ამის შანსი ნული იყო - გარი ლინეკერმა სიტყვა შეასრულა, ადგა და გაიხადა

AutoSharing Option
გარი ლინეკერი სიტყვის კაცია, ჰოდა, ადგა და გაიხადა. თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ ლეგენდარულმა ინგლისელმა პირობა დადო - თუ "ლესტერი" ჩემპიონი გახდება,  მომავალი სეზონის პირველ გადაცემას მხოლოდ ტრუსებით წავიყვანო.

ასეც მოხდა. აბა, ამ სიტყვებს ვინ დაივიწყებდა და ვინ შეარჩენდა ლინეკერს რამეს? 55 წლის გარიმაც დანაპირები აასრულა და გადაცემა "დღის მატჩში" "ლესტერის" ტრუსების ამარა მოგვევლინა. სხვათა შორის, ლინეკერი ისეთ ფიზიკურ ფორმაში ყოფილა, ბევრ მოქმედ ფეხბურთელს შეშურდებოდა, მაგალითად - 90 მილიონ ევროდ გაყიდულ გონსალო იგუაინს, რომელსაც ღიპი ადევს და ჭარბი წონის გამო
ქილიკის ობიექტიც გახდა. მსგავსი პრობლემა "მანჩესტერ სიტის" რამდენიმე ვარსკვლავსაც აქვს და ასე შემდეგ...

ხუმრობები თავად ლინეკერზეც დაიწყო. მისი ფოტოები სხვადასხვაგვარად დაამონტაჟეს... მოკლედ, ყველა გამხიარულდა. დიდად შეწუხებული არც თავად გარი ჩანდა, რომელმაც ეს პირობა მე-16 ტურის მატჩის მერე დადო, როცა "ტვიტერზე" დაწერა ზემოთ ხსენებული სიტყვები. მაშინ "ლესტერმა" იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონ "ჩელსის" მოუგო და 2-ქულიანი უპირატესობით გალიდერდა.

ლინეკერი, რომელიც თავის დროზე კლაუდიო რანიერის ირონიულად უყურებდა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ "მელიები" მართლაც გაჩემპიონდებოდნენ, ხოლო მას მილიონობით მაყურებლის თვალწინ გაშიშვლება მოუწევდა. თავად იხუმრა კიდეც - კიდევ კარგი, ის არ დავწერე, რომ სულ გავშიშვლდებოდიო...

"ეს ნამდვილი სპორტული სასწაულია, რომელმაც მე ტრუსების ამარა დამტოვა. როცა დეკემბერში ეს სისულელე ვთქვი, კატეგორიულად გამოვრიცხავდი, რომ "ლესტერი" ჩემპიონი გახდებოდა. ჩემთვის ამის შანსი ნული იყო! ნული! თუმცა ეს მოხდა, ეს მაგიურია, ეს დიდებულია", - თქვა ლინეკერმა.

თავად მას გადაცემის პირველი ნაწილი, რომელშიც საუბარი სეზონის პირველ მატჩზე ("ჰალი"-"ლესტერი") იყო, ისე მიჰყავდა, ვითომც არაფერი. აი, კიდევ ორი ექსპერტი - ალან შირერი და იან რაიტი, გაბადრულები იყვნენ და ღიმილს ვერ იკავებდნენ. მას მერე, რაც საუბარი მეორე მატჩზე დაიწყო, ლინეკერმა თქვა: "კმარა ეს ნონსენსი, წავედი, უნდა ჩავიცვა".

"მანჩესტერ სიტისა" და "სანდერლენდის" მატჩზე სასაუბროდ ის უკვე ჩაცმული დაბრუნდა...

ინტერნეტსივრცეში ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფანების ჟრიამულს საზღვარი არ ჰქონდა. სხვათა შორის, "ლესტერის" ოფიციალურად გაჩემპიონების მერე ფანების ნაწილი სპეციალური ბანერებით ჩნდებოდა - ჰე, გარი, დროა გაიხადოო!..

გაიხადა და ჩაიცვა კიდეც, მერე სხვა თემებზეც მოასწრო კომენტარების გაკეთება, მაგალითად - პოლ პოგბას ტრანსფერზე, რომელიც უძვირფასესად იქცა მსოფლიოში.

"პრემიერლიგაში კლუბებს კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვთ, თუ სხვა ჩემპიონატებს შევადარებთ. აქ, ფაქტობრივად, ყველა სტაბილურად არის ფინანსური კუთხით და "მანჩესტერსაც" ჰქონდა საშუალება, საკუთარი თავისთვის ამხელა თანხის გადახდის უფლება მიეცა. ჩემს დროს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები სათამაშოდ იტალიაში მიდიოდნენ, დღეს ან "ბარსელონაში" მიდიან, ან - მადრიდის "რეალში". თუმცა მალე შეიძლება მოვიდეს დრო და ისინი პრემიერლიგაში გადმობარგდნენ, რადგან ჩვენ საუკეთესო მწვრთნელები შევკრიბეთ.

ამას რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერიც დაემატა... თავად პოგბაზე კი ვერ ვიტყვი, რომ პლატინი, ზიდანი ან ზიკოა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაცაა. თუმცა თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებისა და ნახევარმცველების თამაშის გათვალისწინებით, პოგბა, რასაკვირველია, ძალიან დიდი ტალანტია", - დასძინა ლინეკერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული