კასპერ შმეიხელი ისევ იმ "ლესტერს" გვპირდება

AutoSharing Option
გასულ სეზონში "ლესტერმა" ნამდვილი სენსაცია მოახდინა და პრემიერლიგის მოულოდნელი ტრიუმფატორი გახდა. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ ამაზე თავდაპირველად ბუკმეკერებს 5000 კოეფიციენტი ჰქონდათ.

"მელიების" გარშემო ახლაც დიდი აჟიოტაჟია და ყველა ელოდება, თუ როგორ ჩაატარებს ტრიუმფატორი კლუბი მომავალ სეზონს. ინტერესს ის ცვლილებებიც ზრდის, რომელიც გუნდში უკვე მოხდა და კიდევ მოხდება.

ამ თემაზე პრესას ლესტერშირელთა მეკარე კასპერ შმეიხელი ესაუბრა. 29 წლის დანიელს პირადადაც დიდებული სეზონი ჰქონდა და ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მისი გუნდი თამაშს ძველებური შემართებით გააგრძელებს და კიდევ ბევრ სურპრიზს შემოგვთავაზებს. არც
ის უნდა დავივიწყოთ, რომ "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგაზეც ვნახავთ.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის შემართება, გამარჯვების წყურვილი და შიმშილი ისევ 100%-ით ძალაშია. ჩვენ იგივენაირი მიდგომით ვითამაშებთ და მინდორზე ბოლომდე დავიხარჯებით" - განაცხადა შმეიხელმა.

"ლესტერი" უკვე დატოვა ნ’გოლო კანტემ, რომელიც კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს. ბევრი მსურველი ჰყავს რიად მაჰრეზსაც და ჯეიმი ვარდის წასვლა-არწასვლის საკითხიც არ გარკვეულა. არიან და იქნებიან მომსვლელებიც.

"მელიებისთვის" სეზონი 7 აგვისტოს იწყება, როდესაც ისინი სუპერთასის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან. კლაუდიო რანიერისა და ჟოზე მოურინიოს პირადი დუელი ამ მატჩს დამატებით ინტრიგას სძენს. 6 დღის მერე კი, პრემიერლიგის პირველ ტურში კლუბი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ჰალს" ესტუმრება.

ჩვენ კი "სიტის", "ნოტსისა" და "ლიდსის" ექსმეკარეს, შმეიხელს დავუბრუნდეთ, რომელიც ამბობს, რომ ახალი სეზონის წინ არანაირი კონკრეტული მიზანი გუნდში დასახული არ არის.

თუმცა ცოტა ხნის წინათ რანიერიმ კვლავაც ყველა გაამხიარულა, როდესაც განაცხადა, რომ "მელიების" მიზანი ისევ 40 ქულის მოგროვება იქნება, რაც გუნდს ინგლისის ჩემპიონატში დარჩენას გაუნაღდებს და სხვაზე უკვე მერე ვიფიქრებთო.

"ჩვენ არასოდეს გვითქვამს, რომ კონკრეტულად "ეს" ან "ის" არის ჩვენი მიზანი. მინდორზე გავდივართ, ბოლომდე ვიხარჯებით და ბევრს ვშრომობთ. მატჩიდან-მატჩამდე ვემზადებით. ამას ვთხოვთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვენდობით. თუ ვინმე რომელიმე მომენტში თავის საქმეს შესაბამისად ვერ აკეთებს, რაც იშვიათად ხდება, ამის გამო უმალვე იღებს შენიშვნას.

გუნდში არის ერთობა და ძალიან კარგი ატმოსფერო. ყოველთვის ვიცით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ვარჯიშებზეც და თამაშების დროსაც ყველა 100%-ს გაიღებს" - დაამატა შმეიხელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული