ეს საინტერესოა: ვინ არის მისტერ "ჩელსი"?

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსიში" ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იცვლებიან მწვრთნელები, ჟოზე მოურინიომ და გუს ჰიდინკმა ორ-ორჯერ მოასწრეს მუშაობა. არ გვავიწყდება "ლესტერის" ამჟამინდელი თავკაცი კლაუდიო რანიერი, ავრაამ გრანტი, ლუიშ ფელიპე სკოლარი, რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, რობერტო დი მატეო, ანდრე ვილაშ-ბოაში... თუმცა არის ერთი ადამიანი, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" რომან აბრამოვიჩის მოსვლამდეც ბინადრობდა და ჯანლუკა ვიალის მწვრთნელობასაც მოესწრო და კენ ბეიტსის პრეზიდენტობასაც.

მას სტადიონზე, გვირაბში თუ გვირაბთან წლების განმავლობაში ხედავდნენ ფანები და ვხედავდით ჩვენც ტელერეპორტაჟების დროს, მაგრამ იშვიათად თუ გაამახვილებდა ვინმე ყურადღებას. დროა, "ლურჯების" "რუხი
კარდინალი" კულისებიდან გამოვიყვანოთ, ჩრდილში ის ისედაც დიდხანს იყო, ახლა კი ყურადღების ცენტრში ყოფნას იმსახურებს. მისმა სცენაზე გამოჩენამ კიდევ უფრო რეალური გახადა ანტონიო კონტეს "ჩელსიში" მისვლა... რატომ?

ვინმე გარი სკეიტერი თავიდან "სტემფორდ ბრიჯზე" რიგით სტიუარდად მუშაობდა. შემდეგ კი კლაუდიო რანიერის თარჯიმნად დააწინაურეს. საქმე ის არის, რომ სკეიტერი სანახევროდ იტალიელია და ბედად, იტალიურიც მშვენივრად იცის. ასე რომ, რანიერის ის ფეხბურთელებთან კომუნიკაციაში გამოადგა, მაშინ რანიერი ინგლისურად ისეთი სახალისო აქცენტითაც და ისე გაჭირვებითაც ვერ საუბრობდა, როგორც ახლა.

რანიერის წასვლის შემდეგ, სკეიტერი კი არ დააქვეითეს ან გაათავისუფლეს, პირიქით, დააწინაურეს. გარი ერთგვარი "მამასახლისი" გახდა ანუ - player liaison. რა შედის მის მოვალეობებში?

ყველაფერი... მაგალითად, მოუძებნოს ფეხბურთელს სახლი, გააცნოს მის ოჯახს ქალაქი, დანიშნოს ინგლისურის გაკვეთილები, სურვილის შემთხვევაში დაარეგისტრიროს მოთამაშეები სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, მიაქციოს ყურადღება ყველა დეტალსა და წვრილმანს, მოაგვაროს დოუმენტაციასთან დაკავშორებული საკითხები, ურჩიოს ახალწველს თუ სად დააყენოს მან თავისი "ფერარი"... ამდენ ვარსკვლავთან და სხვადასხვა ხასიათისა თუ კულტურის წარმომადგენელთან ურთიერთობა კი ადვილი საქმე რომ არ არის, ალბათ თავადაც ხვდებით.

ახლა კი ჩვენი "მისტერ ჩელსის" სანახევროდ იტალიელობა ისევ საჭირო და აქტუალური გახდა. ის ერთგვარ "მოკავშირედ" თუ "კონსილიერედ" აპენინებზე გაამგზავრეს. "პაპარაცებმა" გარი უდინეში "ფრიულიზე" შენიშნეს, იგი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც 1:1 დასრულდა და "სკუადრა აძურამ" მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, ანტონიო კონტეს გუნდს მოგება თავისუფლად შეეძლო.

კონტეს კი აქტიურად უკავშირებენ "ჩელსის". ასე რომ, მართალია გარი სკეიტერი მატჩშზე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გახლდათ მიწვეული და საოჯახო საქმეებზე ყოფილა აპენინებზე ჩასული. თუმცა საეჭვოდ შემთხვევით დაემთხვა, რომ იგი ანტონიო კონტეს ძმისა და აგენტის დანიელეს უკან იჯდა. მის სიახლოვეს ყოფილა ანტონიოს მეუღლე ელისაბეტით.

როგორც ამბობენ, ესპანელთა კარში ლორენცო ინსინიეს გოლისას ქალბატონი ელისაბეტა გარი სკეიტერისკენ ნიშნის მოგებით შემოტრიალდა - აი, ჩემი ანტონიო როგორი ყოჩაღიაო. აბა, ჟურნალისტებს მეტი რაღა უნდოდათ?

"გარი კლუბის ერთგული და მნიშვნელოვანი წევრია. უბრალოდ, მისი შრომა და საქმე ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თავად მასაც იშვიათად ამჩნევენ, სანამ უცბად არ გაიხედავ და არ აღმოაჩენ, რომ ის გუნდის ჯერ არდადასტურებული, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალი მწვრთნელის ძმის გვერდზე ზის" - უთქვამს "სპორტსმეილისთვის" "ლურჯების" ბანაკში მომუშავე ანონიმურ პირს.

"ჩელსისა" და კონტეზე საუბარში სხვა დროს გავაგრძელოთ, რადგან ამ ისტორიის მთავარი გმირი სკეიტერია და მისი უდინური ვოიაჟის მერე ყველამ აღმოაჩინა, რომ თურმე "მისტერ ჩელსი" 1998 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის და ყველგან იყო, იქ სადაც "ჩელსია".

არ გჯერათ? მაშინ, ფოტოს გადაავლეთ თვალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული