"ნიუკასლს" და ირლანდიის ნაკრებს მეკარე გამოაკლდათ

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე რომ არ არის, ვიდრე ახლაა, ეს რობ ელიოტის დამსახურება გახლავთ.

29 წლის მეკარე, რომელსაც იქამდე დიდ ყურადღებას ნაკლებად აქცევდნენ, დაშავებული ტიმ კრულის ნაცვლად ჩადგა კარში და მშვენივრადაც გამოიყურებოდა. მას ნაკრებშიც დაუძახეს და პირველ ნომრად დააყენეს.

ახლა კი "კაჭკაჭებისთვისაც" და ირლანდიის ნაკრების მწვრთნელ მარტინ ო'ნილისთვისაც ცუდი ამბავი გავრცელდა - "ავივაზე" სლოვაკეთთან ამხანაგური მატჩისას (2:2) ელიოტმა მუხლის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდეს.

"ის ბოლო თვეებში მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა "ნიუკასლის" რიგებში და ნაკრებშიც ძალიან
თავდაჯერებული გახლდათ. ექიმებს ვესაუბრე და ისინი არც ისე კმაყოფილები არიან, ტრავმა სერიოზულს ჰგავს. ვნახოთ, რა მოხდება" - აღნიშნა ო’ნილმა.

ირლანდიელთა თავკაცს ახლა შესაძლოა, 39 წლის შეი გივენის გამოძახება მოუხდეს. გივენი ხსენებული მატჩის კომენტატორად მუშაობდა ერთ-ერთ არხზე. ახლა ვეტერანი გოლკიპერიც მუხლს იშუშებს და მალე მწყობრში იქნება. აი, რას იზამს "ნიუკასლი"... ეს რაფაელ ბენიტესმა უნდა მოიფიქროს.

P.S. გვიან ცნობილი გახდა, რომ ელიოტს სეზონის გამოტოვებაც მოუწევს და ევროპის ჩემპიონატისაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული