დანიშნეთ სემ ელარდაისი ან არ დანიშნოთ, ოღონდ მალე

AutoSharing Option
"სანდერლენდის" უფროსობა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მოუწოდებს, დროულად გაერკვეს სიტუაციაში და გადაწყვეტილება მიიღოს სემ ელარდაისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა-არდანიშვნის თაობაზე.

"შავი კატების" ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ეს გაუგებრობა და აჟიოტაჟი ძალიან ცუდად მოქმედებს კლუბზე, რომელსაც დიდი გეგმები აქვს და ბოლო წლებისგან განსხვავებით, პრემიერლიგაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.

ელარდაისი "სანდერლენდთან" ავსტრიაში შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ სამშობლოში კვირის დასაწყისში დაბრუნდა. ოფიციალურ მიზეზად სატრანსფერო საქმეები დასახელდა, მაგრამ ცხადია, ამით არავინ მოტყუვდებოდა და, მით უმეტეს, ბრიტანული პრესა.

ინგლისურმა ჟურნალ-გაზეთებმა ფოტოებიც გამოფინეს, სადაც ჩანს "დიდი სემის" სტუმრობა
ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარის, დევიდ გილის სახლში.

ცხადია, ვეღარაფერი დაიმალებოდა და მითქმა-მოთქმა ოფიციალურ დასტურში გადაიზარდა.

ასოციაციამ თავი შეიკავა კომენტარისგან, სამაგიეროდ, "სანდერლენდმა" დაადასტურა, რომ ასოციაციას სემ ელარდაისთან მოლაპარაკების დაწყების უფლება დართო, მას შემდეგ, რაც შესაბამისი მიმართვა მიიღო.

იქვე, "შავი კატების" მმართველები იმასაც დასძენენ, რომ ელარდაისი კლუბის გეგმებში შედის და მისი დარჩენა ძალიან უნდათ. თუმცა, აბა, ვინ მოახერხებს, ადამიანს თავისი ქვეყნის ნაკრების სათავეში ჩადგომა დაუშალოს.

"სემ ელარდაისი ინგლისის ნაკრების პოტენციური მწრვთნელობის კანდიდატთა შორისაა. იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე გაირკვევა. ძალიან დაძაბული და რთული სეზონის შემდეგ ვითარების დასტაბილურება გვსურს, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ჩვენი სურვილია, ელარდაისი კლუბის მთავარ მწვრთნელად დარჩეს. ეს მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გუნდზე არცთუ კარგად მოქმედებს. დასანანია, რომ ყველაფერი გასაჯაროვდა. იმედს ვიტოვებთ, სიტუაცია უახლოეს მომავალში გაირკვევა" - ნათქვამია "სამდერლენდის" განცხადებაში.

დევისი: ელარდაისი კარგი არჩევანია
პარალელურად, გრძელდება შეფასებები ელარდაისის ნაკრებში შესაძლო მისვლის თაობაზე. ამჯერად, თავისი სიტყვა "ბოლტონის" ყოფილმა ლიდერმა კევინ დევისმა თქვა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა "დიდ სემთან" ერთად და მას ძალიან კარგად იცნობს.

"ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ახლა ცვლილებები სჭირდება და ვფიქრობ, ელარდაისი საკმაოდ კარგი ვარიანტია. ის ბრწყინვალე მოტივატორია, საუკეთესო, ვისთან ერთადაც მიმუშავია. იცის, თუ როგორ მიიღოს ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. სემს კიდევ ბევრი კარგი თვისება აქვს.

გარშემო სულ კარგ სპეციალისტებს შემოიკრებს ხოლმე, რაც მთლიანად შტაბის, გუნდის კარგ მუშაობას განაპირობებს. გარდა ამისა, მგონია, რომ ის მოახერხებს ისეთივე ატმოსფეროს შექმნას, როგორიც უელსში, ისლანდიაში… იყო. ეს ნაკრები ერთიანობით, შემართებით გავიდნენ ფონს, ინგლისს კი ეს აკლდა.

ის, ფაქტობრივად, ყოველთვის აუტსაიდერებს ედგა სათავეში და გამომდინარე იქიდან, რომ ამიერიდან ინგლისი, ალბათ, ფავორიტთა შორის აღარ იქნება ხოლმე, ელარდაისი ახლა ინგლისისთვის მართლაც კარგი ვარიანტია" - თქვა დევისმა.

რატომ უარი?
როგორც უკვე გაცნობეთ, "დიდი სემი" ამ პოსტზე ადრეც განიხილებოდა. პირველად ჯერ კიდევ 2006 წელს, როდესაც სვენ-გორან ერიკსონი წავიდა, მაგრამ ნაკრები სტივ მაკლარენს ჩააბარეს, რომლის მუშაობაც ფიასკოთი დასრულდა. მერე იყო კაპელოს წასვლა და ჰოჯსონის… მისვლა:

"მაშინ ნაკრები ჩემთვის უნდა ჩაებარებინათ და არ ვიცი, ეს რატომ არ მოხდა. ეს რაღაც უცნაური პოლიტიკის ბრალია, მე ასე ვფიქრობ. შესაძლოა, ჩემი ხედვა-მიდგომები ყველას არ მოსწონდა. არადა, ეს ზუსტი დრო და მომენტი იყო, რომ ნაკრები ჩამებარებინა, მაგრამ ფეხბურთის ასოციაცია სხვაგვარად ფიქრობდა. უცხოელ მწვრთნელებს ისედაც ჩვენზე წინ აყენებენ ხოლმე, რაც არ მომწონს და რასაც არ ვეთანხმები.

ხოლო სტივის ჩავარდნამ ბრიტანელი სპეციალისტების პრესტიჟს დიდი დარტყმა მიაყენა და ერთი-ორი საფეხურით უკან დაგვხია" - ამბობდა ელარდაისი 2009 წელს.

ევრო 2016-ის დაწყებამდე კი "დიდმა სემმა" ცხელ გულზე ეს განცხადება გააკეთა: "ეს ყველაფერი უკვე წარსულია, ჩემთვის ასეა. როის ევროპის ჩემპიონატის მერე, ალბათ, წასვლა მოუწევს და დაინტერესდებიან თუ არა ჩემით? ისინი ამბობენ, რომ ინგლისელ მწვრთნელს ეძებენ, მაგრამ… ახლა ყურადღებას უფრო იმას აქცევენ, ვინ უფრო მიმზიდველი და "გაპიარებულია" და არა იმას, რამდენად კარგად შეგიძლია საქმის კეთება".

სახალისო ანკეტა
ბრიტანულ პრესაში კი სახალისო კითხვარი ვრცელდება, რომლის შევსებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოგზავნეთ თქვენი CV, ეგებ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაგნიშნონო. სამუშაო გამოცდილებისა და სხვა სტანდარტული კითხვების გარდა, შემდეგ შეკითხვებს ვხვდებით:

* რომელ პოზიციაზე ათამაშებთ უეინ რუნის?
* საერთოდ ათამაშებთ თუ არა უეინ რუნის?
* უმკლავდება ჯო ჰარტი ტვირთს თუ მოვიდა დრო, შანსი კონკურენტებმა მიიღონ?
* თქვენი მიდგომაა - "ჩვენ შეგვიძლია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება" თუ "2022 წლის მუნდიალისთვის უნდა მოვემზადოთ და ავაშენოთ გუნდი"?
* რაჰიმ სტერლინგზე… რას იტყვით?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული