალ თამაშებზე უნდა ვიფიქროთ" - მოკლედ და კატეგორიულად მოჭრა ვარდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული