კარგად დავიწყებული ძველი
ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი რამ, რაც ახლად გვეჩვენება, კარგად დავიწყებული ძველია. "მანჩესტერის" შესრულებით განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო "ჰალთან" საგარეო შეხვედრა. "იუნაიტედმა" მაშინ გაიტანა, როცა "ჰალს" თამაში დასრულებული ეგონა. "ვეფხვები" დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ქულა მოიპოვეს. არადა, ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა. "იუნაიტედმა" მოიგო და დროის მანქანით რამდენიმე
რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაშინ სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს ინგლისში, "ფერგის დრო". ეს იმას ნიშნავდა, რომ დამატებით წუთებში "იუნაიტედი" ყველაზე ხშირად ტეხავდა წელში მოწინააღმდეგეს.
ბოლო წლებში აღარც ფერგი იყო და აღარც "ფერგის დრო". ახლა კი ისე ჩანს, რომ ჟოზე მოურინიოს მისვლით "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებათა ახალ ხანას ეყრება საფუძველი. პორტუგალიელი უკვე ალაპარაკდა პირველ ტიტულზე. მას ინგლისის ჩემპიონობა სურს და ამას არც მალავს. რატომაც არა? "იუნაიტედს" საამისოდ ყველანაირი რესურსი აქვს.
მთავარია, "ოლდ ტრაფორდზე" ძველი, წარმატებული სული დაბრუნდეს. მთავარია, გუნდმა ისე ითამაშოს, როგორც სეზონის დაწყების შემდეგ თამაშობს. მთავარია, ისე შეინარჩუნოს რწმენა, როგორც ეს "ჰალთან" შეხვედრაში მოხდა.
მხოლოდ ერთ ფრონტზე...
"მანჩესტერის" მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ტრანსფერებზე ბევრს არ დავწერთ. ისედაც ყველამ კარგად იცის ზლატანის, პოგბას, მხითარიანისა თუ სხვათა შესახებ. დავწერთ სხვა რამეზე: ბოლო წლებში პირველად "იუნაიტედს" ჰყავს ორი თანაბარძალოვანი შემადგენლობა.გასაგებია, დღეს სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები სხედან, რომ მათ თამაში და სულ ძირითადში ყოფნა უნდათ. კლუბს კი ურჩევნია, თუნდაც დროებით სათადარიგოს გადაუხადოს დიდი ფული. მოვა დრო და, პრემიერლიგის ჯოჯოხეთური რიტმი ვიღაცას გამოფიტავს, ვიღაცას დაამტვრევს. ჟოზე ამ დროს დანაკლისს არც შეიტყობს.
ამ დროს ბევრს გაუჭირდება. თითქმის ათი წელია, ასე იშლება "არსენალი" და ასე საპნის ბუშტივით სკდება მათი ოცნებები ინგლისის ჩემპიონატის მოგების თაობაზე. ჟოზეს სკამზე კი მართლა მაგარი ბიჭები არიან.
"მანჩესტერის" ამბიციებს ისიც ზრდის, რომ ერთ-ერთი მთავარი კონკურენტისგან, თანაქალაქელ "სიტისგან" განსხვავებით, გუნდი მხოლოდ ერთ ფრონტზე, პრემიერლიგაში იბრძვის. "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე არ არის და ეს უკვე დიდი ტრაგედიაა. ამას წერტილი უნდა დაესვას და დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება.
არამხოლოდ ზლატანით
ბოლო წლების განმავლობაში პირველად ხდება ისე, რომ "იუნაიტედი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებს. ფეხბურთელთა განუწყვეტელი მოძრაობა, "მაღალი პრესინგი" მოწინააღმდეგეს საქმეს ურთულებს.თუ "ჰალთან" მატჩს დავაკვირდებით, გავიხსენებთ, რომ ზლატანს თამაში საერთოდ არ გამოუვიდა. არადა, "იუნაიტედი" მაინც ძალიან კარგი იყო. იმთავითვე მოისპო აზრი, რომლის მიხედვითაც, იბრას ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ ეს გუნდი შეიძლება "ერთი შვედის გუნდი" გამხდარიყო.
ჯერ ასეა და მერე რა იქნება, კაცმა არ იცის: მოუს ხელმძღვანელობით ყველა მაგრად ინდომებს. მაგალითად, ალბათ, კარგა ხანია, მატას ამდენი არ ურბენია და ამდენი კარგი პასი არ გაუკეთებია. ის უკვე გახდა ერთხელ მოურინიოს რეპრესიების მსხვერპლი "ჩელსიში" და აღარ უნდა, რომ კიდევ ასე მოხდეს.
ბოლო წლებში ბევრჯერ ცდებოდი და მაინც "იუნაიტედის" ძირითადში ჩნდებოდი. ამიერიდან ასე აღარ იქნება. მოურინიო ჭკვიანი კაცია. მან ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა გუნდში, რომ ვერ მოდუნდები და თუ მოდუნდი, მგლები აუცილებლად შეგჭამენ.
თანაც, მოურინიომ გამორიცხა ერთპოლუსიანი გუნდის არსებობა, რისი საშიშროებაც შეიქმნა გუნდში ზლატანის მისვლის შემდეგ. მან იყიდა პოლ პოგბა. "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებულ პოგბას ლიდერობის მარადიული ამბიცია ექნება.
მთლად თავდასხმაში არა, მაგრამ წინაა აწეული უეინ რუნი და ეს უკვე კარგია. რუნი აქ უკეთესია, ვიდრე ჩამშლელ საყრდენ ნახევარმცველად. და პოლ პოგბა. გაუვალი პოლი. შემტევი პოლი. გამტანი პოლი...
გამარჯვებისკენ სწრაფვა
შესაძლოა, ერთი შეხედვით არცთუ ისე მნიშვნელოვანი მატჩი "ჰალთან" "იუნაიტედისათვის" საპროგრამოც კი აღმოჩნდეს. ყველამ ვნახეთ, როგორი გაშმაგებით უტევდა ინგლისური გრანდი მოწინააღმდეგის კარს თამაშის ბოლო წუთებში.გამარჯვებისკენ სწრაფვა - ეს არის ის, რაც "მანჩესტერს" აკლდა ბოლო წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, ეს თან მოჰყვა ჟოზე მოურინიოს, ჩვენ ვნახეთ "ფერგის დრო". იქნებ "ჟოზეს დროც" ვნახოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"