ჟოზე მოურინიო: დაივიწყეთ შავი დღეები!

AutoSharing Option
ლუი ვან გაალის უღიმღამო მმართველობა "მანჩესტერ იუნაიტედში" დასრულებულია. კლუბის ხელმძღვანელობამ ითმინა, ითმინა და ვეღარ მოითმინა - ჰოლანდიელს კარისაკენ მიუთითა.

ცხელ გულზე ვან გაალი პორტუგალიაში წავიდა, სადაც მეუღლესთან ერთად ისვენებს და ცდილობს, დაივიწყოს ინგლისური კოშმარი, რომელმაც მას დიდი იმედგაცრუება არგუნა.

"იუნაიტედმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვან გაალს 53 წლის ჟოზე მოურინიო შეცვლის -პორტუგალიელი სპეციალისტი, ვინც თავის დროზე სწორედ ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.

"იუნაიტედმა" პორტუგალიელ მწვრთნელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მოურინიო 45 მილიონ გირვანქაზე მეტს მიიღებს, რაც მართლაც რომ ფანტასტიკური თანხაა.

"მე
ასე ვიტყოდი: ჩვენ წინ არის დიდი კლუბის ისტორია, რომელიც მოიცავს უამრავ შესანიშნავ წელს და ბოლო სამ წელს. ეს სამი წელი სავსე იყო იმედგაცრუებებით და მეც და კლუბის გულშემატკივრებსაც გვირჩევნია, რომ რაც შეიძლება მელე დავივიწყოთ ეს სამი წელი.

ახლა მე მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და ეს სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ჩემს ხელთაა დიდი კლუბი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დიდებული გულშემატკივრებით. ისინი ჩემგან ახალ გამარჯვებებს და ტიტულებს ელიან.

რაც შეეხება ჩემს მოტივაციას, მე პირდაპირ გეტყვით: დიახ, ეს მოტივაცია არის უდიდესი და დიახ, მე მინდა, არაერთხელ გავიმარჯვო "მანჩესტერთან" ერთად. როდესაც შენ გრანდში მიდიხარ, შენგან ყოველთვის ამას ელიან და გუშინდელი ბავშვი არ ვარ, რომ არ ვიცოდე, რას ელის "იუნაიტედის" ფანობა ჩემგან", - თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა "მანჩესტერის" გულშემატკივრებსაც მიმართა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.

"მე ვიცი, როგორი გულშემატკივარი ჰყავს "მანჩესტერს". ალბათ, ისინი დამეთანხმებიან - ყოველთვის გამოვხატავდი მათ მიმართ პატივისცემას, მაშინაც კი, როცა "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ვიყავი. დღეს ჩვენ არნახულად გვჭირდება ერთიანობა. გუნდი და ქომაგი ერთიანი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას", - თქვა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიომ "პორტუსთან" და "ინტერთან" ერთად ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მომავალ სეზონში, ვან გაალის ტაქტიკური ექსპერიმენტების გადამკიდე, "იუნაიტედი" ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე ვერ ითამაშებს. პორტუგალიელი ამის გამო მაინცდამაინც არ წუხს.

"სულ მალე მოვა დრო და ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე კი ჩვენი რეალური ძალა ევროპალიგაზე უნდა ვაჩვენოთ. ვერ ვმალავ კმაყოფილებას - მე ხომ ევროპული ფეხბურთის გოლიათი ჩავიბარე".

მოურინიოს თქმით, ის და "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთმანეთისათვის არიან შექმნილნი. "მიმაჩნია, რომ დიდ გუნდს დიდი მწვრთნელი უხდება. ასეა ჩემი და "მანჩესტერის" შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სიამაყით სავსე ვარ და ასეთ კლუბში მისვლა ჩემთვის დიდზე დიდი პატივია.

ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, რომ დრო რაც შეიძლება სწრაფად გავიდეს. 7 ივლისს ვიწყებთ ახალი სეზონისათვის სამზადისს და მე უკვე მელანდება ეს დღე. დღე, როცა მინდორზე შევაბიჯებ და მუშაობას დავიწყებ. ეს იქნება შესანიშნავ გუნდთან ერთად ლტოლვა დიადი მიზნებისაკენ".

მოურინიომ გაიხსენა "ოლდ ტრაფორდზე" მისი სტუმრობები. "პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ აქ დიდი გუნდი თამაშობს და ამ გუნდის გაძღოლა ჩემთვის არის დიდი გამოწვევა. მე "ოლდ ტრაფორდზე" ბევრი მითამაშია. მომიგია, წამიგია, მაგრამ ერთი ყოველთვის ვიცოდი - ეს იყო არა მხოლოდ საფეხბურთო სტადიონი, არამედ, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ამფითეატრი. დიდებული გრძნობაა ამ სტადიონზე გამოსვლა მაშინ, როცა ის ხალხითაა გადაჭედილი. განსაკუთრებით კარგი გრძნობა იქნება, როცა ეს ხალხი ტაშს შენ დაგიკრავს", - თქვა პორტუგალიელმა.

მოურინიოს "განსაკუთრებული მწვრთნელი" უწოდა "მანჩესტერის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა.

"ის განსაკუთრებული მწვრთნელია და მან იცის, როგორ უნდა დაუბრუნოს გუნდს გამარჯვებულის სული. ჩვენ მისგან ტიტულებს ველით და მოურინიოს წარსულიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, რომ ეს მოლოდინი არ გაგვიცრუვდება".

უკვე ცნობილი გახდა მოურინიოს ასისტენტების ვინაობაც. ჟოზემ მრავალნაცად, ერთგულ კადრებზე გააკეთა ფსონი. მოურინიოსთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" იმუშავებენ რუი ფარია და სილვინო ლოურო.

ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში რაიან გიგზი - "მანჩესტერის" ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ჯერ დევიდ მოიესის, მერე კი ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. გიგზი ახლა დუბაიში ისვენებს. ის მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება, კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდება და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მოურინიოს გუნდში გიგზის დატოვებას ურჩევს.

"პირადი გამოცდილებით ვიცი - როცა უცხო გუნდში მიდიხარ, უმჯობესია, ერთ-ერთი ასისტენტი ამ გუნდის ნაწილი იყოს. ეს შენსა და გულშემატკივრებს შორის ნდობას მნიშვნელოვნად აღრმავებს", - თქვა ინტელიგენტმა იტალიელმა.

გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მოურინიო 200 მილიონ ევროზე მეტს დახარჯავს. მთავარი სატრანსფერო მიზნები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჯონ სტოუნზი, ნემანია მატიჩი, ჟოაო მარიო და სხვები.

ზლატანის აგენტმა მინო რაიოლამ თქვა, რომ შვედის მომავალი გუნდი "იუნაიტედი" არ იქნება, მაგრამ აგენტებს რას გაუგებ - შეიძლება ეშმაკი იტალიელი რაღაცას ხლართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაისად მანჩესტერს ახალი მწვრთნელი ეყოლება,,აი ნახავთ
simartle
22:34 30-05-2016
0
გააჩნია რა მიზნები აქვს მანჩესტერს. თუ კვლავ ფავორიტობა და ის სტატუსი უნდა რაც ფერგის დროს ქონდა მაშინ ფეხბურთელები აკლია კი არა, ყველა პოზიცია გასაძლიერებელია. რუნი-მარტიალი, დეპაი, ლინგარდით ლიგაზე წარმატებას როგორ უნდა მიაღწიო?! მაურინიო ისე არ მივიდოდა, ტრანსფერებისთვის საჭირო ფული რომ არ მიეღო და რადგან მაუ მივიდა, მაგარ ტრასნფერებსაც გაჩარხავს
ako-ს
15:57 30-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული