გემოვნებიანი
ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ანტონიო კონტე, დაგვეთანხმება - მისებრ გემოვნებიანი ადამიანი საფეხბურთო სამყაროში ბევრი არ არის. ამას რომ ვწერთ, ვგულისხმობთ როგორც საფეხბურთო, ისე ზოგად გემოვნებას.კონტე ოდითგანვე უდიდეს ყურადღება აქცევდა თავის გარეგნობას. ამადაცაა, იტალიურ და მსოფლიოს ფეხბურთში ის ერთ-ერთ ყველაზე სიმპატიურ მოთამაშედ რომ ითვლება. საკმარისია აღინიშნოს, რომ ანტონიომ ორჯერ გადაინერგა თმა. ის ყოველთვის ელეგანტურ კოსტიუმშია გამოწყობილი.
ეს ყველაფერი
შეტევა, შეტევა!
"ჩელსი" ამიერიდან უფრო შემტევი გუნდი იქნება, ვიდრე ახლა არის. ისიც ფაქტია, რომ ლონდონური გუნდისა და რამდენიმე ფეხბურთელის გზა გაიყრება. მაგალითად, ნამდვილად ვერ წარმოგვიდგენია, კონტემ თავის სათამაშო მონახაზში ნიგერიელი საყრდენის, ჯონ ობი მიკელის ადგილი მონახოს.
ზემოთ შეტევა ტყუილად როდი ვახსენეთ. ბევრი მიიჩნევს, რომ თანამედროვე "იუვენტუსი" სწორედ კონტემ შექმნა. ვისაც ის გუნდი ახსოვს, დაგვეთანხმება - "ბებერი ქალბატონი" ანტიონიოს ხელმძღვანელობით ძალიან შემტევი იყო. მისი თამაშების ცქერა გულშემატკივარს ძალიან სიამოვნებდა.
ამასთან ერთად, არ ირღვეოდა ბალანსი დაცვაში. რომან აბრამოვიჩს კი სწორედ ასეთი გუნდი სჭირდება. როგორც ჩანს, რუს მილიარდერს მოწყინდა დაცვაზე ორიენტირებული "ჩელსი" და ახლა უნდა, რომ მეტი შეტევა და კრეატივი ნახოს.
ახლა ყველა მოუთმენლად ელის კონტეს "შავ სიას". თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება არაერთ ვარსკვლავს მოუწევს. მათ შორის, გუნდის აღიარებულ ლიდერებსაც.
ერთ-ერთი ცნობის თანახმად, ამ "შავი სიის" სათავეში ედენ აზარია. ფეხბურთელი, ვისაც მართლაც რომ კოშმარული სეზონი აქვს. იმასაც ამბობენ, "ჩელსისა" და კაპიტან ჯონ ტერის გზები მალე გაიყრებაო. მოკლედ, უნდა დაველოდოთ.
ლონდონურ კლუბში კი შესაცვლელი მართლაც ძალიან ბევრი რამეა. რაც მთავარია, ფეხბურთელებმა რატომღაც მოტივაცია დაკარგეს. გუს ჰიდინკის მწვრთნელად მისვლის შემდეგ "ჩელსიმ" შედეგები გამოასწორა, მაგრამ ეს შეგრძნება მაინც არ გვტოვებდა.
ლონდონურ კლუბს ძალიან სჭირდებოდა მწვრთნელი - მოტივატორი და კონტე სწორედ ასეთია. ის ფეხბურთელებს მინდორზე გასვლის წინაც მაგრად მუხტავს და უშუალოდ თამაშის მიმდინარეობის დროსაც ძალიან აქტიურია.
"ჩელსის" კიდევ ერთი პრობლემა რამდენიმე ფეხნურთელის აშკარად ცუდი სათამაშო ფორმაა. რას აკეთებს გუნდში პედრო, ეს, ალბათ, თავად ფეხბურთელმაც კი არ იცის. აზარზე ზემოთ უკვე ვთქვით. შესაძლებლობებს სრულად ვერ ავლენენ ფაბრეგასი და ოსკარი.
მნიშვნელოვანი ფაქტორი
კონტე ბევრ რამეს გამოასწორებს. ეგაა, არ შეიძლება, ყურადღება არ გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ იტალიელი სპეციალისტი ჯერაც მშობლიური ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.იტალიას წინ აქვს ევროპის ჩემპიონატი და ამ ჩემპიონატზე "სკუადრა აძურას" თამაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხასიათზე მივა მწვრთნელი "ჩელსიში". კონტეს გაწვრთნილი იტალიის ნაკრები ვერ არის სტაბილური და ევროფორუმზე დიდი წარმატების მიღწევა უნდა გაუჭირდეს, თუმცა "სკუადრა აძურას" რას გაუგებ?!
ახალწვეულები
ლონდონურ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გვარს უკავშირებენ. მაგალითად, არავის ეპარება ეჭვი, რომ კონტე აუცილებლად ეცდება ტურინის "იუვენტუსის" რომელიმე მცველის გადაბირებას. "ჩელსის" დაცვაში პრობლემები თვალსაჩინოა.საიდუმლო არავისთვისაა, რომ ანტონიო კონტე ინგლისში პოლ პოგბას წაყვანის სურვილით იწვის, მაგრამ ეს იოლი გასაკეთებელი არაა. მეტიც, ამ გადასახედიდან შეუძლებლად მოსჩანს. ჯერ ერთი, პოგბასთან თანამშრომლობის გაგრძელებას "იუვენტუსი" ეშურება. მეორეც - "სიტი" და "იუნაიტედი" ფრანგის გადასაბირებლად მზად არიან.
მიზანი
როცა წელიწადში ხუთი მილიონი გირვანქა გაქვს ხელფასი, მოკრძალებულ მიზნებზე ვერ იფიქრებ. დიდი ალბათობით, კლუბის ხელმძღვანელობა კონტესგან ინგლისის ჩემპიონობას და ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლას მოითხოვს. ამის პოტენციალი გუნდს ნამდვილად აქვს.ამასობაში...
...იტალიის ნაკრების ამჟამინდელი და "ჩელსის" მომავალი თავკაცი სერიოზულ შარშია. კონტე შესაძლოა, 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობისთვის. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2010/11 წლების სეზონში მაშინ "სიენას" თავკაცმა კონტემ არ განაცხადა ინფორმაცია გარიგებულ მატჩებზე, არადა, საქმის კურსში იყო.
მაშინ "სიენას" ელიტის საგზური მოპოვებული ჰქონდა და მისთვის რამდენიმე თამაშს სატურნირო მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ამისთვის კონტემ უკვე მოიხადა 4-თვიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ პროკურორი ახალ სასჯელს ითხოვს - 6-თვიან პირობით პატიმრობას, რომლის დროსაც მას პროფესიული საქმიანობა აეკრძალება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"