ჯეიმი ვარდი: მქონდა მომენტები, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი

AutoSharing Option
"ლესტერის" ლიდერმა ჯეიმი ვარდიმ გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონსაც იმ გუნდის შემადგენლობაში გაატარებს, რომელმაც ყველასათვის გასაკვირად, ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

24 გოლით ვარდიმ უდიდესი წვლილი შეიტანა "ლესტერის" ჩემპიონობაში და, რა თქმა უნდა, გუნდს მისი სამსახური მომავალ სეზონშიც ძალიან გამოადგება. დროა, ჯეიმის მოვუსმინოთ.

- თქვენი მომავლის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული. საინტერესოა, რჩებით "ლესტერში" თუ გული სხვა გუნდისაკენ მიგიწევთ?
- თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ფანტასტიკური სეზონი გვქონდა. რა თქმა უნდა, არავინ ელოდა იმას, რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სასწაულები ხდება. ფეხბურთის ისტორიაში
ახალი და ძალიან საინტერესო ფურცელი ჩაწერა "ლესტერმა", ამაში დარწმუნებული ვარ.

- და მაინც, სასურველია, უფრო ზუსტად უპასუხოთ კითხვას...
- თქვენს სურვილს შევასრულებ და ვიტყვი, რომ აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. "ლესტერი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ასე რომ, არსად წასვლას არ ვაპირებ. მე ვრჩები გუნდში და შევეცდები, რომ რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო, მეტად გამოვადგე "ლესტერს".

- "ლესტერის" მომავალზე რას იტყვით? თქვენს მსურველებზე რომ არაფერი ვთქვათ, რიად მაჰრეზი "ბარსელონას" სამიზნეა, ნგოლო კანტეს გადაბირება კი "პარი სენ-ჟერმენს" სურს...
- ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისათვის დიდზე დიდი გამოწვევაა. ჩვენ ამ მიზნისათვის ვიბრძოდით მთელი სეზონის განმავლობაში და მიზანი მიღწეულია. ახლა ჩვენს წინაშე დგას კონკრეტული ამოცანა - ღირსეულად ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე და მიმაჩნია, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. მომავალ სეზონში გუნდი ორ ფრონტზე იბრძოლებს და მას დასჭირდება კვალიფიციური ფეხბურთელები.

სულაც არ მიკვირს, "ლესტერის" ფეხბურთელების გადაბირება არაერთ გუნდს რომ სურს. ეს შესანიშნავი სეზონის გამოძახილია. იმისაც მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ამ შემადგენლობით ვითამაშებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს დიდებული იქნებოდა.

- როგორი იქნება "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე? შეინარჩუნებს თუ არა ის თავის შემტევ სტილს?
- მჯერა, რომ ასე იქნება. ჩვენ სხვანაირად თამაში უბრალოდ არ ვიცით. შესაძლოა, დიდი შედეგი რომ მოახლოვდა, ჩვენს ბოლო მატჩებში პრაგმატიზმმა იმატა, მაგრამ ჩვენ მაინც არასოდეს გვითამაშია დაცვითი ფეხბურთი.

- რას იტყვით კლაუდიო რანიერის თაობაზე?
- "ლესტერის" მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა შესანიშნავი ნაბიჯი იყო. მან საუკეთესოდ იცის თავისი საქმე.

- კლაუდიომ თქვენ ერთკვირიანი არდადეგები გამოგიწერათ "არსენალთან" წაგების შემდეგ...
- ეს მართლაც რომ დიდებული იდეა იყო. წავედით დუბაიში და მაგრად გავირუჯეთ. სხვათა შორის, იმავე სასტუმროში იყო "სანდერლენდი". ბიჭები თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ...

- თქვენი ბიოგრაფია სამაგალითო უნდა გახდეს ბევრი ფეხბურთელისათვის. ელოდით, რომ სამოყვარულო ლიგიდან ამდენს მიაღწევდით?
- რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი, თუმცა ყოველდღიურმა ფანატიკურმა შრომამ შედეგი გამოიღო. ჩემი აზრით, თუ ბევრს იშრომებ, ყველაფერს მიაღწევ. არასოდეს გამივლია თავში დანებება, თუმცა ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როცა სასოწარკვეთილი ვიყავი.

- როდის ირწმუნეთ, რომ "ლესტერი" ჩემპიონი გახდა?
- როცა "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" შეხვედრა დასრულდა. მანამდე იყო სურვილი და მერე ეს სურვილი რეალობად იქცა.

- რა არის "ლესტერის" წარმატების საიდუმლო?
- ჩემი აზრით, ეს არის არნახული ერთიანობა და ზედმიწევნით ცოდნა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ნებისმიერ მომენტში. ჩვენ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებოდით. თუ თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა გსურს, სწორედ ასე უნდა მოიქცე.

ამას დავამატოთ კლაუდიო რანიერის ფაქტორი. მან ჩვენში გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩანერგა. ყოველივე ამან კი მოიტანა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. ყველანი უზომოდ ბედნიერები ვართ.

- და მაინც, მომავალი სეზონი გუნდისათვის ურთულესი იქნება...
- ეს ყველას გვესმის, თუმცა გამოწვევების არ გვეშინია. მიმაჩნია, რომ მათ ღირსეულად გავუმკლავდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული