ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, შეაგულიანოს ფეხბურთელი, რომელსაც წინა სეზონი პრობლემური გამოუვიდა და ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. იგი 23 თებერვალს "ბარსელონასთან" პაექრობისას დაშავდა და მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა. ბუნებრივია, ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსიც დაკარგა. ამ ნიადაგზე ოქსლეიდ-ჩემბერლენი წასვლაზე, კლუბის გამოცვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ ვენგერს ის გასაშვებად არ ემეტება.
ამერიკის ტურნეში მყოფმა "მეთოფეებმა" გვადალახარას "ჩივასი" დაამარცხეს (3:1) და ერთ-ერთი გოლი სწორედ ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანა.
მოკლედ, ალექსს მუხლი აღარ აწუხებს და ახალი სეზონისთვის მზადაა, მაგრამ ვენგერს სურს, რომ ფიზიკურ მდგომარეობასთან ერთად, იგი მენტალურადაც მოძლიერდეს და თავდაჯერებული იყოს.
"ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი იქნება, რადგან ძალიან დიდი დრო გაუცდა და ახლა კარგად უნდა დაბრუნდეს. მას აქვს სისწრაფე, ტექნიკა, ძალა… მინდა, რომ იმ სიმაღლეზე ავიდეს, რომელზე ასვლაც შეუძლია. შესაძლოა, ჯერ ბოლომდე თავად არ სჯერა იმის, რაც შეუძლია და ეს ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი" - განაცხადა ვენგერმა.
მომავალ კვირას "არსენალი" შვედეთში "მანჩესტერ სიტის" გაეჯიბრება ამხანაგურად. აქედან ერთ კვირაში კი "ლივერპულთან" დუელით "მეთოფეებისთვის" ახალი სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"