"სანდერლენდმა" ახალი მთავარი მწვრთნელი უკვე იპოვა

AutoSharing Option
"სანდერლენდის" უფროსობამ კლუბის გულშემატკივრები დიდხანს აღარ ალოდინა და ანერვიულა - "შავი კატების" ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი იქნება, რომელმაც მემკვიდრეობა ინგლისის ნაკრებში წასული სემ ელარდაისისგან გადაიბირა და "ლაითის" ბინადრებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოიესი, რომლის კარიერაც ინგლისის პირველი ჩემპიონის, "პრესტონის" რიგებში დაიწყო, "ევერტონს" 11 წელი ედგა სათავეში და ამ პერიოდში სამჯერ დასახელდა წლის მწვრთნელად.

შემდეგ ლეგენდარულმა შოტლანდიელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ურჩია, რომ მის ნაცვლად სწორედ მოიესი დაენიშნათ.

დევიდმა "წითელ ეშმაკებთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ 10 თვეში მოხსნეს. ამას "რეალ
სოსიედადი" მოჰყვა, სადაც მან წარმატებით ასევე ვერ იმუშავა და ერთ წელიწადში ბასკური კლუბი დატოვა. მოიესს ცოტა ხნის წინათ, გავარდნილი "ასტონ ვილაც" ეპატიჟებოდა, მაგრამ მან ბირმინგემული გუნდის ჩაბარება არ ისურვა.

"მე დიდი ბრიტანული გუნდის მწვრთნელი გავხდი, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. მიხარია, რომ ისევ პრემიერლიგაში ვიმუშავებ. ვეცდები, სემის კარგად დაწყებული საქმე კარგადვე გავაგრძელო" - უთხრა მოიესმა ჟურნალისტებს.

"დევიდ მოიესი არის ადამიანი, ვისზედაც მისი სამწვრთნელო კარიერა მშვენივრად მეტყველებს. მასთან რამდენჯერმე მქონდა ნალაპარაკები და ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.

ელარდაისის წასვლის მერე იგი ჩვენი პირველი არჩევანი გახლდათ" - აღნიშნა "შავი კატების" თავმჯდომარე ელის შორტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული