მაშინაც და განსაკუთრებით, ახლაც გვეგონა, რომ ტერი "ლურჯებს" დატოვებდა, მაგრამ "ლესტერთან" მატჩის მერე მან ისეთი ემოციური სიტყვა თქვა და ფანები ორმაგად აახმაურა, რომ ხელმძღვანელობას უკან დასახევი გზა მოეჭრა და ტერისთან, რომელსაც წასვლა არ უნდოდა, ახალი შეთანხმება გააფორმა.
"ყველამ იცის, რომ მე "ჩელსის" ნაწილი ვარ და აქაურობა მიყვარს. არსად წასვლა არ მინდოდა და მიხარია, რომ ვრჩები. დიდი იმედით ველოდები ახალ სეზონს, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. ვიმედოვნებ, წარმატებებს მივაღწევთ"
ტერის კარიერა "სტემფორდ ბრიჯზე" 1998 წელს დაიწყო. ჯონმა "ჩელსის" რიგებში 703 მატჩი ჩაატარა და თავის მდიდარ კარიერას მომავალ სეზონში კიდევ უფრო გაამდიდრებს.
ტერიმ პრემიერლიგა ოთხჯერ მოიგო, ასოციაციის თასი - 5-ჯერ, ლიგის თასი - 3-ჯერ, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა და ერთხელაც - ევროპის ლიგა. ვნახოთ, რას იზამს კლუბის კაპიტანი ანტონიო კონტეს ხელში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"