პრემიერლიგა. XXXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: უსწრაფესი ჰეთ თრიკი

AutoSharing Option
* "ლესტერი" უშუალოდ 2016 წლის მაჩვენებლებითაც პირველ ადგილზეა, გუნდს ყველაზე მეტი, 33 ქულა აქვს მოპოვებული.

* "მელიებმა" უმაღლეს ლიგაში თავიანთ ისტორიაში პირველად მოახერხეს ზედიზედ 5 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა.

* დენი დრინკვოტერის ხუთივე საგოლე პასი მიმდინარე ჩემპიონატში ჯეიმი ვარდისკენ იყო მიმართული.

* "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" ამ სეზონში ჩატარებული ორი მატჩის პირველ ტაიმებში ვერც ერთხელ ვერ დაურტყა ზუსტად კარში.

* ერიკ ლამელამ პრემიერლიგურ შეხვედრაში მხოლოდ მეორედ შეძლო გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც. პირველად მან ეს ამავე სეზონში "სიტისთან" გააკეთა.

* დელე
ალიმ ნოემბრის მერე "უაით ჰართ ლეინზე" თავისი პირველი გოლი გაიტანა.

* "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" 3 გოლი 5 წუთსა და 46 წამში გაუტანა.

* ენდი კეროლის ჰეთ თრიკი მიმდინარე პრემიერლიგაში უსწრაფესია. მას ამისთვის 7 წუთი და 14 წამი დასჭირდა.

* "ვესტ ჰემს" ბოლო 14 საშინაო შეხვედრაა, არ წაუგია (7 მოგება, 7 ფრე). ეს ყველაზე ხანგრძლივი მსგავსი სერიაა მიმდინარე პრემიერლიგაში.

* ალექს აივობის "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ სამ პრემიერლიგურ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

* 2012 წლის ნოემბრის მერე პირველად მოხდა ისე, რომ "არსენალი" ორბურთიანი უპირატესობით იგებდა და საბოლოოდ ვერ იმარჯვა. მატჩი მაშინაც 3:3 დასრულდა ("ფულჰემთან").

* სამირ ნასრიმ "ვესტ ბრომვიჩს" მეოთხედ გაუტანა. "ალბიონი", "ტოტენჰემთან" ერთად, ფრანგის ფავორიტი მეტოქეა.

* ოქტომბრის მერე "სიტიმ" პირველად შეძლო პრემიერლიგაში ზედიზედ ორი თამაშის მოგება.

* 2016 წელს ყველაზე მეტი გოლი სერხიო აგუეროსა და ჰარი კეინს აქვთ გატანილი - 11-11. შემდეგ გილფი სიგურდსონი მოდის 9 ბურთით.

* სტეფან სესენიონმა მხოლოდ თავისი მეორე გოლი გაიტანა ჩემპიონატის უკანასკნელ 42 მატჩში.

* "ლივერპულმა" იურგენ კლოპის ხელში "ენფილდზე" 4 გოლი პირველად გაიტანა.

* ალბერტო მორენომ 2014 წლის დეკემბრის მერე პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, 42-მატჩიანი პაუზის შემდეგ.

* ჯეიმს მილნერს ამ სეზონში "ლივერპულის" რიგებში ყველა ტურნირზე ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული - 10.

* დივოკ ორიჯიმ პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა და ასევე პირველად შეძლო მიყოლებით ორ თამაშში გატანა.

* "ნიუკასლმა" მიჯრით მე-9 საგარეო მარცხი იწვნია. ეს გუნდის ყველაზე ცუდი ასეთი სერიაა 1977 წლის შემდგომ.

* "ჩელსის" 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, პირადად გუს ჰიდინკს კი - სარეკორდო 14-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, პოსტზე დანიშვნიდან "სუონსისთან" მატჩამდე.

* ჰიდინკს პირველ და მეორე პერიოდებში "ჩელსის" თავკაცის რანგში მხოლოდ ორი მატჩი აქვს წაგებული - 17 მოგება, 9 ფრე.

* "ასტონ ვილას" ყველაზე მეტი (14) შეცდომა აქვს დაშვებული, რომლებსაც გოლი მოჰყვა.

* ჯოშუა კინგმა თავისი მეხუთე გოლი გაიტანა ამ ჩემპიონატში. "ბლექბერნში" ჩემპიონშიპში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში მას ჯამში ამდენივე ჰქონდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული