სკანდალი ინგლისურ ფეხბურთში: თქვი, რომ არაფერი დაგინახავს!..

AutoSharing Option
სერხიო აგუეროს 3-მატჩიან დისკვალიფიკაციას დიდი ამბები მოჰყვა. "მანჩესტერ სიტიმ" გაასაჩივრა ვერდიქტი იმ მოტივით, რომ კლუბს არ სჯერა არბიტრ ანდრე მარინერის მტკიცებისა, თითქოს, ხელის ჩარტყმის ეპიზოდი ვერ დაინახა. არადა, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მარინერი, წესით, კარგად უნდა ხედავდეს აგუეროსა და უინსტონ რეიდის შეტაკებას.

არგენტინელის დისკვალიფიკაციამ სოციალური ქსელიც მოიცვა. "ტვიტერზე" პოსტი დაწერა ყოფილმა არბიტრმა მარკ ჰელსიმაც, რომლის სკანდალურმა განცხადებამ აგუეროს თემა სხვა მიმართულებით წაიყვანა.

აი, რა ამბობს ჰელსი: "მეც ვყოფილვარ ანალოგიურ სიტუაციაში, როცა რაღაც დარღვევა დამინახავს, მაგრამ ჩემთვის უთქვამთ, რომ განმეცხადებინა, თითქოს არაფერი
შემიმჩნევია".

იქვე, ჰელსი აზუსტებს: "მინდა სამართლიანი ვიყო და ვთქვა, რომ ეს მითითება არ ყოფილა საფეხბურთო ასოციაციისგან, ეს მოდიოდა PGMOL-ისგან (ინგლისის ელიტურ არბიტრთა 18-კაციანი ჯგუფი, რომელიც საკამათო ეპიზოდების განხილვაში მონაწილეობს - რედ.)".

შემდეგ პოლემიკაში ერთვება "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა გარი ნევილი, რომელიც მოუწოდებს ჰელსის, დაასახელოს ის პირები, ვინც აფერისტობისკენ უბიძგებდნენ, თუმცა ჰელსიმ, ჯერჯერობით, დაკონკრეტება არ ისურვა.

ამას მოჰყვა PGMOL-ის განმარტება - აქაოდა, არბიტრები პატაკს, მათ შორის, საკამათო ეპიზოდების მითითებით, ჩვენ კი არა, საფეხბურთო ასოციაციას უგზავნიანო.

ნევილი კი სწორედ საფეხბურთო ასოციაციისგან ითხოვს სათანადო რეაგირებასა და გამოძიების დაწყებას. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება ჰელსის სკანდალურ განცხადებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული