ლუკას პერესი
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 27 წლის ფეხბურთელი პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე გახდებოდა. პერესის კარიერაში სანთლით საძებარი სულაც არ არის რთული პერიოდები. იყო დრო, ლუკასი ლვოვის "კარპატიში" თამაშობდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ამხელა სიმაღლეებს შეწვდებოდა.
პერესის საფეხბურთო თვალსაზრისით მეორედ დაბადება მოხდა
როლი
ეჭვგარეშეა, პერესი "არსენალში" სერიოზულ სათამაშო დროს მიიღებს. ჯერ ერთი, "არსენალს" ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ჰყავს ოლივიე ჟირუს სახით. ჟირუ ხშირად ტრავმიანობს. მეორეც, ზოგადად, "არსენალის" ფეხბურთელები ძალიან ხშირად გამოდიან მწყობრიდან.
მთლად ლიდერის ვერა, მაგრამ პერესს "არსენალში" მნიშვნელოვანი ფეხბურთელის როლი აუცილებლად უნდა დაეკისროს. ამისთვის მას საგოლე ალღო და კლასი ნამდვილად ეყოფა. ყოველ შემთხვევაში, ვენგერი მაგრად დაიხარჯა - 17 მილიონი პატარა თანხა არ არის.
შკოდრან მუსტაფი
გერმანიის ნაკრების მცველი დაიღალა "ვალენსიაში" მუდმივი გაურკვევლობით და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. "არსენალმა" კი ამით ისარგებლა. ვინ იცის, ეს ტრანსფერი ერთ-ერთი საუკეთესოც კი აღმოჩნდეს პრემიერლიგაში.
ვენგერი ფეხბურთელში 35 მილიონს ტყუილად არ გადაიხდის. მუსტაფი უმაღლესი დონის მცველია. ეგაა, ის ოდნავ, სულ ოდნავ ნელია და აუცილებლად მოუწევს ამ ნაკლის გამოსწორება, თუ სურს, რომ ბოლომდე შეეგუოს პრემიერლიგას.
როლი
"არსენალის" დაცვის ლიდერი, მთავარი კაცი უნდა გახდეს. საამისოდ მას ყველა მონაცემი აქვს. ბოლო უნდა მოუღოს "მეთოფეთა" დაცვის რიგებში არსებულ უწესრიგობას.
მუსტაფის სჭირდებოდა გრანდი თავისი სათამაშო კლასის სრულად გამოსავლენად და მან ეს გრანდი მიიღო. უნივერსალია და ეს კიდევ ერთი პლუსია ამ ფეხბურთელისა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"