16 "უცნობი" პრემიერლიგაში: ყასაბი, მოკრივე, ადვოკატი და სხვები [II ნაწილი]

AutoSharing Option
გთავაზობთ ინგლისური პრემიერლიგის 16 ყველაზე საინტერესო დებიუტანტს.

16 "უცნობი" პრემიერლიგაში: ვესტ ჰემის "მაჰრეზი", არსენალის "ჩაბი ალონსო" და სხვები

ჰენრიხ მხითარიანი
საიდან - სად: "დორტმუნდიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედში"
ასაკი: 27
ფასი: 26,0 მლნ გირვ. (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კარიერა: საკუთარ სამშობლოში "პიუნიკის" მაისურით დაიწყო თამაში, რასაც დონეცკის "მეტალურგი" და ამავე ქალაქის უფრო ძლიერი გუნდი "შახტარი" მოჰყვა. სამი წლის წინათ "დორტმუნდში" გადაინაცვლა. წინა სეზონში მან ბორუსიელთა ბანაკში 52 მატჩი ჩაატარა და 49 გოლში მიიღო მონაწილეობა. "შახტარში" ყოფნისას იგი რაღაც პერიოდი გუნდის ბაზაზე
ცხოვრობდა და დამატებით, ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ ადვოკატობა სურს.

რა ყაიდის მოთამაშეა: თითქმის მთელი კარიერის განმვლობაში შემტევი ნახევარმცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უფრო სიღრმიდანაც შეუძლია თამაში. ძალიან ტექნიკური და მოქნილია. მხითარიანი ჩინებული მეპასე და ფინიშერი გახლავთ, რაზეც მისი წინა წლის სტატისტიკაც მშვენივრად მეტყველებს.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: ჰენრიხს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავად იქცეს. მეორე მხრივ, ბოლო პლეიმეიქერი, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" "დორტმუნდისგან" შეიძინეს, შინჯი კაგავაა. იაპონელმა "ოლდ ტრაფორდზე" ვერ გაამართლა.

რა უთქვამთ მასზე: "იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მხითარიანი ტექნიკისა და სისწრაფის დაუჯერებელი სინთეზით გამოირჩევა, მსგავსს ძალიან იშვიათად თუ ნახავთ. ამიტომაც არიან მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები სომხეთიდან, ისინი მოაზროვნეები არიან, ფიქრი უყვართ, ისევე, როგორც ჰენრიხს. ამავდროულად, ისინი შრომისმოყვარენი არიან და სიტუაციის მიხედვით გარდაქმნა კარგად ეხერხებათ" - განაცხადა იურგენ კლოპმა 2015 წელს.

მარტენ დე რონი
საიდან - სად: "ატალანტადან" - "მიდლსბროში"
ასაკი: 25
ფასი: 12 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: ნახევარმცველი

კარიერა: წლების განმავლობაში ბურთს სამშობლოში, ჰოლანდიაში აგორებდა. თამაშობდა როტერდამის "სპარტასა" და "ჰერენვენში". "ატალანტაში" წინა ზაფხულს, არაოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 1 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა და ახლა 12-ჯერ ძვირად გაიყიდა. მან ბერგამოელთა მაისურით მშვენიერი სეზონი ჩაატარა და მაისში ახალი კონტრაქტიც გააფორმა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ანტონიო პერკასიმ განაცხადა, რომ დე რონის გაყიდვაზე მისი ფასის გამო, უბრალოდ, ვერ თქვა უარი, რადგან ამ თანხით გუნდი ერთი წელი მაინც ფინანსურად მშვიდად იქნებაო.

რა ყაიდის მოთამაშეა: ჩამშლელი შუახაზელია, ხისტი და უყვარს ვარდნები. მან წინა სეზონში 9 ყვითელი ბარათი მიიღო. ვარდნებში სერია A-ს ფეხბურთელებს შორის ლიდერად მოგვევლინა, ართმევებში კი მეორე ადგილზე გავიდა. გოლებს მისგან ნაკლებად უნდა დაელოდოთ.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: დისციპლინირებული, დაგეშილი, მშრომელი და მებრძოლი საყრდენი პრემიერლიგაში დაბრუნებულ "მიდლსბროს" ნამდვილად ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ ჩვენ ვიცით სერია A-დან მისული არაერთი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის ჩემპიონატისთვის ალღოს აღება არ გამოუვიდა. ამიტომ დავიცადოთ და ვნახოთ, რა იქნება ამ შემთხვევაში.

საკუთარი სიტყვები: "მინდორზე რაღაც იცვლება, რაღაც ირთვება და სხვა ადამიანი ვხდები. მსიამოვნებს ხისტი ორთაბრძოლები, უხეშობის ზღვარზე თამაში და ვინმეს ყურში რამის ჩაჩურჩულება, ყვირილი... თუ ის რამეს არასწორად გააკეთებს ან მომენტს ვერ გამოიყენებს" - აი ასეთ ტრანსფორმაციას განიცდის დე რონი მინდორზე ფეხის შებიჯებისას, ისე კი მშვიდი და წყნარი ვარო, ირწმუნება.

ალექსანდრ ზინჩენკო
საიდან - სად: "უფადან" - "მანჩესტერ სიტიში"
ასაკი: 19
ფასი: 1,7 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

კარიერა: იგი დონეცკის "შახტარმა" აღზარდა, სანამ რუსულ "უფაში" გადავიდოდა. ამ კლუბის ბანაკში 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა. იგი საჩქაროდ დაამატეს უკრაინის ნაკრებში, რადგან გავრცელებული ცნობებით, მას რუსეთის მოქალაქეობას სთავაზობდნენ. ევრო 2016-ზე ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რა ყაიდის მოთამაშეა: ზინჩენკო ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ნახევარდაცვაში რამდენიმე ამპლუის შეთავსება შეუძლია და ამავდროულად, მარცხენა ფლანგის მცველადაც ჩაუტარებია მატჩები. უკრაინელი ჯეიმს მილნერი?

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: ეს ალბათ უფრო მომავლის პერსპექტივაა, რადგან ნაკლებად თუ ელის ვინმე, რომ ზინჩენკო ახლავე მოხვდება "სიტის" ძირითად გუნდში. თანაც უკვე აქტიურად საუბრობენ მის პსვ-ში შესაძლო განათხოვრებაზე.

რა უთქვამთ მასზე: "ზინჩენკო ნიჭიერია, მაგრამ ყველაფერს რეალურად უნდა შეხედოს. ჯერ მას სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილების დაგროვება სჭირდება. ახლა "მანჩესტერ სიტიში" მხოლოდ ფლეისთეიშენში თუ ითამაშებს" - აი, ასეთი საინტერესო კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინათ უკრაინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეი ვორონინმა.

მიში ბატშუაი
საიდან - სად: "მარსელიდან" - "ჩელსიში"
ასაკი: 22
ფასი: 33 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: თავდამსხმელი

კარიერა: 2007 წელს რთული ხასიათის გამო იგი ბრიუსელის "ანდერლეხტმა" გაუშვა - ამ ძნელად აღსაზრდელ ბავშვთან ურთიერთობა არ შეგვიძლიაო. ორწელიწადნახევრის განმავლობაში ის ლიეჟის "სტანდარდის" ძირითადის ფეხბურთელი იყო და 2014 წელს "მარსელში" ჩაირიცხა. 17 გოლით ლიგა 1-ის მეოთხე ბომბარდირი გახდა, წინა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ მერე მოუკლო და ცოტა აურია კიდეც, ვერ აიტანა, რომ ბურთის განაწილება სტივენ ფლეტჩერისთვის უწევდა, რითაც ბაზილ ბოლი გააბრაზა. ცნობილია, რომ უყვარს "სპანჯბობი" და სხვა მულტსერიალები. ზოგჯერ მათ დასაძინებლად წასვლამდე უყურებს.

რა ყაიდის მოთამაშეა: კლასიკური ფორვარდი, ფიზიკურად ძლიერი და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი არ ეთქმის, კარგია საჰაერო ორთაბრძოლებისას. მისი მინუსი ეგოიზმია, თუ ბურთი აქვს, თანაგუნდელებისთვის გადაწოდება არ უყვარს.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: ის თვისებები, რომლებიც თავდამსხმელს პრემიერლიგაში წარმატებული თამაშისთვის სჭირდება, ბატშუაის ნამდვილად აქვს. იგი უდავოდ მეტ შანსს მიიღებს, ვიდრე "ჩელსიში" მისმა თანამემამულემ და თანანაკრებელმა რომელუ ლუკაკუმ მიიღო. თუ მიში იმის ნახევარს მაინც გააკეთებს, რაც "ლურჯებისთვის" თავის დროზე ასევე "მარსელიდან" გადმოსულმა დიდიე დროგბამ გააკეთა, იგი კლუბის ფანების კუმირად იქცევა.

რა უთქვამთ მასზე: "მინდორზე იგი ბრწყინვალედ გადაადგილდება და ის, რომ ახლა აქ არის, იმ შრომის და კარგი თამაშის დამსახურებაა, რომელსაც ბოლო წლებში გვიჩვენებდა" - განაცხადა ბელგიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მარკ ვილმოტსმა ევრო 2016-ის მიმდინარეობისას.

ნამპალის მენდი
საიდან - სად: "ნიცადან" - "ლესტერში"
ასაკი: 24
ფასი: 13 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: ნახევარმცველი

კარიერა: 2012/13 წლების სეზონში "მონაკოს" ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა, მერე კი "ნიცაში" გადავიდა, რითაც მონეგასკების მაშინდელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გაანაწყენა. ნიცელთა რიგებში გატარებული 3 წლის მერე მენდი ისევ იტალიელ სპეციალისტთან ერთად იმუშავებს. თუმცა "მელიები" მისგან შეტევაში დახმარებას არ უნდა დაელოდნონ, 201 მატჩში მხოლოდ 1 ბურთი აქვს გატანილი. იგი წარმოშობით სენეგალელია და 1 მატჩი აქვს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებული. თუ რომელ ნაკრებში აპირებს თამაშს, ჯერ არ გადაუწყვეტია.

რა ყაიდის მოთამაშეა: ის ფაქტი, რომ კლოდ მაკელელეს ადარებენ, უკვე მრავლისმეტყველია. თუმცა, ორთაბრძოლებისა და ვარდნების სიყვარულის მიუხედავად, კარიერაში მხოლოდ ორჯერ "დაიმსახურა" გაძევება.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: გამომდინარე იქიდან, რომ მენდი სკაუტების იმ გუნდმა მოიწონა, რომელმაც ნ’გოლო კანტე აღმოაჩინა, პრემიერლიგაში მის შთამბეჭდავ თამაშს უნდა ველოდოთ.

რა უთქვამთ მასზე: "ვერ გავიგე და გამანაწყენა მისმა გადაწყვეტილებამ. როგორც კი დავინახე, ვთქვი, რომ ჩვენი კლოდ მაკელელეა-მეთქი. მე მას ვენდობოდი და ვათამაშებდი" - ამბობდა მენდის "ნიცაში" გადასვლით გულდაწყვეტილი რანიერი 2013 წელს.

ისააკ საქსესი
საიდან - სად: "გრანადადან" - "უოტფორდში"
ასაკი: 20
ფასი: 12,5 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: თავდამსხმელი

კარიერა: პროფესიონალურ დონეზე ყველა მატჩი "გრანადაში" აქვს ჩატარებული. მან ლა ლიგაში ამ კლუბის მაისურა 49-ჯერ მოირგო და მიუხედავად იმისა, რომ საქსესი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, უკვე წარმატებულია. ისააკს ძალიან შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა. პოცოების ოჯახთან დაკავშირებული "უდინეზე"-"გრანადა"-"უოტფორდის" სიყვარულის ისტორია ალბათ კარგად მოგეხსენებათ და როგორც ჩანს, ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ახლა მისი დახმარება ინგლისურ გუნდს უფრო სჭირდება.

გავრცელებული ცნობით, ტრანსფერი 12,5 მილიონი ფუნტი დაჯდა და მართალია, ნიგერიის ნაკრებში ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მაგრამ იგი უკვე გახდა ნიგერიის მე-4 ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე თვით ჯეი-ჯეი ოკოჩას, ჯონ ობი მიკელისა და ობაფემი მარტინსის შემდეგ.

რა ყაიდის მოთამაშეა: ძირითადად, ფრთის მოიერიშედ უწევდა თამაში და იგი ფლანგზე თავს მშვენივრად გრძნობს, კარგად ამწვავებს, მაგრამ ფორვარდობაც შეუძლია. წინა სეზონში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შემოგვთავაზა. ეს ყველაფერი ლა ლიგის აუტსაიდერის რიგებში.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: არ ჩანს მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა გაამართლოს საქსესმა, მაგრამ თუ "უოტფორდი" ტროი დინისა და ოდიონ იგალოს წყვილს შეინარჩუნებს, ისააკს ალბათ უფრო სიღრმიდან ან შეცვლებზე მოუწევს თამაში, თუ კლუბის ახალი მწვრთნელი ვალტერ მაძარი მინდორზე სამი თავდამსხმელით გასვლას არ გადაწყვეტს.

რა უთქვამთ მასზე: "საქსესი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მძლავრი, ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ტექნიკური. მას ყველაფერი აქვს, რომ ინგლისის ჩემპიონატს მოერგოს. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გააგრძელოს" - თქვა თებერვალში "უოტფორდის" ყოფილმა თავკაცმა კიკე სანჩეს ფლორესმა.

სტივ მანდანდა
საიდან - სად: "მარსელიდან" - "კრისტალ პალასში"
ასაკი: 31
ფასი: 1,5 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: მეკარე

კარიერა: მანდანდასთვის ყველაფერი "ლე ავრში" დაიწყო, 2007 წელს კი "მარსელში" აღმოჩნდა და 2010 წელს ამ კლუბის კაპიტანი გახდა. იმავე წელს, "ველოდრომის" ბინადრებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო. იგი ოთხჯერ დაასახელეს ლიგა 1-ის სეზონის მეკარედ, მათ შორის, ბოლო ორი სეზონის მერე ზედიზედ. მანდანდა წლებია უმაღლეს დონეზე სტაბილურად თამაშობს, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების პირველ ნომრად ვერაფრით იქცა. ევრო 2016 მისი მეოთხე დიდი სანაკრებო ტურნირი გახლდათ, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში ის სათადარიგოთა სკამზე იჯდა ხოლმე და თამაში არ უწევდა. დაბადებულია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და თავდაპირველად მოკრივე გახლდათ.

რა ყაიდის მოთამაშეა: ძალიან კარგი, საიმედო გოლკიპერია, რომელიც გამოსვლებზეც თავდაჯერებულად თამაშობს და აქვს ლიდერის თვისებები. ლიგა 1-ის ბოლო 3 სეზონში 3 პენალტი მოიგერია.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: თუ იგი "არწივების" პირველ ნომრად მოიაზრება და ძირითადში უეინ ჰენესის ნაცვლად დადგება, სტივი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ლიგა 1-ში მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს გამოტოვებული. იგი კარიერის პიკში შედის.

რა უთქვამთ მასზე: "ის დიდებული მეკარეა, ძალიან გამოცდილი. საფრანგეთის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი სწორედ მანდანდა უნდა იყოს და არ აუგო ლორისი" - თქვა "კრისტალ პალასის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა კიტ მილენმა.

ნოლიტო
საიდან - სად: "სელტადან" - "მანჩესტერ სიტიში"
ასაკი: 29
ფასი: 13,8
პოზიცია: თავდამსხმელი

კარიერა: "ბარსელონას" მეორე გუნდს იგი 22 წლის ასაკში შეუერთდა, იქამდე ქვედა ლიგებში თამაშობდა. "ბარსას" ძირითად გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და მერე სათამაშოდ "ბენფიკაში", "გრანადასა" და "სელტაში" წავიდა. ვიგოელთა რიგებში წინა სეზონი ძალიან კარგი ჰქონდა, ნოლიტო ბოლო 3 სეზონის განმავლობაში ლა ლიგაში მეორე ყველაზე შედეგიანი ესპანელი ფორვარდი იყო. იანვარში კატალონიელებს მისი დაბრუნება სურდათ, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა. ვისენტე დელ ბოსკემ იგი ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა, "სიტიმ" კი შეიძინა. სათამაშო კარიერის დაწყებამდე, ბავშვობაში ნოლიტო ყასბად მუშაობდა და ჯამაგირის სახით კვირაში 30 ევროს იღებდა.

რა ყაიდის მოთამაშეა: თამაშობს მარცხენა ფლანგიდან. აქვს კარგი ტექნიკა და დარტყმა, რაც ხელს უწყობს სივრცის გამოყენებაში. უყვარს ცენტრისკენ შემოწევა და თავისი ძლიერი მარჯვენათი ბურთის გაშვება. გასულ სეზონში იგი ესპანეთის ჩემპიონატში 12 გოლით გამოირჩა (პლუს 7 საგოლე პასი).

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: გვარდიოლა მას "ბარსადან" კარგად იცნობს და რადგან დაიმატა, ესე იგი, მიაჩნია, რომ ნოლიტოს პრემიერლიგაში კარგად თამაში შეუძლია. მან ევროპის ჩემპიონატზეც არ დატოვა ცუდი შთაბეჭდილება, მაგრამ "ქალაქელთა" რიგებში ძირითადის უცვლელი მოთამაშე რომ იყოს, ნაკლებსავარაუდოა. "სიტი" ვარსკვლავებითაა გადატვირთული და ნოლიტო ალბათ, როტაციის "მსხვერპლი" იქნება.

რა უთქვამთ მასზე: "იგი იმიტომ მოხვდა განაცხადში, რომ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ფლანგზე თამაშის ოსტატია, ასეთი კი ბევრი არ არის. ამავდროულად, იგი კარგად ეხმარება ფლანგის მცველს და ამ პოზიციაზე ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი გახლდათ" - განუცხადა "მარკას" ვისენტე დელ ბოსკემ ევრო 2016-ის წინ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული