დიდი მოლოდინის მიუხედავად, "ლომებისთვის" მორიგი დიდი საფეხბურთო ტურნირი ფიასკოთი დასრულდა, ნაკრები სენსაციურად დამარცხდა ისლანდიასთან. ამას როი ჰოჯსონის გადადგომა მოჰყვა და ახლა ყველანი ინტერესით ველოდებით, თუ ვინ აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და ვინ ჩაიბარებს ერთ-ერთ ურთულეს პოსტს მსოფლიოში.
ოფიციალურად ჯერ არაფერია ცნობილი და არაფერი დასტურდება, მაგრამ აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ
ცხადია, არიან სხვა კანდიდატებიც, მათ რა გამოლევთ, მაგრამ ფავორიტად "დიდი სემი" მიიჩნევა და ეს ამბავი თითქმის გადაწყვეტილიაო...
ვნახოთ და არც ის დაგვავიწყდეს, რომ ელარდაისი ნაკრების თავკაცობის კანდიდატი მაშინაც გახლდათ, როდესაც საბოლოოდ, სტივ მაკლარენი დაინიშნა, მერე ფაბიო კაპელო და მაშინაც, როდესაც როი ჰოჯსონი მოვიდა.
ელარდაისი პრემიერლიგაში თავისი "ბოლტონით" შემოიჭრა და ამ პატარა კლუბის საკმაოდ დიდი წარმატებებით ბევრი გააოცა. თუმცა ეს წლების წინ გახლდათ და ალბათ, "დიდი სემის" საუკეთესო წლებიც სწორედ "რიბოკზე" იყო, მან "ბოლტონი" ევროსარბიელზეც კი მოახვედრა.
მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ელარდაისის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი უფრო და უფრო ეცემა, ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ინგლისელი სპეციალისტია და პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, სერ ალექს ფერგიუსონის, არსენ ვენგერის, დევიდ მოიესისა და ჰარი რედნაპის მარაქაში ტრიალებს.
"ბოლტონში" ელარდაისის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 35,4 იყო. "ნიუკასლში" 33,3%, "ბლექბერნში" 34,21%, "ვესტ ჰემში" 30,7%, "სანდერლენდში" 30,0%. თუმცა ყველაფერი პროცენტებზე ხომ არ არის, მაგალითად, "სანდერლენდი" მან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა და "შავ კატებს" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
"ნიუკასლიდან" და "ვესტ ჰემიდან" იგი თავის დროზე ცოტა უსიამოვნოდ წავიდა, თუმცა "ჩაქუჩების" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ გოლდი (კონფლიქტი მას მეორე თანამფლობელთან, სალივანთან ჰქონდა) ელარდაისს რეკომენდაციას უწევს. ვინ იცის, "დიდი სემის" ცოტა ფიცხი, კონფლიქტური ხასიათი უკეთესიც კი იყოს ინგლისელ ვარსკვლავებთან ურთიერთობაში.
ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა მას ნაკლებად უჭირს ხოლმე.
"მას რეკომენდაციას სიამოვნებით გავუწევ. იგი შემართულია, ამბიციურია და დიდი ხანია საქმეშია, ძალიან გამოცდილია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ის ინგლისელია" - თქვა გოლდმა.
ინგლისის ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი კრის სატონი: "ჩემი აზრით, ელარდაისი კარგი ვარიანტია. მან საკუთარ შესაძლებლობებში არაერთხელ დაგვარწმუნა. სიტუაციისა და ხარვეზების გამოსწორებაც კარგად ეხერხება. თუ ჩვენ ევრო 2016-ის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ელარდაისი მშვენიერი კანდიდატურაა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მან მოახერხა "სანდერლენდის" გადარჩენა. ეს დაუჯერებელი მიღწევა იყო. იგი დეტალურად სწავლობს მეტოქის სუსტ წერტილებს და თავისი გუნდის ძლიერი მხარეების გამოყენებით ცდილობს შედეგის მიღწევას".
61 წლის "დიდი სემი" ამჟამად ავსტრიაშია "სანდერლენდის" შეკრებაზე.
აი, იურგენ კლინსმანი კი კალიფორნიაშია და უკვე წლებია, ამერიკის ნაკრებს უდგას სათავეში. ახლა კი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი შესაძლოა, ინგლისს დაუბრუნდეს და ნაკრები ჩაიბაროს. ყოველ შემთხვევაში, ვარიანტებს შორის 51 წლის "კლინსიც" ფიგურირებს. თანაც, აშშ-ში მან თითქოს, ამოწურა საკუთარი თავი.
გაიჟღერა "ბორნმუთის" ახალგაზრდა თავკაც ედი ჰაუს სახელმაც, საუბრობენ "ჰალის" სტივ ბრიუსზეც. ხოლო გარეთ საუთგეიტმა საკუთარი თავი გამორიცხა, ისევ 21-წლამდელთა ნაკრებში მირჩევნია ყოფნა ამ ეტაპზეო. "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერიც ერთ-ერთი კანდიდატია.
საბოლოო გადაწყვეტილებას სამკაციანი ჯგუფი მიიღებს - ასოციაციის ტექნიკური დირექტორი დენ ანსუორთი, აღმასრულებელი დირექტორი მარინ გლენი და ვიცე-თავმჯდომარე დევიდ გილი. მათ კონსულტაციები უკვე გაიარეს გარი ლინეკერთან, რიო ფერდინანთან და ფრენკ ლამპარდთანაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"