* "მანჩესტერს" შესაძლოა, მოუწიოს "ჩელსისთვის" გარკვეული თანხის გადახდა, რადგან ლონდონური კლუბისგან მოურინიოს სახელის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენების უფლება გამოისყიდოს.
* "მანჩესტერი" მაიკლ კერიკს ერთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.
* ჟოზეს ტრანსფერის უკან საფეხბურთო აგენტი ჟორჟე მენდეში დგას.
* "მანჩესტერმა" ლუი ვან გაალს, კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ, 5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
გუშინდელმა დღემაც ჩაიარა და "განსაკუთრებულად" წოდებული ჟოზე მოურინიო კვლავ არ დაუნიშნავთ ოფიციალურად "მანჩესტერის" თავკაცად. ბოლოს ხელისშემშლელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოურინიოს სახელის გამოყენების უფლება
როგორც ირკვევა, ჟოზე მოურინიოს 5 კლუბისთვის უთქვამს უარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხათრით. ახლა კი პორტუგალიელი სრულ სატრანსფერო თავისუფლებას ითხოვს და სურს, რომ მის პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს.
რონალდოც, ბენზემაც...
"წითელ ეშმაკებს" ისევ სურთ კრიშტიანო რონალდოს მობრუნება. კულუარული ინფორმაციით, 31 წლის თავდამსხმელის "ოლდ ტრაფორდზე" გამოჩენა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ "იუნაიტედი" მის გამოსასყიდ თანხას, 80 მილიონ გირვანქას გადაიხდის.მანჩესტერელები მადრიდის "რეალის" კიდევ ერთ ფეხბურთელს უტრიალებენ და ეს ფეხბურთელი ქარიმ ბენზემაა. მოუს 28 წლის ფორვარდის თავისთან ხილვა ძალიან უნდა.
ჟოზეს "მანჩესტერის" თავმჯდომარისთვის, ედ ვუდვორდისთვის უთქვამს, რომ სულ ცოტა, ახალი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი და ცენტრფორვარდი უნდა ვიყიდოთო.
ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ერთი კანდიდატურა შერჩეულია - ნემანია მატიჩი - რომელიც მოურინიოს ძალიან ესიმპათიურება. მართალია, "განსაკუთრებულის" დანიშვნა ჯერ არ გაოფიციალურებულა, მაგრამ ამას არაფერი უკლია, მხარეები უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ და მერე სერბის ტრანსფერიც ერთ ხელის გაწვდენაზე ან ხელის მოწერაში იქნება.
მოუ - კი თუ არა
ამასობაში, "იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა, რომელიც 24 მაისს 50 წლის გახდა, ამბობს, რომ, მისი აზრით, მოურინიო "მანჩესტერისთვის" იდეალური კანდიდატურა არ არის - სათამაშო სტილის გამო პეპ გვარდიოლა მერჩივნაო. არის სხვა წონიანი ფიგურების საპირისპირო მოსაზრებაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჟოზე ახლა "იუნაიტედისთვის" ზედგამოჭრილია.ლაპარაკობენ იმაზე, რომ გარი ნევილი შესაძლოა, კლუბში ასისტენტის რანგში დაბრუნდეს და მოუს სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდეს. რაიან გიგზს ეს სტატუსი აღარ აკმაყოფილებს და წასვლაზე რომ ფიქრობს, უკვე გითხარით. კლუბი მის შეკავებას სარეზერვო გუნდის მწვრთნელობის შეთავაზებით აპირებს.
ტრუუსი: სიმართლე ესაა...
ლუი ვან გაალის მეუღლე ტრუუსი ამბობს, რომ მანჩესტერში მისი ოჯახი თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ამ ქალბატონის თქმით, მათ შვილიშვილს სკოლაში მუდამ აქილიკებდნენ და ვან გაალის გადაწყვეტილებებზე ეხუმრებოდნენ. ხოლო კლუბის მმართველი ედ ვუდვორდი საერთოდ სამარცხვინოდ იქცეოდა. შეიძლება, დილის 4 საათზე დაერეკა და ლუისთვის ეთქვა - აბა, გამოიცანი რომელ პორტუგალიელზე ვფიქრობ ახლაო.
მოკლედ, როგორც ჩანს, ვან გაალზე ყოველმხრივ დიდი ზეწოლა იყო. ქალბატონმა ტრუუსმა კი ისიც აღნიშნა, მოხარული ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი დასრულდა და მანჩესტერიდან წამოვედით, ლუი მეტ პატივისცემას იმსახურებსო.
ვთქვათ ისიც, რომ ინგლისური ჟურნალ-გაზეთები საიმედო წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ ვან გაალს "მანჩესტერმა" კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტისთვის 5 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
მატას გასაჭირი
ხუან მატა საკუთარ მომავალზე ნერვიულობს და აქვს კიდეც სანერვიულო. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, "ჩელსიდან" იგი იმიტომ გაუშვეს, რომ ჟოზე მოურინიოსთან ვერ გამონახა საერთო ენა და კლუბმა ესპანელი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიჰყიდა. მოუ სადაცაა "წითელ ეშმაკებს" ჩაიბარებს და ძნელი სათქმელია, ამჯერად მაინც გაუგებენ თუ არა ერთმანეთს ის და მატა. ხუანს ბოლო დროს სანერვიულო ბევრი აქვს, ვისენტე დელ ვოსკემ ის ესპანეთის ნაკრებს მიღმა დატოვა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მისთვის კარგი ამბავი ნამდვილად ვერ არის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"