მომავლის ვარსკვლავი: ალექს აივობი - ვენგერის მორიგი ბრილიანტი

AutoSharing Option
ალექს აივობი პირდაპირ ქარიშხალივით შევარდა ინგლისური ფეხბურთის ძალიან კონსერვატიულ სამყაროში.

პრემიერლიგაში ისეთი სეზონი გამოდის, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა 19 წლის ნიგერიელი, სერ არსენ ვენგერის მიერ ნაპოვნი ბრილიანტი, მართლაც რომ ყველას აკვირვებს. უფრო ბოლო მატჩებში.

როგორი საქმეა, სეზონის გადამწყვეტი ნაწილი დგას. ვენგერის გუნდი პრემიერლიგაში საუკეთესოობის ერთ-ერთი საუკეთესოობისთვის იბრძვის. ამ დროს ფეხბურთში ყველაფრის მნახველი ფრანგი მოსიე სათადარიგოთა სკამზე ტოვებს არონ რემსისა და ოლივიე ჟირუს. "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში აივობი თამაშობს და დიდებულადაც. მაინც, ვინ არის არსენის ახალი აღმოჩენა?

ის დაიბადა ლაგოსში, თუმცა არაერთი
ნიგერიელი ვარსკვლავის მსგავსად, მას ამ ქალაქის ხალხმრავალ და ჭუჭყიან ქუჩებში არ უდევნია ბურთისათვის. 4 წლის იყო ალექსი, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა და ჩვენი წერილის გმირმა ფეხბურთის თამაში ხავერდივით მინდვრებზე ისწავლა.

მაგალითისათვის, ალექსს შორს წასვლა არ სჭირდება. მას ისეთი ახლო ნათესავი ჰყავს, როგორიცაა ახლო წარსულში დიდებული ნიგერიელი ფეხბურთელი, ჯეი-ჯეი ოკოჩა. სწორედ მისი რეკომენდაციით მიიღეს პატარა ალექსი "არსენალის" საფეხბურთო აკადემიაში. სხვათა შორის, უნდა გახსოვდეთ, რომ თავის დროზე ნიგერიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ "მეთოფეთა" ღირსებას იცავდა.

"ის ჩემთვის ყველაფერია. სულ ვგრძნობ, რომ გვერდით მიდგას. ძალიან განიცდის ყველაფერს, რაც ჩემს კარიერასთანაა დაკავშირებული", - თქვა ოკოჩას შესახებ აივობიმ. დაკვირვებული თვალი მათ შორის არაერთ მსგავსებას აღმოაჩენს. თუნდაც პასის კულტურა, ძალიან თავისებური ტექნიკა და პლასტიკა ავიღოთ.

ალექსმა "არსენალის" საკლუბო სტრუქურის ყველა საფეხური გაიარა. მას არასოდეს დაავიწყდება 2013 წლის 25 სექტემბერი. სწორედ ამ დღეს ჰქონდა აივობის დებიუტი" მეთოფეთა" შემადგენლობაში. ეს მოხდა ლიგის თასზე, "ვესტ ბრომვიჩთან" გამართულ შეხვედრაში.

2015 წელს "არსენალმა" ფეხბურთელთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა. რა თქმა უნდა, ეს არსენ ვენგერის დაჟინებული მოთხოვნით მოხდა. "ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "არსენალია". ჩემთვის დიდი პატივია ის ნდობა, რასაც კლუბის ხელმძღვანელობა მიცხადებს.

ვეცდები, ბოლომდე გავამართლო გაცემული ავანსები. "არსენალთან" ერთად ბევრი ტიტულის მოგება მსურს", - თქვა მაშინ ახალგაზრდა ნიგერიელმა. ტიტულების რა მოგახსენოთ და, გაცემულ ავანსებს ის ძალიან სწრაფად ამართლებს.

"ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დიდ ტალანტთან. მე მხიბლავს მასთან მუშაობა და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ის დაბადებულია ფეხბურთისათვის", - თქვა თავის დროზე არსენ ვენგერმა. ფრანგი სიტყვებს ჰაერზე არასოდეს ისვრის.

ფესვების ამბავი
თუ ალექსს მთელი კარიერა ერთ კლუბში აქვს გატარებული, იმავეს ვერ ვიტყვით ნაკრების შესახებ. ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების დამრიგებლებს თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ ნიჭიერი ბიჭი. აივობიმ, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების გარდა, ამ ქვეყნის იუნიორთა ყველა ნაკრებში ითამაშა.

ბოლოს, საფუძვლიანი და საბოლოო არჩევანის გაკეთების დრო რომ დადგა, ალექსმა მაინც ნიგერია აირჩია. ჩვენ ამ საკითხზე შეგვიძლია მხოლოდ შორიდან ვიმსჯელოთ. ვერ ვიტყვით, რომ ალექსს ინგლისის ნაკრებში მოხვედრის იმედი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ასეთი არჩევანი გააკეთა.

როგორც ჩანს, მაინც ფესვების ძალამ გააკეთა თავისი. მეორეც, ოკოჩას ფაქტორიც არ უნდა გამოვრიცხოთ. ფაქტია, ნიგერიას გარკვეული პაუზის შემდეგ ძალიან მაგარი თაობა ჰყავს. თუნდაც, შემტევები - ოდიონ იგალო, ალექს აივობი და სხვები.

აივობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2015 წლის 8 ოქტომბერი. მაშინ ბელგიის ქალაქ ვიზეში ნიგერიამ ამხანაგური შეხვედრა 2:0 მოუგო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს. აივობი ინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა, მან აჰმედ მუსა შეცვალა.

"მშობლიური ქვეყნის ნაკრების მაისურით თამაში განსაკუთრებული ბედნიერებაა. უნდა გამოვტყდე, მთელი ღამე არ მეძინა თამაშის წინ", - თქვა აივობიმ. ნიგერიას მაგრად გაუმართლა, ხელში ასეთი ტალანტი რომ ჩაიგდო.

ალექსი ძალიან კარგი ბიჭია. არ უყვარს სკანდალები და არ ჰგავს ბევრ აფრიკელ ვარსკვლავს, თავში სიო კი არა, ქარიშხალი რომ უქრის. ცხადია, ეს ძალიან დიდი პლუსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული