პეპ გვარდიოლა, ვინც თებერვალში დაინიშნა ინგლისური კლუბის მთავარ მწვრთნელად, ამ კვირაში ჩავიდა ინგლისში და იწყებს გუნდის მომზადებას როგორც ინგლისური პრემიერლიგის, ისე ევროპული ტიტულების მოსაგებად.
მანამდე კი "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილი მწვრთნელი "სიტის" ყველაზე ცნობილ ფანს შეხვდა. ვფიქრობთ, მათი საუბარი საინტერესო გამოვიდა.
- ელ სინიორ, მოგესალმებით. როგორც ჩანს, მოხვედით და თან ამინდი მოიტანეთ...
- აქ ამინდის გამო ჩამოვედი.
- ახალი ერა იწყება კლუბის ისტორიაში. რატომ აირჩიეთ "სიტი" და რის გაკეთებას აპირებთ ამ გუნდში?
- მე ავირჩიე "სიტი" იმის გამო, რომ მათ დიდი ხანია, ჩემი სამსახური სურდათ. თანაც, ჩიკი და ფერანიც აქ არიან. მათ დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ერთად ვთამაშობდით "ბარსელონაში".
ჩვენ გვინდა ტიტულები. უნდა ვითამაშოთ ისე, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენმა გულშემატკივარმა ჩვენით იამაყოს. იმ კონტინგენტს, რომელიც დღეს გუნდშია, ეს შეუძლია. ისინი შესანიშნავი ბიჭები არიან. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ ასე გარჯა შეუძლიათ.
- ყველა ფანი აღტაცებულია თქვენი აქ მოსვლით. ყველას უნდა, "სიტის" განსაკუთრებული თამაში ნახოს. როგორ მოემზადება გუნდი პრემიერლიგისათვის?
- რა თქმა უნდა, მე მაქვს იდეა, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა, მაგრამ ისიცაა, რომ სამწვრთნელო კარიერაში ბევრი რამ ვისწავლე. გერმანიაში მე ჩავედი გამოკვეთილი იდეით და მერე მივხვდი, რომ ის უნდა შემეცვალა.
- ინგლისში წამოსვლის წინ თუ ესაუბრეთ იმ მენეჯერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს მუშაობდნენ აქ? ისინი ინგლისში ჩამოსვლისთანავე შეპყრობილნი ხდებიან აქაური გარემოთი...
- ბევრმა მითხრა, რომ ეს მძიმე გამოწვევაა. ბევრს მიაჩნია, რომ პეპს არ უყვარს ადაპტაცია ახალ გარემოსთან და მათ თავიანთი სიტყვების განსამტკიცებლად გერმანიის მაგალითი მოჰყავთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. "რატომაც არა, უნდა სცადო" - ვუთხარი მე საკუთარ თავს, სანამ წინადადებას დავთანხმდებოდი.
მჯერა, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იქნებიან ჩართულები ამ პროცესში და ეს საქმეს ყველას გაგვიადვილებს. ასე იყო ყველა გუნდში, სადაც კი ვმუშაობდი.
- მზად ხართ პრემიერლიგის ინტენსივობისათვის? ეს ხომ ძალიან სასტიკი გრაფიკია, თამაშები ერთმანეთის მიყოლებითაა...
- ეს აბსოლუტური სიმართლეა. თუ გადავხედავთ პრემიერლიგის 5-6 წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ერთმანეთის მიყოლებით ტიტულების მოგება ძალიან ჭირს. ჩემპიონი ხშირად იცვლება. თანაც, ძნელია იპოვო გუნდი, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით იგებს 5-6 შეხვედრას.
ალბათ, გამონაკლისი იყო "ლესტერი", რომლის წლევანდელმა გამარჯვებამაც ყველა ძალიან ააღელვა. ჯერ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ასეთი რამე შევძლოთ. მე არასოდეს ვყოფილვარ აქ მწვრთნელი. იმედია, ყველაფერს ვისწავლი.
ჩვენთვის მთავარია, რომ სტაბილურად მოვიგოთ თამაშები. "ბარსელონასა" და "ბაიერნში" ამას ვაკეთებდით. ახლა ბევრს მიაჩნია, რომ ინგლისში ამის გაკეთება რთული იქნება. ჩვენ ეს უნდა ვცადოთ. იმედია, ყველაფერი გამოგვივა.
- ჩვენ ახლა "სიტის" საფეხბურთო აკადემიაში ვართ. ეს არის შესანიშნავი ადგილი. ჩვენმა ასაკობრივმა გუნდებმა სამ სხვადასხვა ასაკში მოიგეს ჩემპიონატი. რამდენად აქტიურად იქნებით ჩართული აკადემიის მუშაობაში?
- მე გავიზარდე "ბარსელონას" აკადემიაში, რომელიც, შესაძლოა, საუკეთესოა მსოფლიოში. როცა მე "ბარსაში" მწვრთნელად მივედი, უკვე ვიცოდი გამორჩეული მოთამაშეების შესახებ. მაგალითად, ბუსკეტსის, პედროსა და სხვების თაობაზე.
საჭიროა ნიჭი, ხარისხი და ნება იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა წარმატებას მიაღწიოს. მე კარგი მწვრთნელი ვარ, მაგრამ არ ვარ იმდენად კარგი, რომ დიდი ფეხბურთი ვათამაშო იმას, ვისაც ხარისხი არ აქვს.
- აკადემიას საკუთარი თვალით გააკონტროლებთ თუ ამ მისიას თქვენს სამწვრთნელო შტაბს მიანდობთ?
- ჯერ საკმარისად უნდა გავიცნო კონტინგენტი. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ყველა დიდი ტალანტი შემოგვიერთდება. მათ უნდა გვიჩვენონ, თუ რას წარმოადგენენ.
მე არ ვარ გენიოსი, მაგრამ მე ყველანაირად შევეცდები, დავიცვა ისინი და წინსვლის საშუალება მივცე. თავის მხრივ, ეს ფეხბურთელებიც მაქსიმალურად უნდა დამიდგნენ გვერდში, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
- დღეს 7 ტოპ-მწვრთნელია მსოფლიოში. მხოლოდ ორი არ მუშაობს პრემიერლიგაში - კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე. ალბათ, მოუთმენლად ელით იურგენ კლოპთან, კლაუდიო რანიერისთან, ანტონიო კონტესთან და სხვებთან ჭიდილს...
- რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცნობ თითოეულ მათგანს. რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ყველა ჩემს კოლეგას მე უდიდეს პატივს ვცემ.
- მანჩესტერი მსოფლიოს საფეხბურთო ცენტრი ხდება. ორი ახალი მწვრთნელი... როგორ აპირებთ პრესის სასტიკ წნეხთან გამკლავებას?
- როცა იგებს მწვრთნელი, ის ძალიან საყვარელი ვინმეა პრესკონფერენციაზე. როცა აგებ, ხალხი ილანძღება. მაშინ მწვრთნელი გაბრაზებულია და ცოტას ლაპარაკობს. მე ვცხოვრობდი ბარსელონაში და ისიც ვიცი, რა ხდება ამ კუთხით მადრიდში - აბსოლუტური სიგიჟეა. მე არასოდეს ჩამიტარებია პრესკონფერენცია ბრიტანული მედიისათვის და ველი ამ წუთს.
- თქვენ ყველგან რჩებით 3-4 წლის განმავლობაში. აპირებთ, რომ მყარი საფუძველი ააშენოთ?
- მე აქ სასწავლებლად ჩამოვედი. მინდა, რაღაც განსაკუთრებული ავაშენო. ასე რომ არ იყოს, "ბარსელონაში" დავრჩებოდი.
- მართალია, რომ სტიუარტ პირსი ცდილობდა თქვენ გადაბირებას "სიტიში"?
- მაშინ 33 თუ 34 წლის ვიყავი და ჩემი სათამაშო ფორმა ძველებურად კარგი აღარ იყო. ჩემი ოცნება იყო პრემიერლიგაში თამაში. მან ექვსთვიანი კონტრაქტი შემომთავაზა. ვიფიქრე და არ დავთანხმდი. მთავარი ის იყო, რომ ოჯახი უნდა გადამეყვანა ინგლისში. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მართებულად მოვიქეცი.
- გუნდი პირდაპირ ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში. ეს არ გაწუხებთ?
- მოდი, საკითხს ასე შევხედოთ - ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი".
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ "სიტიმ" სხვანაირად უნდა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე. როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?
- ჯერ "სიტის" ფეხბურთელებს კარგად არ ვიცნობ. მისალმება, ფინჯანი ყავა - ჯერ მხოლოდ ესაა. ჯერ მხოლოდ ვენსან კომპანის ველაპარაკე. მოკლე საუბარი გვქონდა.
- თქვენი სავარჯიშო და სათამაშო მეთოდები ძალიან ინტენსიურია. ამის მიუხედავად, "ბაიერნის" მოთამაშეები წუხდნენ, როცა თქვენ გუნდი დატოვეთ. როგორ ახერხებთ ბალანსის პოვნას?
- ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ფეხბურთელებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად იციან. ხალხმაც იცის, რომ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობ. ფეხბურთელები ხედავენ, რომ ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ მათი ტექნიკური თუ ტაქტიკური სრულყოფისათვის.
ასე იყო "ბაიერნშიც" და "ბარსელონაშიც". მართალია, "ბაიერნში" ჩვენ ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ამ გუნდში გატარებულ დროს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ.
- მოდი, შეაჯამეთ თქვენ მიერ "ბაიერნში" გატარებული დრო...
- ძალიან ამაღელვებელი, კარგი დრო იყო. ვიღაც მიიჩნევს, რომ რადგან ვერ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო ჩავარდა. მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში.
მოგეხსენებათ, "ბარსელონადან" მე ამერიკაში წავედი. იქ ჩემი ინგლისური უკეთესი გახდა და ორ თვეში მე კონტრაქტი გავაფორმე "ბაიერნთან". ეს დიდი კლუბია დიდი მენტალიტეტით. იქ სულ გამარჯვებებს ითხოვენ, თორემ მოგხსნიან. ეს წნეხია, მაგრამ ამავე დროს, დიდებულიცაა.
- როგორ გგონიათ, სამი წლის შემდეგ თქვენი ხელმძღვანელობით რა წარმატება ექნება "სიტის"?
- მედიისათვის ეს არის მოგებული ტიტულები, მაგრამ ყველაფერი ამით არ განისაზღვრება. ვთქვათ, ორ დღეში მოიგე ტიტული. ისმება კითხვა: რა უნდა იყოს შემდეგი? მე ვიქნები ბედნიერი, როცა "სიტი" ითამაშებს ისე, როგორც მე მინდა. ეს ასე იყო "ბარსელონასა" და "ბაიერნში".
ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიმუშაოთ. მე ლათინოსი ვარ და შეიძლება ვინმეს მოკვლით დავემუქრო, მაგრამ 5 წუთში მოვეფერო. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს. მე მინდა, ერთად გავიმარჯვოთ.
- სტადიონები ინგლისში მუდამ სავსეა. რას ელოდებით ფანებისგან?
- როცა მე აქ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე ჩამოვდიოდი "ბაიერნთან" და "ბარსელონასთან" ერთად, ვაწყდებოდი სრულიად განსაკუთრებულ ატმოსფეროს. მე მჯერა, რომ "სიტის" ფანები დამეხმარებიან მუშაობაში და მწამს, რომ ქომაგები ჩვენი ფეხბურთელებით იამაყებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"