პრემიერლიგის "ოქროს ბუცი" ჰარი კეინისაა

AutoSharing Option
ჰარი კეინი პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. "ტოტენჰემის" 22 წლის თავდამსხმელს 25 გოლი დაუგროვდა და მან თითო გოლით გაასწრო "ლესტერის" ჯეიმი ვარდისა და "სიტის" სერხიო აგუეროს.

წინა სეზონში კეინი ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა, დაუგროვდა რა 21 ბურთი. მაშინ საუკეთესო კუნი გახდა, არგენტინელმა 26 გოლით დამაჯერებლად მოიგო პრემიერლიგის "ოქროს ბუცი".

წელს 27 წლის აგუეროს ბევრი გაუცდა, თორემ საშუალო მაჩვენებელი ისევ ყველაზე კარგი აქვს, მან 24 გოლს (4 პენალტით) 2 375 წუთში მოუყარა თავი. ვარდიმ 24 ბურთი (5 პენალტით) 3140 წუთში შეაგდო.
ხოლო კეინმა 25 გოლს (5 პენალტით) 3 370 წუთში მოუყარა თავი. ეს, რასაკვირველია, არანაირად არ აკნინებს ჰარის წარმატებას.

კეინი პრემიერლიგის პირველი სეზონის მერე "ტოტენჰემის" პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბომბარდირად მოგვევლინა. 1992/93 წლების სეზონი ტედი შერინგემმა "ნოტინგემის" მაისურით დაიწყო, მაგრამ მალევე, აგვისტოში "დეზებში" გადაბარგდა და საბოლოოდ ბომბარდირობა მოიგო, 22 ბურთიდან 21 მან სწორედ "ტოტენჰემის" მაისურით შეაგდო.

ჰარი, ამავდროულად, 1999/2000 წლების მერე გახდა პირველი ინგლისელი, რომელიც ბომბარდირი გახდა. მაშინ ეს "სანდერლენდის" გოლეადორმა კევინ ფილიპსმა შეძლო 30 ბურთით.

25 გოლი, რომელიც ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა გაიტანა, "ტოტენჰემს" პრემიერლიგაში მისთვის სარეკორდო 70 ქულის მოგროვებაში დაეხმარა და ასევე, პრემიერლიგაში ყველაზე მაღალ ადგილზე, მე-3 პოზიციაზე გასვლაში.

სულ კეინს უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 86 მატჩში 49 გოლი გამოსდის. "დეზების" თავდამსხმელმა 2015 წლის იანვარში, 2015 წლის თებერვალსა და 2016 წლის მარტში თვის მოთამაშის წოდებაც მოიპოვა.

"ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს ჯილდო პრემიერლიგაში ჩემს მეორე სრულ სეზონში მოვიგე. წინა სეზონში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გასვლით, ახლა კი პირველობით ძალიან ვამაყობ. როგორც თავდამსხმელს, ბევრი ინდვიდუალური ჯილდოს მოგება გიჭირს კონკურენციაც დიდია.

შესაბამისად, ასეთი მიღწევა ნიშნავს, რომ ცუდი სეზონი მართლაც არ გქონია, ის სტაბილურად ჩაატარე და გუნდისთვის სასარგებლო იყავი" - თქვა გახარებულმა კეინმა.

პრემიერლიგის ბომბარდირები
2015/16 ჰარი კეინი ტოტენჰემი 25
2014/15 სერხიო აგუერო სიტი 26
2013/14 ლუის სუარესი ლივერპული 31
2012/13 რობინ ვან პერსი მანჩესტერი 26
2011/12 რობინ ვან პერსი არსენალი 30
2010/11 დიმიტარ ბერბატოვი მანჩესტერი 20
კარლოს ტევესი სიტი 20
2009/10 დიდიე დროგბა ჩელსი 29
2008/09 ნიკოლას ანელკა ჩელსი 19
2007/08 კრიშტიანო რონალდო მანჩესტერი 31
2006/07 დიდიე დროგბა ჩელსი 20
2005/06 ტიერი ანრი არსენალი 27
2004/05 ტიერი ანრი არსენალი 25
2003/04 ტიერი ანრი არსენალი 30
2002/03 რუუდ ვან ნისტელროი მანჩესტერი 25
2001/02 ტიერი ანრი არსენალი 24
2000/01 ჯიმი ფლ. ჰასელბაინკი ჩელსი 23
1999/2000 კევინ ფილიპსი სანდერლენდი 30
1998/99 ჯიმი ფლ. ჰასელბაინკი ჩელსი 18
დუაით იორკი მანჩესტერი 18
მაიკლ ოუენი ლივერპული 18
1997/98 დიონ დაბლინი ქოვენთრი 18
მაიკლ ოუენი ლივერპული 18
კრის სატონი ბლექბერნი 18
1996/97 ალან შირერი ნიუკასლი 25
1995/96 ალან შირერი ნიუკასლი 31
1994/95 ალან შირერი ნიუკასლი 34
1993/94 ენდი კოული ნიუკასლი 34
1992/93 ტედი შერინგემი ნოტინგემი/ტოტ. 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული