ჟორჟინიო ვეინალდუმი - იურგენ კლოპის მეშვიდე ნადავლი

AutoSharing Option
"ლივერპული" ჟორჟინიო ვეინალდუმით გაძლიერდა. მერსისაიდელები "ნიუკასლს" ჰოლანდიელის ნაცვლოდ 25 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.

თავად "კაჭკაჭებში" კი ჟორჟინიო 2015 წლის ზაფხულში პსვ-დან 14,5 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ მივიდა. ვეინალდუმმა წინა სეზონში "სენტ ჯეიმს პარკის" მკვიდრთა რიგებში 38-ივე პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა და 11 გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს "ნიუკასლს" ვერ დაეხმარა და გუნდი მაინც გავარდა. ცხადი გახლდათ, რომ 25 წლის ფეხბურთელი ჩემპიონშიპში არ დარჩებოდა.

ვეინალდუმმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და თავის ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ "ენფილდზე" მისვლა ყველას
ერჩივნა. "ლივერპულმა" 23 მილიონი ახლავე გადაიხადა, 2 მილიონს კი მოგვიანებით დაამატებს შეთანხმების სხვადასხვა პუნქტის მიხედვით და თანახმად.

ვეინალდუმამდე ცოტა ხნით ადრე "ლივერპულმა" ვეტერანი მეკარე ალექს მანინგერი დაიმატა, რომელიც უქმად იყო და "კლოპომ" დიდი გამოცდილების მქონე გოლკიპერზე უარი არ თქვა, რითაც თავი დაიზღვია და მეკარეების მხრივ პრობლემა მას, წესით, აღარ უნდა შეექმნას.

ჟორჟინიო, რომლის კარიერაც "ფეიენოორდში" დაიწყო და თავის დროზე, ეინდჰოვენელთა რიგებში იგი სწორედ როტერდამელთა ბანაკიდან გადაბარგდა, ახალ კლუბს ამერიკის ტურნეში შეუერთდება.

"ლივერპული" 27 ივლისს ამხანაგურად გაეჯიბრება "ჩელსის". ამას 30-ში "მილანთან" და 1-ელ აგვისტოს "რომასთან" პაექრობები მოჰყვება. ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს კლოპის ამალა 14 აგვისტოს სტუმრად "არსენალთან" ჩაატარებს.

ვეინალდუმი იურგენ კლოპის მე-7 საზაფხულო დანამატი გახდა.

ფეხბურთელი პოზიცია საიდან თანხა
ლორის კარიუსი მეკარე "მაინცი" 4,7 მლნ. გირ.
ჟოელ მატიპი მცველი "შალკე" უფასოდ
მარკო გრუიიჩი ნახევარმც. "ცრვენა ზვეზდა" 5,1
სადიო მანე თავდამსხმელი "საუთჰემპტონი" 34,0
რაგნარ კლავანი მცველი "აუგსბურგი" 4,2
ალექს მანინგერი მეკარე თავისუფ. აგენტი უფასოდ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული