მაურისიო პოჩეტინო სეზონში 5,5 მილიონ გირვანქას მიიღებს

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინომ წერტილი დაუსვა მისი შესაძლო წასვლის შესახებ სპეკულაციებს და "ტოტენჰემთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შეთანხმება 5-წლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ წესითა და რიგით, არგენტინელი "უაით ჰართ ლეინზე" 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. პოჩეტინო სეზონში 5,5 მილიონ გირვანქას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის სპეციალისტი პოსტზე 2014 წლის მაისში დანიშნეს და მან პირველსავე სეზონში "დეზები" მე-5 ადგილზე გაიყვანა და ლიგის თასის ფინალიც ათამაშა. ახლა კი პოჩეტინომ "ტოტენჰემი" კინაღამ გააჩემპიონა და, რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის ნანატრი საგზური მოუტანა.

"ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა, რომ სამეულში
მოხვედრა შეგვეძლო. კარგი სეზონი გამოგვივიდა. ეს პროექტი არაერთ წელიწადზეა გათვლილი და მიგვაჩნია, რომ მას დიდი მომავალი აქვს. საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა და მუშაობას ვაგრძელებთ.

დარწმუნებულნი ვართ, რომ რაღაც დიდის მიღწევა შეგვიძლია და ჩვენი მიზანი მომავალ სეზონშიც ოთხეულში ყოფნა იქნება, როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროსარბიელზე. ყველას გვსიამოვნებს ერთად მუშაობა, აქ ყოფნა გვსურს და გვჯერა, რომ გუნდის ისტორიაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა" - განაცხადა ამბიციურმა პოჩეტინომ.

მაურისიოს ასისტენტ ხესუს პერესს, მწვრთნელ მიგელ დ’აგოსტინოსა და მეკარეების მწვრთნელ ტონი ხიმენესს ასევე გაუხანგრძლივეს კონტრაქტები.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს მთავარ მსურველად და მიმპატიჟებლად "მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლებოდა, მაგრამ არგენტინელმა "უაით ჰართ ლეინზე" დარჩენა გადაწყვიტა, რაც შესაბამისად, "ოლდ ტრაფორდზე" ჟოზე მოურინიოს მისვლის შანსებს ზრდის, თუ მანჩესტერელთა უფროსობას უბრალოდ მოძულებული არ ჰყავს პორტუგალიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული